რუსეთის მოქალაქეობა აფხაზებისა და სამხრეთ ოსებისთვის
17 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) მოქალაქეებს რუსული პასპორტების მიღება საგრძნობლად გაუმარტივდებათ.
ბრძანება საფუძვლად ეყრდნობა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს, რომელიც ბოლო კვირებში რატიფიცირდა როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმის, ისე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. პარლამენტების მიერ.
ახალი წესების თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ 18 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ რუსეთის მოქალაქეობა სამი ძირითადი მოთხოვნის შესრულების გარეშე:
მათ არ დასჭირდებათ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრების ნებართვა;
შეუძლიათ პასპორტის მიღება რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლის გარეშე;
არ მოეთხოვებათ რუსული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.
ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უმრავლესობას უკვე აქვს რუსეთის მოქალაქეობა ან სურს მისი მიღება, რადგან მათ ადგილობრივ პასპორტებს საერთაშორისო ძალა არ გააჩნია.
გარდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესაძლებლობისა, ორმაგი მოქალაქეობა მათ აძლევს წვდომას რუსულ სოციალურ შეღავათებსა და დახმარებებზე.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 აგვისტომდე, სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, ამ ტერიტორიების მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით უკვე შესაძლებელი იყო.
მაშინ ეს გადაწყვეტილება იმით მართლდებოდა, რომ აფხაზები და სამხრეთელი ოსები, არაღიარებული სტატუსის გამო, მოქალაქეობის არმქონე პირებად ითვლებოდნენ, ხოლო რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, მათ პასპორტებს აძლევდა.
ამ შესაძლებლობით მაშინ აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა ისარგებლა.
თუმცა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, გამარტივებული მოქალაქეობის სქემა გაუქმდა. ახლა კი, 17 წლის შემდეგ, ის ხელახლა ამოქმედდა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო