IPI: ევროკავშირმა საქართველოში მედიის წინააღმდეგ რეპრესიებზე დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს
IPI-ს განცხადება
“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” (IPI) საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე სულ უფრო გაზრდილი წნეხის ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივი ნაბიჯები უნდა გადადგას და ეფექტური ზეწოლა მოახდინოს “ქართულ ოცნებაზე.”
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე. ასევე ივანიშვილის მთავრობის მიერ მიღებულ ახალ ცვლილებებზე ცილისწამებისა და სასამართლოში მედიის მიერ გადაღების აკრძალვის შესახებ.
IPI ასევე საუბრობს სასამართლოს შენობასა და ეზოში ჟურნალისტის მიერ გადაღების აკრძალვის შესახებ. ეს ცვლილება, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “ოცნებამ” ზუსტად მაშინ წარადგინა, როცა დამოუკიდებელი მედია ფართოდ აშუქებდა მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, მათ შორის მზია ამაღლობელის, სასამართლო პროცესებს.
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებთან დაკავშირებით ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამგვარი ცვლილებები საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საფუძვლებს საქართველოში.
რას ამბობს IPI
“ყოველდღიურად საქართველო სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას უახლოვდება, რადგან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიის განადგურებისა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის მიმართულებით ძალისხმევას აძლიერებს.
[“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები] ძირს უთხრის ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ სამართლებრივ დაცვას წყაროს კონფიდენციალურობის გაუქმებით, თვითცენზურის დამყარების ხელშეწყობითა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის დაბრკოლებებით. ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საფუძვლებს.მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო გაუარესდა. 4 და 6 თებერვალს მისი შიმშილობის დროს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა მკვეთრი გაუარესება: მარჯვენა თვალში მხედველობა 30%-დან 10%-მდე დაეცა, ხოლო მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ დაახლოებით 4% არის, რაც სინათლის აღქმით შემოიფარგლება. რეჟიმის ღია კრიტიკოსს, ამაღლობელს, ბრალი ედება პოლიციელზე თავდასხმაში, რის გამოც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამაღლობელის დაპატიმრება ფართოდ აღიქმება, როგორც შურისძიება მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადარჩენა საქართველოში სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს ზეწოლა განახორციელოს არამხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირზე, მათ შორის მოსამართლეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიის შევიწროებაზე და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობაზე.
ასევე მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, გააუქმოს რეპრესიული კანონები, როგორიცაა ე.წ. FARA, და კანონების მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ.” – ნათქვამია განცხადებაში.
წინაისტორია
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული FARA-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედა.
ქართული FARA მიზანში იღებს და საქმიანობას უზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კანონის აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება. განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით “FARA”-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი, მარტა კოსი ოცნების “FARA”-ს კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონი საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს და მისი მიღება “ქართული ოცნების” კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
ამასთან, 2024 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს დროში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ვერანაირი უცხოური გრანტი ვერ გაიცემა მთავრობის თანხმობის გარეშე. ანუ, თუ რომელიმე ფონდს ან ორგანიზაციას – მაგალითად, ევროკავშირს ან გაეროს – სურს დაეხმაროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ამისთვის ჯერ ირაკლი კობახიძის მთავრობისგან ოფიციალური ნებართვა უნდა აიღოს.
10 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” 15 აპრილს მიღებულ ე.წ. გრანტების კანონში, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა, ცვლილებები შეაქვს: ამიერიდან ტექნიკური, საექსპერტო დახმარების თუ ცოდნის გაზიარებისთვის, ივანიშვილის ხელისუფლების თანხმობა იქნება საჭირო.