მოსაზრება: ევროკავშირი სომხეთისგან ელის გარანტიებს, რომელიც საქართველომ ვერ მისცა
ევროკავშირი სომხეთისგან გარანტიებს ითხოვს
სომხეთის პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს მალე განიხილავს. ეს ინიციატივა წამოაყენა ოთხმა არასაპარლამენტო ძალამ და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. იდეას მხარი 60 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონიერად 52 ათასი ხელმოწერა ცნო.
პოლიტოლოგი ჰოვსეპ ხურშუდიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ასამბლეა ამ ინიციატივას არ ჩააგდებს და რეფერენდუმს წვანე შუქს აუნთებს. მისი თქმით, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სომხეთზე ზეწოლის ფონზე, პროევროპული ვექტორი და ამ კურსის სახალხო მხარდაჭერა გახდა “მაშველი რგოლი ხელისუფლებისთვის, რომლის გარეშეც მისი გადარჩენა ვერ მოხდებოდა”. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დეპუტატები პროექტს დაამტკიცებენ, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა უფრო რთული იქნება:
“ერთია ვალდებულების აღება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საგარეო პოლიტიკურ კურსად გამოცხადება, მეორეა ამ პროცესის ინტერპრეტაცია, ასევე ტემპი, რომლითაც განხორციელდება ეს ნაბიჯები.”
“ევროკავშირი ფართოვდება, მაგრამ არ აპირებს ყველას ხელგაშლილი მიესალმოს“
პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით, ევროკავშირი გაფართოვდება. ეს არის ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც დოკუმენტირებულია. შეგახსენებთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო კანდიდატი ქვეყნები არიან, ისინი ბევრად უსწრებენ სომხეთს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას 10 წლის წინ. თუმცა, ამ ქვეყნების შემთხვევაშიც კი, ევროკავშირს ჯერ არ მიუღია ყველა კითხვაზე პასუხი.
ჰოვსეფ ხურშუდიანი ამბობს, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყანაც კი უქმნის პრობლემებს გაერთიანებას, მაგალითად, უნგრეთი, რომლის ლიდერი ვიქტორ ორბანი პერიოდულად ახორციელებს ორგანიზაციის საბოტაჟს.
“ზუსტად ასე წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროკავშირს კი არ სურს თავისი პრობლემებით, სიჯიუტითა და ანტიევროპული ნარატივებით დაიტვირთოს ისეთი ქვეყნებით, რომლებიც ხვალ-ზეგ მხარს დაუჭერენ რუსეთის ფედერაციას სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებში. ევროკავშირი ფართოვდება, მაგრამ არ სურს ყველას დახვდეს ხელგაშლილი. იქ წევრობის მკაფიო კრიტერიუმები არსებობს“.
ანალიტიკოსის თქმით, ევროპელებს სურთ დარწმუნდნენ, რომ სომხეთს აქვს მკაფიო დღის წესრიგი და ის უკან არ დაბრუნდება:
“ევროკავშირი ასევე ელის გარანტიებს, რომ სომხეთის სახით ახალი უნგრეთი არ გაჩნდება. შეგვიძლია ასეთი გარანტიების მიცემა? არა, არ შეგვიძლია. საქართველოც კი ვერ აძლევს ასეთ გარანტიებს, თუმცა ეს იყო რეგიონში ანტირუსული განწყობების ბასტიონი“.
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ სომხეთს გაწევრიანების რთული გზა ელის. მას სჭირდება საკანონმდებლო რეფორმების გატარება, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება და რუსეთის ეგიდით მოქმედი ორგანიზაციებიდან, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების სამხედრო ალიანსიდან (ОДКБ) გაყვანა.
ამასთან, ხურშუდიანის თქმით, სომხეთი საქართველოს 10 წლიანი გზის გავლას რამდენიმე წელიწადში შეძლებს და ასეთი პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ის აღნიშნავს, რომ სირთულეები იქნება, კერძოდ კი რთული იქნება სომხეთის ეკონომიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და პროდუქტიულობის გაზრდა.
მაგრამ ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. ამ მიზნით ის მთავრობას მეწარმეების მხარდაჭერას და სახელმწიფო სისტემის მუშაობის გამარტივებას სთავაზობს.
“რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამწვავება მიზანი არ არის”
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ მონაწილეობდა დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ სამიტში, რომელიც 23 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. მან ორგანიზატორებს აცნობა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა. ჰოვსეპ ხურშუდიანის თქმით, ის, რომ სომხეთის პრემიერმინისტრი რუსეთში არ წავიდა, ურთიერთობების გაუარესების ნიშანია:
“არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ: რაც უფრო გაუარესდება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა, მით უკეთესი. არა, ამას აზრი არ აქვს. და არანაირი მიზანი არ არის ურთიერთობების გამწვავება. არის მიზანი, გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება“.
ანალიტიკოსი ყველას ურჩევს, რომ როდესაც სომხურ-რუსული ურთიერთობების გამწვავებაზე საუბრობენ, გაითვალისწინონ, რომ სომხეთი არ არის ამ პროცესის ინიციატორი.
ხურშუდიანის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვი ერევანთან ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს. მაგალითად, პესკოვი ამბობს, რომ პუტინთან შეხვედრა არ იგეგმება, თუნდაც ფაშინიანი ჩამოვიდეს. ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს განცხადება სომხეთის პრემიერმინისტრის მისამართით იყო მიმართული და ნიშნავდა “თქვენ აქ არ უნდა მოხვიდეთ“.
“დასავლეთთან თანამშრომლობა აუცილებელია აზერბაიჯანის შესაკავებლად”
ხურშუდიანი აცხადებს, რომ სომხეთს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ არავინ მოუწოდებს. ასე პასუხობს ის რუს კოლეგებს, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ. ის განმარტავს, რომ შეუძლებელია რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება და ამავდროულად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მისი თქმით, მოსკოვს სურს, რომ ერევანმა შეასრულოს ყველა მისი სურვილი, მათ შორის, არ ჰქონდეს ურთიერთობა დასავლეთთან და არ იყიდოს იარაღი სხვა ქვეყნებიდან. ამასთან, კრემლი თავად არ აწვდის იარაღს ერევანს. ამავდროულად, ზეწოლის ბერკეტად იყენებს სამხედრო ესკალაციას აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიაზე.
“აშკარაა, რომ აზერბაიჯანთან დასაპირისპირებლად, მის შესაკავებლად საჭიროა დასავლეთთან თანამშრომლობა და არა რუსეთთან. რუსეთის ფედერაცია ზუსტად საპირისპიროს აკეთებს – ის მუდმივად იყენებს ჩვენს წინააღმდეგ აზერბაიჯანს.
მწვანე შუქი სომხეთის ნატოსთან ურთიერთობებისთვის
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოება სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება – ინფორმაციული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა. რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ის მოიცავს ორ სფეროს:
- ჩვენი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება,
- იარაღის შეძენა.
“სამხედრო ინდუსტრია უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა: შეუძლებელია აწარმოო ყველაფერი, რაც გჭირდებათ ერთ წელიწადში. და ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება შეიარაღება, რათა აღვადგინოთ ძალთა ბალანსი რეგიონში. ამავე დროს, ბაქო ძალიან შეშფოთებულია სომხეთისთვის საფრანგეთიდან იარაღის მიწოდებით. არ არის გამორიცხული, სომხეთი აშშ-სგან თავდაცვით იარაღსაც იღებდეს. ირანს ახლა უფრო რბილი პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მიდრეკილია დასავლეთთან შერიგებისკენ.
ეს ნიშნავს, რომ მწვანე შუქი ანთებულია სომხეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც კი. რუსეთი რჩება ერთადერთ დაბრკოლებად“, – განმარტა მან.
ექსპერტის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება რუსეთში და მის გარშემო. ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთს შეუძლია გააგრძელოს ინდივიდუალური პარტნიორობა და სამხედრო თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან. საუბარია, მისი თქმით, არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტზე, არამედ, მაგალითად, დაზვერვა-მონაცემთა გაცვლაზე.