"ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ" - სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ხედავს. დისკუსიას ბრიტანელი მკვლევარი, ტომ დე ვაალი უძღვებოდა.
ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური, მარიონეტი მთავრობა, რომელსაც სურს იყოს პუტინის ინსტრუმენტი და საქართველო ევროპულ გზას დააშოროს.
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა
● გვყავს არალეგიტიმური, მარიონეტი მთავრობა, რომელსაც სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს და რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო მის ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს. ეს სახიფათოა, ვინაიდან თუ ეს საქართველოში იმუშავებს, და ამ მომენტისთვის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ, მაშინ ეს შეიძლება სხვაგანაც გამოიცადოს.
● საქართველო მხოლოდ საქართველო არ არის, მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, სადაც მოსახლეობის 80% აქამდე დიდი ხნის წინაც მხარს უჭერდა ევროპულ გზას, ეს შავი ზღვის საკითხიცაა – ხვალ ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას
რუსეთმა გამოაცხადა, რომ ახალ სამხედრო საზღვაო ბაზას ხსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. ანაკლიის პორტი, რომელიც ერთ-ერთი დიდი პროექტია, არავინ არ იცის ჩინელების ხელშია თუ არა. ჩინელების შემთხვევაში, როგორც ყოველთვის არის ხოლმე, კონტრაქტს ვერ ხედავ
● მგონია, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი პარტიის ოპოზიციაზე გამარჯვება, ვფიქრობ, ეს გამოწვევაა ევროკავშირისთვის.
● თქვენი კითხვაა: “როგორ ამარცხებთ დიქტატურას?” ვინაიდან ამ მომენტისთვის გვყავს სუსტი, მაგრამ დიქტატურა. წინააღმდეგობით, და ვფიქრობ ხალხს ეს აქვს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, ჩემი როლი იმაშია, რომ მოვახდინო არსებული პოლიტიკურ პარტიების უფრო მეტად კონსოლიდაცია, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, ვინაიდან ნათელია, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის პროცესშია, რომელიც სავარაუდოდ, თავად განსაზღვრავენ ქუჩის შემდგომ სტრატეგიას.
● მე არ ვარ პროტესტების ორგანიზატორი, მხარდამჭერი ვარ, მაგრამ რაც მესმის ამ ხალხისგან არის ის, რომ გადაწყვეტილი აქვთ ქუჩაში დარჩენა, ზოგიერთს ციხეში დარჩენა თუ საჭიროა. არავის არ გამოუგონებია რა არის სტრატეგია დიქტატურის დასამარცხებლად, გარდა წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, გარე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მორალურად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.
● ერთი რამ, რაც ყოველთვის ძალიან კრიტიკულად აღიქმება, არის [მომენტები], როდესაც რომელიმე ჩვენი პარტნიორი ფიქრობს, თითქოს ჯერ კიდევ შეიძლება რამის გაკეთება “ქართული ოცნების“ ბოლომდე რუსეთისკენ წასვლისა და ევროპისგან დაშორების შესაჩერებლად. მაშინ როდესაც ყველა ჩვენგანმა ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ ეს დასრულებულია, ეს თამაში წაგებულია. ასე რომ, ხალხი ელის, რომ სიმართლე ითქმება, რომ დაგმობები ცხადი იქნება, დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია, არავის არ ელის რაიმე ფორმის პირდაპირ შემოჭრას, პირდაპირ მხარდაჭერას.
თუმცა ზოგიერთი რამ, რაც ითქვა, მაგალითად, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტები ამბობენ, რომ რაც [საქართველოს] მთავრობას უნდა გადასცემოდა სამთავრობო დაფინანსების პროგრამების ნაწილად, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა გადაეცეს. ყველა სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც აქ მოსვლამდე ვნახე, ყველამ მითხრა, რომ არაფერი არ უნახავთ [დაფინანსების მხრივ] და სანამ ის მოვა, შესაძლოა ზედმეტად გვიანი იყოს
● არსებობს რუსული კანონი ოფშორებზე, და ეს ყველა პარტნიორისთვის შეშფოთების საგანი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ბატონ ივანიშვილს, როგორც მთავარ ოლიგარქს საქართველოში, არამედ შესაძლო, პოტენციურად დასანქცირებულ რუს ოლიგარქებს შეეძლებათ მათი აქტივების საქართველოში გადმოტანა.
თუ საპარლამენტო არჩევნები არ გვექნება მანამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, არა მგონია, რომ ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე მივა, ვინაიდან არ დაიჯერებენ, რომ ეს შეიძლება ჩატარდეს. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი არჩევნები სრულიად ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ იქნება, ვინაიდან არაფერი იქნება მმართველ დონეზე შეცვლილი.
● ერთი პარტია უკვე ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის, ყოველ დღე კიდევ უფრო ცვლიან საარჩევნო კოდექსს, რათა თავიანთ საჭიროებებს მოარგონ. ასე რომ, პარტიებმა რომც მიიღონ ამ [ადგილობრივ] არჩევნებში მონაწილეობა, მოსახლეობაში იმხელა უნდობლობა იქნება იმაზე თუ როგორ შეიძლება ეს არჩევნები ასე მოულოდნელად ასე თავისუფალი და სამართლიანი გამხდარიყო, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნები არ იყო [თავისუფალი და სამართლიანი], რომ რთული წარმოსადგენია.
● მაგრამ ეს ისეთი რამეა, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა გადაწყდეს თავის დროზე. დღეისთვის საპროტესტო მოძრაობა ბოლომდე ორიენტირებულია ერთ მოთხოვნაზე, რაც არის – ახალი არჩევნები.