აზერბაიჯანმა ერთდროულად გააძევა USAID და დახურა "რუსული სახლი“
„რუსული სახლი“ და USAID აზერბაიჯანში
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ დღეს ორივე – “რუსული სახლისა“ და USAID-ის – საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგიტიმურად გამოაცხადა.
ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, “რუსული სახლის“ დახურვით ბაქო ცდილობს მოსკოვს აიძულოს, აღიაროს ბრალი AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში. ამავდროულად, USAID-ის გაძევებით აზერბაიჯანმა რუსეთი და აშშ ერთი სკალაზე გაათანაბრა, რითაც “მოკავშირეობრივი თანამშრომლობა“ ფაქტობრივად შეასუსტა, ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ფარხად მამედოვი.
- The Economist: გადარჩება საქართველოს ჩრდილოვანი დესპოტი? საქართველოს მომავალი საფრთხეშია
- აზერბაიჯანში კონტრაბანდის ბრალდებით კიდევ ორი ჟურნალისტი დააკავეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო “რუსული სახლისა“ და USAID-ის დახურვაზე
“3 თებერვალს რუსეთის მხარეს გადაეგზავნა ნოტა, რომლის მიხედვითაც “რუსულმა სახლმა“ – ორგანიზაცია “როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა აზერბაიჯანში – უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, რადგან მას არ აქვს იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრაცია,“ – განაცხადა 6 თებერვალს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიხან ჰაჯიზადემ.
“ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებას ველოდებით,“ – დასძინა მან.
საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, “საერთოდ, აზერბაიჯანში მსგავსი ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ისა და “როსსოტრუდნიჩესტვოს“ საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს, ქვეყნების ურთიერთობის პრინციპს და ორმხრივ შეთანხმებებს.“
იმავე დღეს, ამერიკულ მხარეს ოფიციალურად შეატყობინეს, რომ USAID-ს არ გააჩნია აზერბაიჯანში საქმიანობისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი და მან უნდა შეწყვიტოს მუშაობა.
ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიხან ჰაჯიზადემ.
მანამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ 2024 წლის 1 ივნისის შემდეგ USAID-ის საქმიანობას აზერბაიჯანში დე იურე სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია.
რუსეთის რეაქცია
“როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბაქოში მდებარე რუსეთის საელჩომ და “როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ არაერთხელ მიმართეს აზერბაიჯანის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს რეგისტრაციის პროცესში დახმარების თხოვნით. თუმცა, მისი თქმით, ეს მიმართვები უპასუხოდ დარჩა, – ციტირებს პრიმაკოვს РИА Новости.
პრიმაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ შენობის მფლობელმა, სადაც “რუსული სახლი“ იყო განთავსებული, ქონების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, ორგანიზაციას ფართის დროულად გათავისუფლება სთხოვა.
ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, “რუსული სახლის“ გაძევებით აზერბაიჯანი ცდილობს მოსკოვს აიძულოს, აღიაროს ბრალი AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში.
დღეს, ამ მოლოდინებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა მკვეთრი განცხადებით უპასუხა:
“პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ აქვს დაგეგმილი რაიმე განცხადების გაკეთება AZAL-ის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით.“
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ავიაკატასტროფის გამოძიების წინასწარი ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟზე აღმოჩენილი დაზიანებები გარე ზემოქმედების შედეგად წარმოიშვა.
ანგარიშში არ მოიძებნა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ თვითმფრინავი ფრინველებს დაეჯახა ან ბორტზე ჟანგბადის ბალონის აფეთქება მოხდა. ასევე, აღნიშნულია, რომ 05:13:32 საათზე თვითმფრინავის ძირითადი მართვის სისტემები გამოვიდა მწყობრიდან, ხოლო მხოლოდ 05:21:42 საათზე კოორდინაციის დისპეტჩერმა გროზნოს აცნობა ოპერაცია “ხალიჩის“ (Ковер) განხორციელების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნის რეისს ასრულებდა, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა, 29 გადარჩა.
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა რუსეთის საჰაერო სივრცეში, გროზნოს თავზე, ფიზიკური და ტექნიკური გარე ზემოქმედების შედეგად მოხდა.
რა ხდება USAID-თან დაკავშირებით?
ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები და კანონმდებლები ცდილობენ გაარკვიონ, რა ხდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), რომლის საქმიანობაშიც ბოლო დღეებში სერიოზული შეფერხებები გამოვლინდა.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, სააგენტოს ვებგვერდი მიუწვდომელია, ზოგიერთ თანამშრომელს აღარ აქვს წვდომა სამუშაო სისტემებზე, ხოლო 100-ზე მეტი თანამშრომელი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
“სინქრონულად და ელეგანტურად…“
აზერბაიჯანელი პოლიტიკური მიმომხილველი ფარხად მამედოვი მიიჩნევს, რომ “ოფიციალურმა ბაქომ რუსეთი და აშშ ერთი სკალაზე გაათანაბრა, რის შედეგადაც მოკავშირეობრივი ურთიერთობა ფაქტობრივად გაუქმდა“.
“აზერბაიჯანში ერთდროულად იხურება როგორც რუსეთის, ასევე აშშ-ის “რბილი ძალის“ ინსტიტუტები.
ფუნდამენტურად, თუ ბაქოში აშშ-სა და რუსეთის დიალოგი არ იგეგმება, მაშინ აზერბაიჯანში მათი “რბილი ძალის“ წარმომადგენლობების არსებობას რა აზრი აქვს?
აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში ვითარება დაძაბულობის სპირალით ვითარდება. ბაქო პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას ავლენს, თანაც გადაწყვეტილებების მიღებამდე წინასწარ აფრთხილებს პარტნიორებს. ყველაფერი ღიად და სამართლიანად ხდება!
ლოგიკურად, ბაქოში მალე ძალიან მაღალი რანგის რუსი სტუმარი უნდა გამოჩნდეს, რადგან მედიისა და საგარეო უწყების გზავნილები შედეგს არ იძლევა. ბაქო არავის გაგზავნის მოსკოვში.
ამ ნაბიჯს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი ახლავს: ოფიციალურმა ბაქომ რუსეთი და აშშ ერთი სიბრტყის დონეზე დააყენა, რაც “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის“ გაუქმებას ნიშნავს.
და ეს ყველაფერი რუსეთის პოზიციის გამო, რომელშიც “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის“ ელემენტიც კი არ მოიძებნება!“ – ამბობს ექსპერტი.