სომხეთი დასავლეთსა და რუსეთს შორის: მთავრობის "დაბალანსებული“ პოლიტიკის რისკები
სომხეთის მთავრობის „დაბალანსებული“ პოლიტიკის რისკები
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა თავისი მთავრობის ახალი სტრატეგიული მიზანი: “სომხეთის მეოთხე რესპუბლიკის“ შექმნა. ამის მისაღწევად, მმართველი პარტია აპირებს გაიმარჯვოს 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში და გააძლიეროს ძალისხმევა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად.
ამავდროულად, ხელისუფლება გეგმავს არ დაუპირისპიროს ეს პროცესი “რეგიონალიზაციას” ან დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ამჟამად “ტრანსფორმაციულ ფაზაშია, კონსტრუქციული დიალოგის წყალობით“. ამიტომ, ის გეგმავს, რუსეთთან კავშირების განმტკიცებას.
თუმცა, მთავრობის ამ კონცეფციას საზოგადოებაში და ექსპერტთა წრეებში ერთსულოვანი მხარდაჭერა არ აქვს.
პოლიტოლოგი ლილიტ დალაქიანი კომენტარს აკეთებს ე.წ. “დაბალანსებული პოლიტიკის“ რისკებზე და იმაზე, თავსებადია თუ არა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონალიზაცია, რომლებიც შედის სომხეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში.
პოლიტოლოგ ლილიტ დალაქიანის კომენტარი
მეოთხე რესპუბლიკის “ცრუ დღის წესრიგი“
“მეოთხე რესპუბლიკის“ იდეა მაოცებს. თუ ნუმერაციის ლოგიკას მივყვებით, მაშინ საბჭოთა სომხეთი დამოუკიდებელი არ იყო და შესაბამისად, მეორე რესპუბლიკად არ შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, დღევანდელი სომხეთი მეორე რესპუბლიკაა და არა მესამე. ფაშინიანს კი არა მეოთხე, არამედ მესამე რესპუბლიკა უნდა გამოეცხადებინა სომხეთისთვის.
გარდა ამისა, როდესაც ჩვენი მეზობლები თავს პირველი რესპუბლიკების მემკვიდრეებად წარმოაჩენენ, უცნაურია, რომ სომხეთი მეოთხე რესპუბლიკის იდეას უწევს პოპულარიზაციას. ეს უბრალოდ ხელოვნურად დაწესებული დღის წესრიგია.“
რეგიონალიზაცია თავსმოხვეული დღის წესრიგია
“მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ რეგიონალიზაციისა. გლობალიზებულ სამყაროში რეგიონების კონცეფციამ, როგორც ასეთმა, დაკარგა თავისი მნიშვნელობა. რეგიონალიზაცია სასარგებლოა რუსეთისა და თურქეთისთვის, რომლებიც ცდილობენ სომხეთის 3+3 ფორმატში შენარჩუნებას, რაც ჩემთვის მიუღებელია.“
თურქეთმა შემოგვთავაზა რეგიონული საკითხების გადაჭრის ფორმატი, სახელწოდებით “3+3“. მასში ერთის მხრივ მონაწილეობენ თურქეთი, ირანი და რუსეთი, ხოლო მეორე მხრივ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. ანკარა ამ ფორმატში აძლიერებს თავის პოზიციებს რეგიონში. მოსკოვისთვის ეს არის შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილებები სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის მონაწილეობის გარეშე. თეირანი ცდილობს დაიბრუნოს ბოლო წლებში დაკარგული პოზიციები ამ პლატფორმაზე.
აზერბაიჯანი მხარს უჭერს “დიდი ძმის“ ინიციატივას. ამასობაში, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს მონაწილეობაზე ნებისმიერ ფორმატში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს. სომხეთი თავდაპირველად დათანხმდა ამ ფორმატში მხოლოდ იმ საკითხების განხილვას, რომელთა გადაწყვეტა სხვა პლატფორმებზე შეუძლებელია. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა 2023 წლის ნოემბერში თეირანში გაიმართა.
მსოფლიო აღარ არის დაყოფილი რეგიონებად. მაგალითად, აშშ-ს აქტიურადაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა გეოგრაფიულად ეს მისი გავლენის სფერო არ არის. რუსეთი, რომელიც ვენესუელისგან, აფრიკისგან ან ლიბიისგან შორს მდებარეობს, იქ თავის გავლენას აძლიერებს. ამ ფონზე კი სომხეთი ცდილობს რეგიონში ინტეგრაციას, რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა.“
ევროპული ინტეგრაცია წინააღმდეგობაშია რეგიონალიზაციასთან
“ადრე, სომხეთის ხელისუფლება აცხადებდა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს და რუსეთის სამხედრო ბლოკიდან, “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან’ გასვლის შესახებ. თუმცა, ამჟამინდელი მთავრობის დისკურსი აღიქმება, როგორც ამ ამბიციებისგან უკან გადადგმული ნაბიჯი.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტის პარლამენტის დღის წესრიგში შესატანად, საინიციატივო ჯგუფმა საჭირო 50 000-ის ნაცვლად 60 000 ხელმოწერა შეაგროვა. 2024 წლის იანვარში მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი და ის განსახილველად წარედგინა ეროვნულ ასამბლეას. 2025 წლის თებერვალში სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი.
ევროპული ინტეგრაცია და რეგიონალიზაცია შეუთავსებელია, განსაკუთრებით დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კრიზისის გათვალისწინებით. ობამას ეპოქაში, როდესაც აშშ რუსეთთან დიალოგს აწარმოებდა, ასეთი მიდგომა შესაძლოა მიზანშეწონილი ყოფილიყო. თუმცა, დღეს ევროპა რუსეთთან ცივ ომშია ჩაფლული. ტრამპის ხელმძღვანელობით აშშ ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ან ინარჩუნებს გლობალური ჰეგემონის როლს, ან კარგავს პოზიციას. ასეთ ვითარებაში, კომპლემენტების პოლიტიკაზე საუბარი უცნაური და შეუფერებელია.
მე წინააღმდეგი ვარ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ბაზის დაუყოვნებელი გაყვანა სომხეთიდან. დიახ, ის უნდა გაიყვანონ, მაგრამ ამას დრო და მომზადება სჭირდება. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია გააგრძელოს ორ სკამზე ჯდომა. ასეთი მიდგომა შეუძლებელია.“
ეკონომიკური დივერსიფიკაცია წინააღმდეგობრივი განცხადებების ნაცვლად
“მმართველი პარტიის წარმომადგენლები რუსეთს სომხეთისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ამტკიცებს, რომ რუსეთი, სომხური ოპოზიციის მხარდაჭერით, ყველაფერს აკეთებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ჩასაშლელად. ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ხელისუფლებამ რუსეთთან დაახლოებაზე ისაუბროს?
ერთის მხრივ, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ რუსეთისთვის გადაცემული რკინიგზისა და ელექტროქსელების სახელმწიფო კონტროლის დაბრუნების აუცილებლობას, რუსული კომპანიების მიერ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე უარის თქმას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას. მეორეს მხრივ, ისინი აკეთებენ განცხადებებს რუსეთთან კავშირების გამყარების შესახებ. ეს აშკარა წინააღმდეგობაა.
რატომ უნდა გამოაცხადონ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ პოლუსზე დამოკიდებულების დაძლევის სურვილი, თუ რუსეთთან კავშირების განმტკიცებას აპირებენ? სომხეთის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ისედაც დიდწილად რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ზემო ლარსის გავლით გზის ჩაკეტვა მაშინვე ეკონომიკურ კოლაფსს იწვევს. და თუ ამ პრობლემების გადასაჭრელად რუსეთთან დაახლოება აუცილებელია, ხელისუფლებამ ამის შესახებ უნდა განაცხადოს.
მათ უნდა აღიარონ, რომ შეერთებული შტატები რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშის სახით არ შემოსულა – არ არის საჭირო მუდმივად იმის მტკიცება, რომ რუსეთი რეგიონიდან გავიდა. ის არსად წასულა.“
ამბობს თუ არა უარს მთავრობა ევროპულ ინტეგრაციაზე?
“სომხეთის ხელისუფლება დაბალანსებულ პოლიტიკაზე საუბრობს, რაც გულისხმობს სრულფასოვანი ევროპული ინტეგრაციის უარყოფას, რათა არ განაწყენდეს რუსეთი. ამასობაში, ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება “ხვალვე“. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება წლების განმავლობაში არასწორად იყო ინფორმირებული. თუ ხელისუფლება თავიდანვე არ გეგმავდა ევროპულ ინტეგრაციას, არ უნდა მოეტყუებინათ ხალხი.
აქ ორი შესაძლო ახსნა არსებობს: ან ევროპა არ არის მზად სომხეთი თავის ოჯახში მიიღოს, მიუხედავად ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ვიზიტისა, რომელიც საპირისპიროს გვთავაზობს; ან რუსეთი ზეწოლას ახდენს, რაც ხელისუფლებას უკან დახევას აიძულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკოლ ფაშინიანი ვალდებულია გულწრფელად ახსნას, თუ რა შეიცვალა.
მმართველ პარტიაში ერთიანობა არ არის. ზოგი ერთს ამბობს, ზოგი კი – საპირისპიროს. სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც ევროპული ინტეგრაციის ხელმოწერების კამპანია წამოიწყო, მესამე პოზიციას იკავებს, ზოგი კი ღიად უჭერს მხარს ფაშინიანს.
ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმის მიზეზები გაურკვეველია. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებას არ სურს რეფორმების განხორციელება, ან იმიტომ, რომ დასავლეთი ვერ ახერხებს რუსეთთან ეფექტურად დაპირისპირებას. ასევე გაურკვეველია, რას გვთავაზობს თავად ევროპა. მაგალითად, მზად არის თუ არა სომხეთს გაუწიოს იგივე მხარდაჭერა, რაც მოლდოვას, თუ ის დატოვებს რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს.
ევროპული ინტეგრაციის შესახებ საპარლამენტო დებატებში მონაწილეობის გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა, რომ სომხეთი ევროკავშირის წევრობისკენ არ მიისწრაფვის. მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის ეროვნული ასამბლეის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის, არმან ეგოიანის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩებოდა, ჩემთვის პროევროპული ძალებისა და პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური შოუს ნაწილი იყო.
ეს საზოგადოება, რომელიც სავარაუდოდ ევროპული ინტეგრაციის პროცესს იწყებს და ევროპის წარმომადგენლებს ხვდება, ფაშინიანს მთავარ კითხვას არ უსვამს: რა კურსი აირჩია მან და რატომ. თავიდანვე ნათელი იყო ჩემთვის, რომ ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციის გაგრძელების განზრახვა არ აქვს. ეს მხოლოდ არჩევნებში ხმების მოსაზიდად განკუთვნილი ინსტრუმენტია, მცდელობა, გამოიყენონ რუსეთით იმედგაცრუებული სომხური საზოგადოება. ხელისუფლების რიტორიკა პროევროპულია, მაგრამ მათი პოლიტიკა საპირისპიროა.”
მმართველი პარტია წინამორბედების მეთოდებს იყენებს.
მმართვეელ პარტიაში იქმნება ხელოვნური განხეთქილება პრორუსულ და ე.წ. პროდასავლურ ფრთას შორის. პრორუსი წარმომადგენლები, როგორიცაა სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, ღიად აცხადებენ, რომ სომხეთი არ აპირებს ევრაზიული კავშირიდან გასვლას. ამასობაში, პროდასავლად წოდებული პირები ემხრობიან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას და ევროკავშირთან ინტეგრაციას.
ეს სიტუაცია მოგვაგონებს სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პოლიტიკას, როდესაც მთავრობაში სხვადასხვა ფრაქციამ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები შექმნა. დღეს მმართველი პარტიის ერთი ნაწილი ერთს ამბობს, მეორე – საპირისპიროს, ხოლო ნიკოლ ფაშინიანი ყოველდღიურად ცვლის რიტორიკას.
კონსტიტუცია არ შეცვლილა სერჟ სარგსიანის დროიდან და მისი ქვეყნის მართვის მოდელი პროეცირებულია ამჟამინდელ მთავრობაზე. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი – ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც საკუთარ თავს “მთავრობას“ უწოდებს.
მე არ მოვითხოვ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან დაუყოვნებლივ გასვლას და ხვალვე ევროკავშირში გაწევრიანებას. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს გულწრფელი ხალხის მიმართ. ფაშინიანის განცხადებები წინააღმდეგობრივია:
- ის მშვიდობის დამყარებაზე საუბრობს, თუმცა რუსეთს მაშინვე საფრთხედ მოიხსენიებს.
- ის აცხადებს, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის დეკლარაცია, რომლითაც მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები დასრულდა, ბათილია, თუმცა სომხეთს ხელმოწერა უკან არ მიაქვს.
- ის გვპირდება, რომ ქვეყანას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა შემდეგ რეგიონულ შეზღუდვებს ასახელებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ევროპულ ინტეგრაციას აფერხებს.
- ის აცხადებს წინა ხელისუფლების დასჯის აუცილებლობაზე, თუმცა ამავდროულად ამართლებს მათ.
ყოველ ჯერზე, როცა მათი რეიტინგი ეცემა, სომხეთის ხელისუფლება ახალ პოპულისტურ ლოზუნგებს იგონებს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ისინი ზრდიან დაძაბულობას, განზრახ პოლარიზებენ პოლიტიკურ ლანდშაფტს, რათა ყურადღება გადაიტანონ თავიანთი წარუმატებლობებიდან და შეინარჩუნონ ამომრჩევლის ლოიალობა.“