ჯაშუშური სკანდალი ცხინვალში: რატომ აღარ რეაგირებს საზოგადოება?
ჯაშუშური სკანდალი სამხრეთ ოსეთში
ცხინვალის სპეცსამსახურები ირწმუნებიან, რომ მათ ამხილეს ჯაშუშური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ აგორვებდა საიდუმლო ინფორმაციას და აწვდიდა მას საქართველოს.
თუმცა, ამ განცხადებისთვის ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება არ მიუქცევია.
მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი და ახლო რეალობაა ყოველდღიური პრობლემები და კრიმინალის ზრდა, ვიდრე ეჭვმიტანილი ქართველი ჯაშუშები.
ექვსუცნობიანი განტოლება
აპრილის ბოლოს, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა (КГБ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით დააკავეს 1974 წელს დაბადებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია საიდუმლო ინფორმაციის ქართული სპეცსამსახურებისთვის გადაცემაში.
უწყების განცხადების მიხედვით, დაკავებული, რომელიც ძაუნის რაიონში ცხოვრობს და სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა, სტაბილურად ურთიერთობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან. ის მათ აწვდიდა ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტების გადაადგილების, მათ სპეცოპერაციის ზონაში გადაყვანის და ასევე, რეგიონის შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ.
ეჭვმიტანილის სახელი და გვარი არ სახელდება. იგი უკვე დაკავებულია, მის წინააღმდეგ კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით. სამხრეთ ოსეთის კგბ-ს ცნობით, დაკავებულმა ბრალდება აღიარა და “აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან”.
ამასთან, უწყება ამტკიცებს, რომ გამოვლინდა კიდევ ხუთი მოქალაქე, რომლებმაც ქართულ მხარეს გადასცეს „არარეგისტრირებული, თუმცა სოციალური და პოლიტიკური შინაარსის“ ინფორმაცია.
ამასთან, ცხინვალში, სადაც, როგორც ამბობენ, “ყველა ყველას იცნობს“, არავინ იცის, ვინ არიან ეჭვმიტანილები. ეს გარემოება ბევრისთვის უცნაურად ჟღერს.
“არაფერი ვიცით — არც სახელები, არც ინიციალები“, — გვიყვებიან ადგილობრივები.
რატომ აღარ იწვევს ჯაშუშების თემები საზოგადოებრივ გამოხმაურებას?
რამდენიმე წლის წინ მსგავსი დაკავებები საზოგადოების მხრიდან გაცილებით მეტ ინტერესსა და ხმაურს იწვევდა. მაგალითად, 2019 წელს, როდესაც კგბ-მ დააკავა სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსანი სერგეი ლიპინი და მისი მეუღლე ნანული ჭუხულაძე. ოფიციალური ვერსიით, მათ “აღიარეს“, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდნენ სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური შინაარსის ინფორმაციას, რაც ცხინვალის უსაფრთხოებას ზიანს აყენებდა.
ამავე საქმის ფარგლებში დააკავეს კიდევ ორი პირი — კომპიუტერული სერვის-ცენტრის მფლობელები, ძმები ქრისტოფორ და გიორგი თედეევები. გამოძიების მტკიცებით, ისინი არაერთ სახელმწიფო უწყებაში ემსახურებოდნენ კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებას და მათ ხელი მიუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზე.
საზოგადოების მძაფრი რეაქცია მაშინ, სავარაუდოდ, იმითაც იყო განპირობებული, რომ სერგეი ლიპინი წლების განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობებს, ხოლო თედეევების მომსახურებით ცხინვალის მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობდა. ქალაქის მცხოვრებლები მათ პირადად იცნობდნენ და მათი დაკავების ამბავი ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თედეევებმა ბრალეულობა არ აღიარეს, უარი თქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
დაღლილობა და უნდობლობა
ამჯერად, “ჯაშუშურ სკანდალს” საზოგადოებაში პრაქტიკულად არანაირ რეაქცია არ მოჰყოლია.
ცხინვალში გამოკითხულმა რამდენიმე მოქალაქემ ეს გულგრილობა იმით ახსნა, რომ მოსახლეობა ხელისუფლების თვითნებობითა და კრიმინალის ზრდით არის გადაღლილი. ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან მმართველი სისტემით და როგორც ჩანს, ვეღარ პოულობენ ენერგიას, რომ გაბრაზდნენ “უცნობი აგენტების“ ამბავზე.
ერთმა რესპონდენტმა კი პირდაპირ თქვა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ხელისუფლების მიერ მოგონილი იყოს.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო