ათასობით ადამიანი ტაძარში წმინდა ნაწილებს და ხატებს ემთხვევა - როგორ ებრძვიან კორონავირუსს რუსეთში
კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის მიუხედავად, ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ყაზანის ტაძარში იკრიბებოდა, რათა იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილებს მთხვეოდა. მეტიც, არა მხოლოდ მთხვეოდა, არამედ საერთო კოვზით ზიარებაც მიეღო. ეკლესიის მსახურები ირწმუნებიან, რომ ინფექციის რისკი არ არსებობს. პირიქით, რწმენა ადამიანებს ავადმყოფობისგან იცავს. ამ მოვლენას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Новая газета-ს კორესპონდენტი აკვირდებოდა:
თაყვანისცემის პირველ დღეს, 10 მარტს, ყაზანის ტაძარი სავსე იყო მორწმუნეებით, რომელთაც სურდათ ტუჩებით მთხვეოდნენ მინას კიდობნის ზედაპირზე, რომლის შიგნითაც წმინდა ნაწილები ინახებოდა. აქ იყვნენ მამაკაცებიც და ქალებიც, მათ შორის ბავშვებით, უფრო ასაკოვნები, ვიდრე ახალგაზრდები.
– ”ჩვენ გვწამს, გესმით?” – მიხსნის ასაკოვანი ქალბატონი თავზე ხელით ნაქსოვი ბერეტით. – ყველაფერი რწმენაა. თქვენი აზრით, ეს საშიშია? ნუთუ ღმერთი მართლა დაუშვებს რომ აქ გადაგვედოს? არ მგონია. არ დაუშვებს. მშვიდად იყავით.
ყველანი ერთი კოვზით ვეზიარებით. აქ შეიძლება ტუბერკულოზიანებიც იყვნენ და შიდსიანებიც კი.
მაგრამ ყველაფერი რწმენაა, რწმენა. თუ გწამთ, რომ იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა , ყველაფერი კარგად იქნება.
“ვირუსი არ არსებობს”, – გვერთვება საუბარში გვერდზე მდგომი ახალგაზრდა ქალი. – ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, ის არ არსებობს. თქვენ თუ გეშინიათ, იქნებ არც ღირდეს თქვენი აქ დგომა.
• კორონავირუსი რუსეთში: 59 ინფიცირებული, მაგრამ საეჭვოდ გაზრდილი პნევმონიის რაოდენობა
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• ძმათა სასაფლაოები ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთათვის – თანამგზავრიდან გადაღებული სურათები
კიდობანს უნდა ემთხვიოთ, პირჯვარი გადაიწეროთ და უცებ გახვიდეთ, რომ ადგილი რიგში თქვენს უკან მდგომს დაუთმოთ, რომელსაც შემდეგი ცვლის. მთელი ამ ხნის განმავლობაში წმინდა ნაწილებთან მოხალისე დგას, რომელიც მინას ხანდახან ნაჭრით წმენდს. ყაზანის ტაძარმა უსაფრთხოების ასეთი უპრეცედენტო ზომები კორონავირუსის გამო მიიღო.
კუტუზოვის საფლავთან მაგიდა დგას წარწერით ”კონსულტანტი რელიგიის საკითხებზე.”
– და რა შუაშია კორონავირუსი? – გაკვირვებით პასუხობს კონსულტანტი ჩემს კითხვას, – მისმინეთ, ეს უბრალოდ სისულელეა.
მისი თქმით ადამიანი, რომელიც კიდობანთან დგას, მას ზეთით წმენდს. “სპირტით” – ამატებს წამიერი დაფიქრების შემდეგ.
კონსულტანტის თქმით, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები ტაძარში დაასვენეს არა კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, არამედ სწორედ მის გამო.
იმის გამო, რომ ეს ეპიდემიაა, მნიშვნელოვანია აქ მოსვლა, – განმარტა მან. – ეპიდემია ასოცირდება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ დაავადებებთან. ჩვენთან ადამიანების უმეტესობა კორონავირუსის შედეგად არ იღუპება. ისინი თავს იკლავენ. დიახ, დაავადებებისგანაც იღუპება ხალხი. მაგრამ ისინი ადრეც კვდებოდნენ.
კონსულტანტის თქმით, ეპარქიას მცირედი ეჭვიც არ შეპარვია იმაში, საჭიროა თუ არა მორწმუნეები სიწმინდეებს ემთხვიონ, როდესაც გარშემო კორონავირუსი მძვინვარებს, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა.
საერთო ჯამში რიგმა, რომელშიც დაახლოებით 600 ადამიანი დავთვალე, ნახევარ საათზე ნაკლებ დროში გაიარა. წმინდა ნაწილები 10-დან 17 მარტის ჩათვლით, დილის 8 საათიდან საღამოს 11 საათამდე იყო გამოფენილი. უბრალო გაანგარიშებით შეიძლება იმის დადგენა, ამ დროის განმავლობაში რა რაოდენობის ხალხი ტოვებს მინაზე ბიოლოგიურ კვალს, რომელსაც ქსოვილის ნაჭრით აშორებენ. იმავდროულად, ტაძარში კიდევ ერთი, შედარებით პატარა რიგია: მორწმუნეები ყაზანის ღვთისმშობლის ხატს ემთხვევიან.
16 მარტს, რუსეთში საშიში ციფრი დაფიქსირდა – კორონავირუსის დაავადების 30 ახალი შემთხვევა. ამრიგად, შემთხვევების რიცხვი 93-მდე გაიზარდა.
რუსეთში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. კორინავირუსით ჯერჯერობით არავინ გარდაცვლილა.
16 მარტს, რუსეთის მთავრობამ, პირველად კორონავირუსის გლობალური პანდემიის დაწყებიდან, პრევენციული ზომების შესახებ განაცხადა. სკოლებში სამკვირიანი არდადეგები გამოცხადდა, ასევე 50-ზე მეტი ადამიანის შეკრებები აიკრძალა.
რუსეთის ხელისუფლება ასევე მიიღებს ზომებს ეკონომიკის მხარდასაჭერად. შეიქმნა ანტიკრიზისული ფონდი 300 მილიარდი რუბლის [დაახლოებით 3,5 მილიარდი აშშ დოლარი] ოდენობით, გამოიყოფა სპეციალური შემწეობა მათთვის, ვინც კარანტინში მოხვდება.