ილჰამ ალიევმა კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად 1 მილიარდი გამოყო. ეკონომისტები უკმაყოფილოები არიან
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზერბაიჯანის ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური შედეგების შესარბილებლად ერთი მილიარდი მანათი [დაახლოებით $600 მილიონი] გამოყო. ადგილობრივმა ეკონომისტებმა ეს ზომა არაეფექტიანად მიიჩნიეს. მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება და სესხების გადახდის შემსუბუქება.
22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 53 შემთხვევაა გამოვლენილი. ერთ-ერთი დაინფიცირებული გარდაიცვალა, ათი გამოჯანმრთელდა, დანარჩენებს მკურნალობენ. ქვეყანაში დაკეტილია ყველა თეატრი, კინოთეატრები, მუზეუმები, საკონცერტო და სპორტული დარბაზები; კაფეები და რესტორნები მხოლოდ 15 საათამდე მუშაობს. ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი ერთი თვით ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.
ამავდროულად ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემამ, შესაძლოა, აზერბაიჯანის შემოსავლები მკვეთრად შეამციროს და დევალვაცია გამოიწვიოს.
რაში დახარჯავენ $600 მილიონს?
19 მარტს ილჰამ ალიევმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, დასაქმების საკითხების მოგვარებისა და ბიზნესზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, ბიუჯეტიდან დაახლოებით $600 -ის გამოყოფის განკარგულება გასცა. ჯერჯერობით უცნობია, თუ კერძოდ როგორ გადაიჭრება ეს პრობლემები და როგორ განაწილდება ეს სახსრები – წინადადებათა პაკეტი 15-25 დღეში უნდა მომზადდეს.
ადგილობრივ ეკონომისტებს ეს იდეა იმთავითვე არაპერსპექტიულად მიაჩნიათ.
- ნოვრუზი და კორონავირუსი: კარანტინის გამო, ბაქოში გაზაფხულის მოსვლის დღესასწაული გაუქმდა
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რა შეიძლება და რა არა ახლა საქართველოს მაცხოვრებლებისთვის. რის უფლება აქვთ და რის – არა?
- ყველაფერი კორონავირუსის შესახებ
ფული ცოტაა, ფიქრის დრო კი – ბევრი
ეკონომიკურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი გუბად იბადოღლუ მიიჩნევს, რომ ძალიან ცოტა ფულია გამოყოფილი, ხოლო წინადადებების პაკეტის მოსამზადებლად – პირიქით, დრო ძალიან ბევრია. მისი აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა საგანგებო სიტუაციისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.
„უბრალოდ ფინანსური ინექციებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. მით უმეტეს, რომ საბიუჯეტო რესურსების განკარგვის პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ერთი მილიარდის არცთუ მცირე ნაწილი დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწევს,“ – ციტირებს ეკონომისტის სიტყვებს „კავკაზსკი უზელი“.
იბადოღლუ სთავაზობს – ბიზნესისთვის საგადასახადო და საკრედიტო შეღავათების დაწესებას; კრიზისისგან ძლიერ დაზარალებულ სფეროებში დამსაქმებლებისა და თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გადახდას; შემწეობების გადახდას მათთვის, ვინც კრიზისის გამო სამუშაო დაკარგა; მიზნობრივი სოციალური დახმარების, მინიმალური პენსიის, მინიმალური ხელფასის და ინვალიდობის შემწეობის ზომის გაზრდას.
რა იქნება ჩრდილოვანი სექტორში?
ეკონომიკური კვლევების ცენტრის „რესპუბლიკას“ ხელმძღვანელი ნატიგ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განკარგულება პრობლემების მთელ სპექტრს ვერ მოიცავს. ის შეახსენებს, რომ აზერბაიჯანის დაახლოებით მილიონნნახევარი მაცხოვრებელი ჩრდილოვან სექტორში მუშაობს – შრომითი კონტრაქტების გაუფორმებლად. ესენი ძირითადად არიან – კაფეების, პაბების, მაღაზიების თანამშრომლები, რომლებსაც ახლა უმუშევრად და თან კომპენსაციის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
ჯაფარლი ასევე მიიჩნევს, რომ გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა ზოგიერთი მცირე და საშუალო ბიზნესის ნახევარი წლით გადასახადებისგან გათავისუფლება – საგადასახადო პროცენტების გაყინვა და კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათების შეთავაზება.
„სახელმწიფომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მფლობელებთან, რათა მათ ქირის გადასახადი დაწიონ, განსხვავების გადახდა კი სწორედ პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი თანხიდან შეიძლება“, – დასძენს ის.
„იმპულსური ნაბიჯი“
ოპოზიციური პარტიის აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნეიმატ ალიევმა თქვა, რომ პრეზიდენტის განკარგულება უფრო ჰგავს „იმპულსურ ნაბიჯს, რომელიც კოროვირუსის პანდემიის გამოწვევისა და ნავთობის ფასების ჩამოშლის წინაშე შეშფოთების გამო გადაიდგა“.
„ბიუჯეტი გათვლილი იყო ბარელზე 55 დოლარიდან გამომდინარე. მაგრამ ახლა ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა, და გაურკვეველია, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი უძირო კასრი არ არის, მასში ყველაფერი პუნქტებად არის გაწერილი. ერთი მილიარდის გამოყოფა სხვა მუხლების შეკვეცას ნიშნავს. და საერთოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში ნებისმიერ ცვლილებას პარლამენტი უნდა ახორციელებდეს“, – თქვა მან.