სომხეთი, კორონავირუსი: უმიზეზოდ სახლიდან გასვლა არ შეიძლება, მეტი შეზღუდვა ბიზნესისთვის
სომხეთში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის შემდეგ უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.
აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლა აღარ შეიძლება. გასვლისას მაცხოვრებლებს თან პასპორტი ან ID–ბარათი უნდა ჰქონდეთ.
გარდა ამისა, მარტის ბოლომდე იზღუდება „ეკონომიკური საქმიანობა“, გამოცხადებულია აკრძალული და დაშვებული სფეროების სია.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმუშავებს პროდუქტების მაღაზიები, აფთიაქები და ბანკები. დაშვებულია ტელესაკომუნიკაცია კომპანიების საქმიანობა, მათზეა დამოკიდებული ყველა იმ ორგანიზაციის მუშაობა, რომლებიც ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, და სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დისტანციური სწავლება.
• რა არის აკრძალული სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პერიოდში
• კორონავირუსის ეპიდემია კავკასიაში: ფაქტები და ციფრები რეგიონში
გადაადგილების შეზღუდვა
24 მარტს სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსით დაინფიცირების 14 ახალი შემთხვევა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი – 249 ადამიანს შეადგენს.
ამის შესახებ სომხეთის მოქალაქეებს 24 მარტს საღამოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მათდამი მიმართვისას აცნობა.
პირდაპირი ეთერის დროს ნიკოლ ფაშინიანმა ასევე უპრეცედენტო შეზღუდვების შესახებ განაცხადა: ადამიანები სახლებიდან გასვლას პირადობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე ვერ შეძლებენ, და მათ უნდა განმარტონ, თუ რა მიზნით იმყოფებიან ქუჩაში.
კომენდატურა მკაცრად დააკვირდება ქუჩებში მიმოსვლას, მაცხოვრებლებს საგანგებო ანკეტების შევსება მოუწევთ. ეს ანკეტები მათ ქუჩაში ნებისმიერი გასვლის დროს თან უნდა იქონიონ.
თუკი ამობეჭდილი ანკეტის შესავსებად პრინტერი ხელთ არ ექნებათ, მათ ანკეტის მთელი შინაარსის ხელით დაწერას სთავაზობენ.
კერძოდ, უნდა დაიწეროს იმ სახლის მისამართი, საიდანაც მაცხოვრებელი გამოდის, გასვლის მიზეზი, და იმ ადგილის სახელწოდება და მისამართი, სადაც ის მიდის.
ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს მოუწოდებენ სახლიდან არ გავიდნენ და პროდუქტებისა და წამლების შინ მიტანის მომსახურებით ისარგებლონ. სახლიდან გასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, სთავაზობენ მარტო, თანმხლების გარეშე წასვლას, თუკი ეს ხნიერი ადამიანი არ არის, რომელსაც ხელის მოკიდება ესაჭიროება.
მანამდე კომენდანტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროდუქტების ყველა მაღაზია 10-დან 12 საათამდე მხოლოდ 65 წელიწადზე უფროს ადამიანებს მოემსახურება.
ქვეყნის ყველა მაცხოვრებელი მობილურ ტელეფონზე ტექსტურ შეტყობინებას იღებს გაფრთხილებით – რომ ამ საათებში საყიდლები არ დაგეგმონ. ეს იმას უკავშირდება, რომ ხანდაზმული ადამიანები კორონავირუსს უფრო მძიმედ იტანენ.
თავის მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა ადამიანებს სთხოვა, რომ ორ ადამიანზე მეტი ნუ შეჯგუფდება და ურთიერთობის დროს დისტანცია დაიცვან.
რას ეხება აკრძალვა
ვირუსის უფრო მეტი გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთავრობამ ზოგიერთი სფეროს საქმიანობაც აკრძალა. ჯერჯერობით მათი მუშაობის შეზღუდვა მარტის ბოლომდეა გამოცხადებული.
აკრძალული საქმიანობების სახეობათა ჩამონათვალი:
● ბარები და ანალოგიური დაწესებულებები;
● კინოთეატრები, მათ შორის ისეთი, რომელიც სეანსებს ღია ცის ქვეშ ატარებს;
● სათამაშო ცენტრები, სპორტული, გასართობი და დასვენების ღონისძიებები;
● სავაჭრო ობიექტები – საკვები პროდუქტებით მოვაჭრე ობიექტების, აფთიაქებისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ბაზრობების გარდა;
რა იმუშავებს
● შეზღუდვები არ ვრცელდება საკვების მიტანაზე, ასევე ორგანიზაციებში არსებულ ბუფეტებსა და სასადილოებზე;
● არ არის აკრძალული ბანკების, და თვითმომსახურების ავტომატების მუშაობა;
● არ იკრძალება ტელესაკომუნიკაციო კომპანიების საქმიანობა. მათი მუშაობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზაციების დიდი ნაწილი მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები კი – დისტანციურ სწავლებაზე;
● გაგრძელდება საკვები პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის წარმოება, იმუშავებს სასტუმროები, სამთომოპოვებითი მრეწველობა და იარაღის წარმოება;
● ელექტროენერგიით, გაზით, წყლით, მომარაგების სამსახურები თანამშრომლების არასრული შემადგენლობით იმუშავებენ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, ავარიები თავიდან აიცილონ. არ არის აკრძალული დასაფლავების ორგანიზების სამსახურები.