ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ, 9 პირი, რომელთაც ქუთაისში, მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს, ხუთ-ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში შეძახილები მოჰყვა. “უსამართლო სასამართლო!” “თავისუფლება მზია ამაღლობელს!” – სკანდირებდნენ დარბაზში.
დაჯარიმდნენ მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, სამოქალაქო აქტივისტი ირმა ზარანდია და ქუთაისის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე.
მათ 2024 წლის 24 იანვარს, ქუთაისში, მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად. იმ დღეს მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-14 დღე იყო.
დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ორჯერ დააკავეს.
თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, მალევე მზია ამაღლობელი კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავების დღიდან ის შიმშილობს. მხოლოდ წყალს იღებს. 10 თებერვალი მისი შიმშილობის 30-ე დღეა.
მალხაზ ოქროპირაშვილი სააპელაციო სასამართლოს ის მოსამართლეა, რომელმაც მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ წარმოებაში არ მიიღო.
აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით. ეს მუხლი 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. თუმცა, ამ მუხლის 6 თებერვალს მიღებული ახალი რედაქციის მიხედვით, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრების გამართვა ისჯება 5 000-ლარიანი ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობით.
სასამართლოზე აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მათი იქ მისვლა იყო სიმბოლური ჟესტი, ეს იყო პასუხი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. ისინი ასაბუთებდნენ, რომ ამ აქციით იქ მცხოვრებლებს საფრთხე ან დისკომფორტი არ შექმნიათ.