თბილისი, ბოლნისი, ბარსელონა, ვაშინგტონი, ქობულეთი - როგორ შეცვალა კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უყვებიან JAMnews-ს როგორ ცხოვრობენ პანდემიის პირობებში.
მარიკო წიქორიძე, ბოლნისი, ჟურნალისტი
ბოლო დღეების განმავლობაში ყოველი დღე პულტით ხელში იწყება.
აბა დღეს რამდენი ინფიცირებულია საქართველოში, ვინ ვისი კლასტერია.
22 მარტს ბოლო პოსტი ისევ კორონავირუსზე გავაზიარე და იტალიაზე დარდით დავხურე ლეპტოპი.
ღამის 11 იქნებოდა პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის რომ დაიწყო.
მეგონა საგანგებო მდგომარეობას ამკაცრებდნენ და გამიხარდა, ვიფიქრე, ჩემს მეზობლებს, გუშინ მწვადებს რომ წვავდნენ ვაზის გასხვლისას ვენახებში, ეს მაინც აიძულებდა ,,სახლში დარჩენას“.
ზუსტად ერთ წუთში ბოლნისი და მარნეული წითელ ზონად გამოცხადდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საგიჟეთი მთელს მსოფლიოში ხდება, მაინც განსაკუთრებული შოკია, როდესაც შენს პატარა ქალაქს, რომელიც თითქოს სხვებზე უსაფრთხო გგონია (სად ბოლნისი და სად კორონაო, აქ ხუმრობდნენ კიდეც), უცებ აცხადებენ ქვეყნის საკარანტინო ზონად, რომელიც ეპიდემიური აფეთქების საფრთხის წინაშე დგას.
რამდენიმე წუთში დაიწყო აფორიაქებული ადამიანების ზარები, წერილები, პოსტები.
ეზოში რომ გამოვედი, ვხედავდი ჩემი მეზობლები ფეხზე მდგარი, როგორ უსმენდნენ გაშეშებულები ერთსა და იმავე ინფორმაციას რიგრიგობით ყველა არხზე.
ომის დრო გამახსენდა, ტელევიზორებს რომ ვიყავით მიჯაჭვული.
არჩევდნენ, რა მოხდა – მარნეულელმა ქალმა დააინფიცირა ბოლნისში, სოფელ ნახიდურში მცხოვრები ქალი თუ პირიქით.
მერე ვიღაცამ თქვა, ორივენი ერთად წლისთავზე ყოფილანო, მერე მაგას სტ ნოვრუზ ბაირამი მოჰყვა, ბაირამს მეზობლებში მიკითხვ-მოკითხვაო და ყველანი ავად გავხდებითო.
იმავე ღამეს დაიწყო ავტომობილებით გადაადგილება – იმავე ღამეს ჩამოდგა რიგი ყველა ღია მარკეტთან.
უკვე ორი საათისთვის ქალაქის საცხობებიდან გაქრა პური, მარკეტებიდან მაკარონი და შაქარი, 10-15 შეკვრა მიჰქონდათ.
არცერთ აფთიაქში არ არის პირბადე, ხელთათმანი და სადეზინფექციო სითხე.
სახლში ვსხედვართ და ტელევიზორს მივჩერებივართ.
ჯერ კიდევ წინა დღით საქმე ასე სერიოზულად არ გვეგონა.
მეზობლები ყავის დასალევად დავდიოდით ერთმანეთთან. სუსანა დეიდა აღდგომისთვის ტოლმის რეცეპტს გვაწერინებდა.
რაც ბოლნისი ჩაიკეტა, ყავის ერთად დალევაზეც უარი ვთქვით. დღეს აღარც გამოჩენილა არავინ. ალბათ ასე გაგრძელდება აღდგომის შემდეგაც.
ყველაზე მეტად 87 წლის ბებიაზე ვდარდობ. როცა მარნეულელებზე საყვედური გამოვთქვი, რა დროს წლისთავის აღნიშვნა იყო-თქო, ბებომ ისინი დაიცვა:
,,არ ეცოდინებოდათ რა ხდება მსოფლიოში, ბებო. ვერ ყურობენ ტელევიზორს მაგენი“, – ამბობს პირბადე ახვეული ბებო.
საღამოს ბოლნისის თიქთმის დაცარიელებულ ქუჩებში პიკაპი გამოჩნდა, სადაც მღვდლები ისხდნენ და ქალაქს აკურთხებდნენ.
ყველაზე რთული ამ სიტუაციაში მაინც იმის გააზრებაა, რომ ყველაფერი ახლა იწყება და კაცმა არ იცის, რამდენ ხანს გასტანს.
ჯემალ ხუციშვილი, 79 წლის, ტაქსის მძღოლი, თბილისი
კორონავირუსის არ მეშინია და არც ხალხს არ უნდა ეშინოდეს, რადგან შეშინებული კაცი არასწორ ნაბიჯებს დგამს. ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ.
გარშემო საშინელი პანიკაა.
განსაკუთრებით ჩემი თანატოლები შეშინდნენ. ჩემი თაობა ისედაც ინტერესდაკარგულები არიან უკვე, მაგრამ სანათესაოში და სამეზობლოში ადამიანურად აღარ ესალმებიან ერთმანეთს. ხელსაც კი ვერ ჩამოართმევ ადამიანს.
მე კიდევ ხელები დამისკდა იმდენჯერ ვიბან. მანქანას შიგნიდან ვწმენდ და შინ რომ ვბრუნდები 100 გრამ ორნახად არაყს ვსვამ. ეგ კიდევ კორონას კი არა მეც მომიღებს მალე ბოლოს.
ჩემს ქალიშვილთან ვცხოვრობ, რომელიც მარკეტში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიტყვა კანონია და სახლშიც პანიკაში არ ვართ, სახლში მაინც ქვეყნის საკვები გვაქვს, რადგან დისტრიბუტორებმა უთხრეს ჩემს ქალიშვილს, რომ პროდუქტის დეფიციტისთვის მოემზადეო.
კიდევ მაშინ შევშინდი, როცა ერთი კვირის წინ პენსიის ასაღებად ვიყავი და კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ასეთი არაფერი მინახავს! იმხელა რიგებია ხოლმე.
რაც შეეხება ჩემს საქმეს. ჯერჯერობით დავდივარ, ვმუშაობ.
ხალხმა შესამჩნევად მოიკლო და ალბათ მეც გავჩერდები მალე.
ქუჩები დაცარიელებულია. მე გამოძახებებზე არ ვმუშაობ, გამვლელებზე ვარ ორიენტირებული და კორონას გამო ნაწილობრივ უმუშევარიც კი მქვია. ჩემი სარკიდან მგზავრების შეშინებულ თვალებს ვხედავ სულ და აღარ არსებობს ამ ვირუსის გარდა სხვა თემა.
იმედი მაქვს, რომ ქვეყანა არ აირევა და შიმშილი და ქაოსი არ დაიწყება.
ნანა საჯაია, ვაშინგტონი, ჟურნალისტი
ყველაზე გაბედულ სიზმარშიც ვერ დავუშვებდი, რომ ამერიკის მაღალრეიტინგული ტელევიზიის, Fox News-ის პროდიუსერის რანგში, ოთხ ჟურნალისტს რომიდან, ნიუ-იორკიდან, სიეტლიდან და პენტაგონიდან პირდაპირ ეთერში ჩავრთავდი და ამ დროს ჩემი სახლის სამზარეულოდან ვიმუშავებდი.
ფოქსი მთლიანად დისტანციურ ოპერირებაზე არ გადასულა.
ტელევიზიაში მორიგეობით მხოლოდ ის ხალხი მიდის, ვინც გადაცემების ეთერში გასაყვანად სრულიად აუცილებელია.
გუშინ მეც ბიუროდან ვიმუშავე, შეთხელებულ ნიუსრუმში “სოციალური დისტანციის” ნორმებს ვიცავდით და ერთმანეთისგან მოშორებით ვისხედით, სარედაქციო თათბირიც ონლაინ გაიმართა, მასში მონაწილეების ნაწილი ერთ ნიუსრუმში ვისხედით, ზოგიერთები კი სახლიდან ჩაგვერთნენ.
წამყვანი გადაცემას ფლორიდის სტუდიიდან გაუძღვა, პროდიუსერები ვაშინგტონის ბიუროდან ვმუშაობდით და ჟურნალისტები მთელი ქვეყნიდან გვერთვებოდნენ.
როგორც 90-იანებგამოვლილ ქართველს შეეფერება, სურსათი, წამლები და ჰიგიენის საშუალებები ბლომად მოვიმარაგე.
აუცილებელი შემთხვევების გარდა სახლიდან არ გავდივართ.
გამონაკლისი სეირნობაა – მე და ჩემი შვილი, ანდრო ყოველ დღე “ნაბიჯების დაგროვების” რიტუალს ვასრულებთ. თუ სხვა დროს მსგავსი სეირნობა რომელიმე სანაყინეში ან კაფეში შესვლით სრულდებოდა, ახლა თან მიგვაქვს დეზინფექციის სითხე, წყალი და სასუსნავი.
ვცდილობთ არაფერს შევეხოთ, ლიფტის ღილაკსაც კი იდაყვით ვაჭერთ.
კორონამ ყველა წესი დაგვირღვია.
თუნდაც გაჯეტები – სხვა დროს ანდრო მათ შეზღუდულად იყენებს, მაგრამ ახლა, როცა სკოლა არ არის, ვცდილობ თვალი დავხუჭო რაღაცეებზე.
ისიც მესმის, რომ ჩემი პრობლემები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც მილიონობით ადამიანი განიცდის მთელს მსოფლიოში და მათ შორის ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა.
მაგალითად, ამერიკაში 20 მილიონი ბავშვი სკოლებში უფასო ლანჩის პროგრამით სარგებლობს. სკოლების დახურვის შემდეგ როგორ იქნება მათი საქმე? აქ 27 მილიონ მოქალაქეს (მოსახლეობის 8 პროცენტს) არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. 82 მილიონი ადამიანია საათობრივ ანაზღაურებაზე – ანუ მათ სამსახური დაკარგეს ფაქტობრივად. ამ ჯგუფებში, მილიონობით ადამიანს უწევს იმაზე ფიქრი, რა ჯობია – შვილის სკოლაში გაშვება შეეძლოს და იცოდეს რომ ის მშიერი არ იქნება, თუ ურჩევნია ყველაფერი დაიკეტოს და შემოსავლის გარეშე დარჩეს. ამის ფონზე ჩემი დისკომფორტი და, თუნდაც, ბავშვის ხმაურის თანხლებით, პენტაგონის, კაპიტოლიუმის და სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტების ეთერში სამზარეულოდან გაყვანა რა მოსატანია?
ვაშინგტონში მალე საკურა იყვავილებს. აპრილში აფეთქებული საკურების სანახავად აქ ყოველწლიურად, მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოდის. წელს მთავრობა გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდებს. წელს აპრილი სხვაგვარი იქნება და ცხოვრება, ისეთი როგორიც ის ჩვენ ვიცოდით, ჩვენ თვალწინ იცვლება. მაგრამ, ისევ, როგორც ჩემ საყვარელ მეორე სამშობლოში ამბობენ – one step, one day at a time, ესეც გაივლის.
კრავაი ტყემალაძე, 26 წლის, ბარმენი
ბოლო წელიწადნახევარი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ჩემთვის.
ეს-ეს არის დავიწყე უფსკრულიდან ამოძრომა და უცებ ბრახ, სამყარომ უკან ჩამტენა წიხლით. ზუსტად ასე ვგრძნობ ახლა თავს. მგონია, რომ ჰაერში ვტივტივებ.
ჩემი სამსახური გაურკვეველი ვადით გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდი და გაურკვევლობა, რომელსაც ვადები არ აქვს, მაიძულებს, რომ ღამით ვერ დავიძინო.
კორონავირუსის საფრთხე არაა ისეთი მასიური (სიფრთხილის შემთხვევაში), როგორიც სოციალური ვირუსის ძალა. ის-ის იყო ჩემმა გონებამ და ორგანიზმმა გაიღვიძა, მეტი მოუნდა, სწავლა მოუნდა, შექმნა მოუნდა, ცხოვრება მოუნდა და აი, ისიც, ქაოსი სტუდიაში!
წესები? ეს წესები აქამდე რომ არ იყო თავისთავადი – უცნაურია.
მაშინებს ის, რომ დისტანციურ მუშაობას ვერ შევძლებ და რომ უმწეო აღმოვჩნდები.
ან ვინ იცის, იქნებ იმ მხარის განვითარებაში დამეხმაროს, რომელიც ერთადერთი და ნამდვილია: წერა. იქნებ ვაღიარო, რომ მწერალი ვარ და მეტი არაფერი აღარ მინდოდეს. მაგრამ კომუნალურები? ქირა?
ნორა, 93 წლის პენსიონერი, ქობულეთი, სოფელი მუხაესტატე
19 წლის ვიყავი, მშობლების სახლი რომ დავტოვე და მარტო გადავედი საცხოვრებლად. სახლი საკუთარი ხელით ავაშენე და მთელი ცხოვრებაა აქ მარტო ვცხოვრობ.
არასდროს გავთხოვილვარ.
ჩაის, თხილის და ციტრუსის პლანტაციები მაქვს. უცხო ჯიშის ყვავილებს, კივის და ბანანის ხეებს ვუვლი და ნებისმიერ საკარანტინე ზონას რომ შეშურდება, ისეთ სისუფთავე მაქვს.
გამოსაზამთრებლად თბილისში ჩამოვდივარ, ჩემს დისშვილებთან და შვილიშვილებთან აღდგომამდე.
მაგრამ ამ ვირუსის ამბავი რომ გავიგე, აღდგომას აღარ დაველოდე, სახლში დავბრუნდი.
ასე ამბობენ, მოხუცებს ერჩისო და ავარიდე თავი.
ჩემს სახლში არაფრის მეშინია. შვილიშვილებზე ვნერვიულობ. დავურეკე თბილისში და ვუთხარი, რომ ცე ვიტამინი სვან.
შიში არ ვიცი, მაგრამ მოფრთხილება კი უნდა. თქვენ რა გეხსომებათ, მარა ილია ჭავჭავაძის ცოლი მაგან მოკლაო, ვირუსმა.
ნონა სუვარიანი, ბარსელონა
“ესპანეთი კორონავირუსის ყველაზე მძიმე დღეებს ტესტების და სამედიცინო მასალის გარეშე უახლოვდება”, – “ლა ვანგუარდიას” ეს სათაური ყველაზე კარგად აღწერს ესპანეთში მიმდინარე მდგომარეობას.
სრულიად ესპანეთი მთავრობის დადგენილებით სახლშია გამოკეტილი. ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი ეპიდემიის შენელებაა.
გარეთ გასვლა მხოლოდ სამსახურში (სხვა გზა თუ არ არის), საყიდლებზე და ნაგვის გადასაყრელად შეიძლება.
კვირაზე მეტია, რაც ჩემი ოთხი წლის შვილი გარეთ არ გასულა.
დილაობით ახალი დაღუპულების და დაავადებულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება უკვე რუტინად იქცა, ძალიან მძიმეა იმის დაკვირვება რომ დღიდან დღემდე ეს რაოდენობა იზრდება.
ირგვლივ ცხოვრება გაჩერდა, თითქოს სუნთქვაშეკრულებმა დავაპაუზეთ უკეთესი დღეების მოლოდინში.
ოღონდ არავინ იცის, როდის დადგება ეს დრო.
ახლა კი მთავრობისა და სპეციალისტების მხრიდან მხოლოდ ის ისმის, რომ ყველაზე მძიმე ეტაპი კიდევ წინაა.
ესპანელები, რომლებისთვისაც კომუნიკაციას და ერთმანეთთან ურთიერთობა ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, უცებ დისტანციის დაჭერა დაიწყეს.
მაღაზიაში ერთმანეთს გზას უთმობენ, რომ ვაი და დადგენილი დისტანცია არ დაირღვეს.
თუმცა, ამ ყველაფერს თავისი პოზიტიური მხარეც აქვს – შვილებს მშობლები დაუბრუნდნენ.
ყველა ერთად სახლში გამოკეტილები ერთმანეთს გაცილებით მეტ დროს უთმობენ და არა რამდენიმე საათს, როგორც „პანდემიამდელ ცხოვრებაში“, როდესაც სამსახურებიდან, სკოლებიდან დაბრუნებულები ზოგი ვახშმის მზადებას უდგებოდა და ზოგი მონიტორებს მიუჯდებოდა.
იმედია, ამ იძულებით კონტაქტს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებულებიც შევეცდებით ამ სიახლოვის შენარჩუნებას.
შორენა ონაშვილი, თბილისი, HR მენეჯერი
თავიდან მეგონა რომ დისტანციური მუშაობა ძალიან კომფორტული იქნებოდა – დილით გიჟივით არ გავვარდებოდი სამსახურში და საღამოს არ მოვვარდებოდი – იმუშავებდი სახლში წყნარად და გააკეთებდი შენს საქმეს თანამიმდევრულად.
ასეც დავიწყე: ავდექი, ჩავრთე ლეპტოპი და შევუდექი მეილების კითხვას. უცებ გვერდით ოთახიდან სალომეს ხმა გაისმა, დედა გავიღვიძე და მოდი ჩამეხუტეო.
მერე სალომემ ჩაიცვა, საუზმე გავუმზადე და როგორც იქნა, ისევ ლეპტოპს რომ მივუჯექი, დაწყებული არ მქონდა წერილების დაწერა, რომ უკვე სალომეს დისტანციური გაკვეთილის დრო მოვიდა.
შემდეგ დღე ისე გაგრძელდა, რომ თან ხელშეკრულებებს ვწერდი და თან ტოლმას ვამზადებდი.
მოკლედ, სხვების არ ვიცი, მაგრამ დისტანციურად მუშაობა ჩემი საქმე არ ყოფილა. ქაოსურდ ვცხოვრობ და ერთი სული მაქვს, ჩემი და ბავშვების ძველი ცხოვრება დაბრუნდეს.
მარიამ ნიქაბაძე, 32 წლის
ჩემი გოგოები სახლში გამოვკეტე. გარდა იმისა, რომ ბაღი დაიხურა სტუმრადაც აღარ დავდივართ და ვეღარც სხვადასხვა წრეზე დამყავს ალექსანდრა.
რა თქმა უნდა, აპროტესტებს და გვეუბნება, რომ ყელში ამოვუვედით. ხუთი წლის ბავშვი თავის თავს უმეორებს, რომ მეგობრებს კორონავირუსის გამო ვერ ნახულობს, ამ დროს კი წარმოდგენაც არ აქვს რა არის ეს კორონა. უმცროსი 2 წლის გახდა, მინდოდა აღგვენიშნა, მაგრამ აბა როგორ. ბუშტები, თოჯინები და ტორტი ვუყიდე.
შინ დაბრუნებულს რომ ფეხებზე მეხვევიან და ვაპროტესტებ, ვერ იგებენ. ჩახუტების, კოცნის და ხელში აყვანის ნაცვლად ჯერ აბაზანაში გავრბივარ, რომ ხელ-პირი გავიხეხო. საპნის ხშირი გამოყენებისგან ყველას გაგვიუხეშდა ხელები.
პროდუქტები არ მომიმარაგებია და არც ვაპირებ, რადგან ისტერიკას ემგვანება ყველაფერი, მე კი სიმშვიდის შენარჩუნება მინდა.
და კიდევ, საშინლად შემზიზღდა ქაღალდის ფული. დათრგუნული ვარ იმის გამოც, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს და ახლა ამის დანაკლისს განვიცდი.
მარიამ თოდუა, 19 წლის, სტუდენტი
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ ქიმიის განხრით.
23 მარტიდან online სწავლებაზე გადავდივართ, მაგრამ ქიმიკოსებისთვის ეს ადვილი არ არის. როგორ წარმოგიდგენიათ ლაბორატორიული სწავლების online ლექცია?
ამას ემატება ის, რომ ლექტორთა უმრავლესობა ხანში შესულია და სოციალურ ქსელებთან ვერ მეგობრობს.
სწავლის პარალელურად კლუბში ვმუშაობ, რომ ჯიბის ფული მშობლებს არ ვთხოვო. რა თქმა უნდა კლუბიც დახურეს.
მე ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობები უარეს პანიკას იწვევს ადამიანებში. საშინელი შეგრძნებაა, რომ არ ვიცი, როდის დაბრუნდება თავის კალაპოტში ჩემი ცხოვრება.
თუმცა, ოჯახში ყველა ვთანხმდებით, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ყველაზე მეტად ბებოა აღელვებული, მაგრამ ვაწყნარებთ.
პატარა ძმა მყავს, რომელიც ბაღში აღარ დადის და გამაგიჟა. ახლა მიწევს, რომ მასაც მივხედო და სახლიდანაც ვერ გავიქცევი, სად წავიდე.
თუმცა, ზოგჯერ მაინც გავდივარ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძალიან უსიამოვნოა და ზოგჯერ დიდი განსაცდელია -ხელთათმანები, პირბადეები და ვაი მას, ვინც დაახველებს!
აქეთ ჩემი მეგობრების დამშვიდება მიწევს, ახალ-ახალ დრამებს დგამენ. ერთი მეუბნება, როგორც კი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ბებიაჩემმა მაშინვე ერთი თვის საჭმელი მოიმარაგაო. მსგავსი ამბები მაგიჟებს.
ყველაფერი კარგად იქნება თუ ერთმანეთზე ვიფიქრებთ, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და იმ წესებს დავიცავთ, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს და არა ჩვენი შიში.