ეროვნული ბანკი: დეზინფორმაციაა, თითქოს VISA/MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება
VISA/MASTERCARD-ის საქმიანობა
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების – VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება. სებ-ის განმარტებით, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობენ მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე და ეს სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
სებ-ის განცხადება
VISA და MASTERCARD 25 წელზე მეტია, წარმოდგენილები არიან საქართველოში და უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საგადახდო სფეროს განვითარებაში, რაც საქართველოში უნაღდო გადახდების ზრდის ერთ-ერთ მთავარი ხელშემწყობი იყო. Visa და Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინერგება ახალი პროდუქტები, მათ შორის ტრანს-სასაზღვრო გადარიცხვების საშუალებები.
თუმცა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ, საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ საგადახდო სისტემებს გაეუმჯობესებინათ მათი ეფექტიანობა, კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა – მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. ეს სისტემები მუშაობენ ბარათების გამოყენების გარეშე და აქვთ შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებელს შესთავაზონ საბარათე გადახდების ანალოგიური გადახდის მეთოდი, გარკვეულ შემთხვევებში მეტი უპირატესობებით, როგორიცაა ოპერაციის განხორციელების ხარჯი და გადარიცხვის მიმღებისთვის თანხის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა.
ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. ღია ბანკინგის მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით.
უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და “ღია ბანკინგის“ მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით.
მყისიერი გადახდებისა და ღია ბანკინგის მომსახურებების სინერგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს და კერძო სუბიექტებს თავიანთ მოთხოვნებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურება მიიღონ. უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში საბარათე გადახდების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, კვლავ მცირე მეწარმეებისთვის ეს გადახდის მეთოდი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. სწორედ, მყისიერი გადახდების სისტემა ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაციით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია.
დამატებით უნდა აღინიშნოს, ახალი საგადახდო სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და თავსებადია ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის საგადახდო სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.
განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მოსმახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის” – ნათქვამია განცხადებაში.
წინაისტორია
მანამდე, 27 მარტს, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვაკო თურნავამ თქვა, რომ VISA-სა და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი.
“ალბათ, მალე შესაძლებელი იქნება ბარათის ნაცვლად პირდაპირ მივაბათ ანგარიში, VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. კითხვა ზუსტად ასეთია, გამოიწვევს თუ არა ეს ღია ბანკინგის ჩართვა და ალბათ გამოიწვევს, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?”, – განაცხადა თურნავამ.
ამის საპასუხოდ, ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს.
“გარდა ღია ბანკინგისა, ვმუშაობთ სხვა – Switch national card processor-ის პროექტზე, რომელიც Visa-სა და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს ლარის გადარიცხვებზე. ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, ეს მარტივი პროექტი არ არის”, – თქვა გალდავამ.
კომენტარი
გიორგი ჩუგოშვილი, ეკონომისტი:
“რუსეთში სანქციების გამო არც VISA და არც Mastercard არ მუშაობს
არც American Express
არც Apple Pay
არც Google Pay
რუსეთში მუშაობს МИР (https://vamprivet.ru/)
МИР მუშაობს მხოლოდ რუსულ რუბლზე!
ნამდვილად ვსემ პრივეტ!
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და ხელისუფლებამ ადგილობრივ საბარათე სისტემაზე გადაწყობა დაიწყო 2014 წლის შემდეგ, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინეს და სანქციები დაიწყო, თან ზუსტად იცოდნენ რას აპირებდნენ უკრაინაში და ფინანსური სანქციები იყო გარდაუვალი. ამიტომ მოემზადნენ.
ის ფაქტი, რომ დღეს ეროვნული ბანკი და ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს, რომ VISA და Mastercard-ს ბევრი ფული გააქვს საქართველოდან, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, შეგამზადონ, რომ მოსალოდნელია ფინანსური საქნციები და ამის ეშინიათ.
რა არის ცუდი სცენარი:
1. ქვეყანას უწესდება ფინანსური სანქციები
2. გვეზღუდება წვდომა SWIFT-ზე
3. გვეზღუდება წვდომა VISA-ზე
4. გვეზღუდება წვდომა Mastercard-ზე
5. გვეზღუდება წვდომა American Express-ზე
6. გვეზღუდება წვდომა Apple Pay-ზე
7. გვეზღუდება წვდომა Google Pay-ზე
8. იქმნება ქართული ბარათები, რომელზეც ფულს გააკეთებს ვიღაც, გასაგებია ვინ ვიღაც.
9. შეიქმნება ეროვნული ბანკის შვილობილი კომპანია, რომელიც ადგილობრივ პროცესინგს (მხოლოდ ლარის გატარებებს) გააკეთებს, და ამ კომპანიის დირექტორი იქნება ვიღაც, გასაგებია ვინ ვიღაც.
10. ჩვენ ამ ბარათებით ვერ ვიყიდით Amazon-ზე.
11. ჩვენ ამ ბარათებით ვერ ვიყიდით Netflix-ზე.
12. ჩვენ ამ ბარათს ვერ მივაბამთ Spotify-ზე.
13. ჩვენ ამ ბარათით ვერ… ეს სია გრძელია…
ამის მერე ან მანამდე გაგვიუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში
და ბოლოს შეიძლება აღმოვჩნდენ დანგრეული ეკონომიკით, ვსემ პრივეტ ბარათებით, და ვიზების რიგში.”