თავდასხმა ცხინვალში საბაჟოს უფროსზე. ეჭვმიტანილები ე.წ. პრეზიდენტის ძმის მეგობრები არიან
თავდასხმა სამხრეთ ოსეთში საბაჟოს უფროსზე
ცხინვალში შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა მოაწყვეს საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ჩოჩიევზე, მისივე სამუშაო კაბინეტში. როგორც მოწმეები აცხადებენ, თავდამსხმელები ალან გაგლოევის — ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ძმის, ალიკ გაგლოევის — ახლო მეგობრები არიან.
თავდასხმის დროს ჩოჩიევს ემუქრებოდნენ გლოკის ტიპის იარაღით, თუმცა მისმა კოლეგებმა თავდასხმა აღკვეთეს.
მოწმეების თქმით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ. ორი მათგანი — ხოხ გაბარაევი და ოლეგ ჯაბიევი — წარსულშიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეში იყვნენ ეჭვმიტანილები, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის ძმასთან მეგობრობის გამო, მართლმსაჯულებას ხშირად თავს აღწევდნენ.
როგორც ცხინვალში აცხადებენ, თავდასხმის მიზეზი საბაჟოს ყოფილ მოკავშირე ჯგუფებს შორის კონტრაბანდის გამო წარმოშობილი დაპირისპირება გახდა — განსაკუთრებით სიგარეტის უკანონო შემოტანასთან და გავლენის სფეროების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
„საბაჟოს გავლით დიდი მასშტაბის კონტრაბანდა ხორციელდება. საქმე ძალიან, ძალიან დიდ თანხებთან გვაქვს. ჩოჩიევი სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ამ სქემებს. მასთან დაპირისპირებულ ჯგუფს სურდა, რომ ჩოჩიევი იძულებით გადამდგარიყო, მაგრამ როცა ვერ შეძლეს მისი დარწმუნება, გადაწყვიტეს ფიზიკური განეიტრალება,“ — აცხადებენ ცხინვალში.
მიუხედავად ამისა, ალექსანდრ ჩოჩიევი ყოველთვის ერთგულად უჭერდა მხარს ალან გაგლოევს.

11 დაკავებული, 0 დამნაშავე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა სპეციალური ოპერაცია “ჩაჭერა”. შედეგად, პოლიციამ 11 ეჭვმიტანილი დააკავა. შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრის, ალან გუჩმაზოვის განცხადებით, მათგან ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ყალბი ავტომანქანის ნომრები და სხვა.
თუმცა დაკავებულებს შორის თავდასხმაში უშუალო მონაწილეები აღმოჩენილი არ არიან.
გენერალურმა პროკურატურამ თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა თავადაც აღიარებს, რომ უშუალო დამნაშავეები ჯერ კიდევ თავისუფლებაზე რჩებიან:
„გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ჩოჩიევზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც მის სამუშაო კაბინეტში მოხდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. საქმე აღძრულია ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის მუხლებით.“
ერთ-ერთი ადგილობრივი სამართალდამცველი, ანონიმურობის დაცვის პირობით, ვარაუდობს, რომ ჩოჩიევზე თავდასხმა შესაძლოა დადგმული ინციდენტი ყოფილიყო:
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თავდასხმა მხოლოდ სპექტაკლი იყო. სამხრეთ ოსეთის კრიმინალური სამყარო დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფებად, და ვფიქრობ, ამ სპექტაკლით მოიცილეს ის პირები, რომლებიც პრეზიდენტის ძმის ჯგუფში არ შედიოდნენ. სამართალდამცავებმა კარგად იციან, ვინ იყო ნამდვილი თავდამსხმელი, მაგრამ დაკავებულები სრულიად სხვები არიან.“ – აცხადებს წყარო.
ისევ ალიკი
კვლავ ალიკ გაგლოევის სახელი ფიგურირებს
ეს არც პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის ძმა, ალიკ გაგლოევი და მისი ახლო წრე პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან სისხლის სამართლის საქმეებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ნაწილმა კვლავ დაადანაშაულა იგი კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებაში.
ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტს, მკაცრი ზომები მიიღოს დანაშაულებრივი ელემენტების წინააღმდეგ და ასევე პარლამენტს მიმართა სასწრაფო სესიის მოწვევის მოთხოვნით.
„ეს შემზარავი ინციდენტი კიდევ ერთხელ ამხელს სამართლებრივი უპასუხისმგებლობის და სრულად უკონტროლო მდგომარეობის სურათს. მომხდარი, სხვა რეზონანსულ შემთხვევებთან ერთად, პირდაპირი შედეგია მოქმედი ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის,“ — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო