SJC: ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობის მზარდი ტენდენციაა
ევროპული სასამართლო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ასახულია როგორც სასამართლოს საქმისწარმოების სტატისტიკაში, ისე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლებში, აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC).
ცენტრის მიერ გავრცელებული ანალიზის მიხედვით, 2017 წლიდან საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობა მკვეთრად მზარდია. 2016 წელს სასამართლო ფორმირებებს გადაეცა 74 საჩივარი, ხოლო ეს რიცხვი მომდევნო წლებში თანდათან გაიზარდა და 2025 წელს 197-ს მიაღწია, რაც ორჯერ მეტ ზრდაზე მიუთითებს.
ამავე პერიოდში გაიზარდა მიმდინარე საქმეების რაოდენობაც. თუ 2022 წელს ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 155 საქმე განიხილებოდა, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 227-მდე გაიზარდა.
გაზრდილია საქართველოს მთავრობისთვის დაკომუნიცირებული საჩივრების რიცხვიც. 2021 წელს ასეთი საქმეები 23 იყო, 2024 წელს – 38, ხოლო 2025 წელს – 50.
- სასამართლოს მიერ საჩივრების დაკომუნიცირება ნიშნავს, რომ ისინი საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევა არსებით განხილვაზე გადასასვლელად.
ცენტრი ასევე მიუთითებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის პრობლემაზე. ევროპის საბჭოს მონაცემებით, საქართველოს წინააღმდეგ მიღებულია დაახლოებით 200 გადაწყვეტილება, თუმცა მინისტრთა კომიტეტმა ზედამხედველობა მხოლოდ 125 საქმეზე დახურა, რაც საერთო რაოდენობის 61.5%-ს შეადგენს. დანარჩენი საქმეები კვლავ შესრულების პროცესშია.
- ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ბოლოა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის და ბოლოდან მეოთხე ადგილს იკავებს.
2025 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული და შეუსრულებელი გადაწყვეტილებების რაოდენობა 78-ს შეადგენდა. აქედან 48 საქმე გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშაა, ხოლო 29 – სტანდარტულის.
გაძლიერებული ზედამხედველობა, როგორც წესი, სისტემურ და ფართომასშტაბიან პრობლემებს ეხება. ბოლო წლებში გაიზარდა ასეთი კატეგორიის წამყვანი საქმეების რაოდენობაც: 2021 წელს მათი რიცხვი 5 იყო, ხოლო 2026 წლისთვის 10-მდე გაიზარდა.
ზედამხედველობის ხანგრძლივობაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ხუთი საქმე უკვე ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, ხოლო სტანდარტული ზედამხედველობის ქვეშ არსებული ცხრა საქმე ასევე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რჩება შეუსრულებელი.
აღსანიშნავია, რომ 28 მარტს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტი აჩვენებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა სისტემური პრობლემები კვლავ რჩება, მათ შორის, საქართველოშიც.
ფინანსური თვალსაზრისით, 2025 წელს საქართველომ კომპენსაციების სახით 748,817 ევრო გადაიხადა, რაც მკვეთრი ზრდაა წინა წელთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი მხოლოდ 85,512 ევრო იყო.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიკაციიდან 1999 წლიდან დღემდე, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სულ 202 საქმეა შესული. აქედან:
- 82 საქმე კლასიფიცირებულია როგორც “წამყვანი“
- 120 — განმეორებითი
ამ საქმეებიდან 125 უკვე დახურულად მიიჩნევა, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები აღსრულებულად ჩაითვალა:
- 72 განმეორებითი
- 53 წამყვანი