"უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები" და "სამოქალაქო არეულობა" - რა წერია სუს-ის 2024 წლის ანგარიშში
სუს-ის 2024 წლის ანგარიში
პარლამენტის ვებგვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის [სუს] 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. ქვეყანაში გამძაფრებული საპროტესტო მუხტის და რეპრესიული კანონების ფონზე, სუს-ი ისევ “უცხო ქვეყნებზე” საუბრობს და ამტკიცებს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები “საკუთარი ქვეყნების ინტერესების” გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. მათივე მტკიცებით, დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან.
ანგარიშის წინასიტყვაობაში, რომელიც სუს-ის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რომელთა შედეგებმა საფუძველი დაუდო გლობალური გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებას, საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში გააჩინა ახალი მიდგომები და ტენდენციები, და იმ ქვეყნებს, რომლებიც “მოწოდებული არიან ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვისკენ, მნიშვნელოვნად გაუადვილა ეროვნული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობები“.
რა წერია ანგარიშში
სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვითი საქმიანობა
● გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები – სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტებისას, ასევე, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გარკვეულ ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ.
● უცხო ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება იყო ახალგაზრდულ სექტორზე მუშაობა, რის მიზანსაც წარმოადგენდა უცხო ქვეყნებისადმი ლოიალური და მათ ეროვნულ-საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა.
● დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც დაფინანსებას და მითითებებს იღებდნენ, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე.
● საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოში ვიზიტად მყოფი პირების გამოყენების მცდელობები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც გამოიხატა GPS კოორდინატების დადგენაში, დრონებით ფოტო და ვიდეოგადაღებებში. აღნიშნული კატეგორიის ზოგიერთი პირის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმი.
● უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები. მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები.
● დანაშაულებრივ ქმედებებში აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი. განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმებიც.
● საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს პროცესის “მაიდანიზაცია“ წარმოადგენდა, იგეგმებოდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა, სამართალდამცველების პროვოცირება და პარლამენტის მიმდებარედ სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც თითქოსდა უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაჰკისრებოდა.
● გამოვლინდა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ღიად თანამშრომლობდა უცხოურ, მათ შორის პოლიტიკურ ძალებთან და მონაწილეობდა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
● 2024 წელს საქართველოში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების მიზნით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ ქვეყანაში მოქმედი რელიგიურო ორგანიზაციები და დაფიქსირდა აღმსარებლობის მიხედვით პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების მხარდასაჭერად რელიგიური ნიშნით ელექტორალური ბაზის შექმნის მცდელობები.
● საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო განაგრძობდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნულ პროცესში სამსახურის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს.
● 2024 წელს სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. ათობით ოპერატიული ინფორმაცია კი გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში.
მთავარი საფრთხე და ოკუპირებული ტერიტორიები
● სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა.
● რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო აქტივობები, საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებდა ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად.
● რუსეთის ფედერაციის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციისა და შემდგომი ანექსიისკენ მიმართული პროცესები. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო რუსეთის მიერ დამატებითი სამხედრო, ფინანსური თუ დემოგრაფიული ბერკეტების მოპოვების მცდელობა, რამაც ოკუპირებულ რეგიონებში კრიზისული ვითარება შექმნა.
● გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
● ანექსიური პოლიტიკის ნაწილია სოხუმის აეროპორტის აღდგენა, რუსი ინვესტორებისთვის პრივილეგიების შემოღების მცდელობები აფხაზეთში და ოჩამჩირის პორტის მშენებლობა. საანგარიშო პერიოდში ადგილზე გარკვეული სამუშაოები დაფიქსირდა. გაიკაფა ტყის მასივის გარკვეული ზონები და განხორციელდა საზღვაო აკვატორიის გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი ალბათობით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას. მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვების ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს.
● 2024 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით იდენტიფიცირებულია უკანონოდ დაკავების 37, ხოლო ცხინვალის მიმართულებით — 36 შემთხვევა. ცხინვალის რეგიონის მართულებით უკანონო ბორდერიზაციის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, აფხაზეთის მიმართულებით კი, ერთი.
დესტაბილიზაციის მცდელობაზე სუს-ი 2023 წელსაც საუბრობდა
2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაურჩა, რომელსაც უცხო ძალები აწყობდნენ. სუს-ის ანგარიშში წერია, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში “საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო”. ანგარიშის თანახმად, ამ გეგმის განხორციელება იგეგმებოდა “უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით”. იმავეს ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახური 2024 წელსაც.
ისევე როგორც 2024 წელს, სუს-ი შარშანაც წერდა “გადატრიალებაში უცხო ქვეყნების კოორდინაციასა და ფინასნურ ჩართულობაზე” და საუბრობდა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე. კერძოდ: “(არეულობისთვის) გამოყენებული იქნებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ”.
2023 წლის ანგარიშში მსგავსებაა მედიის შესახებ გაკეთებულ განმარტებაშიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინაც ამბობდა, რომ “ეს დესტრუქციული ჯგუფები ურთიერთობდნენ ქართულ მედია საშუალებებთანაც და ცდილობდნენ მათ გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის.”