რა გეგმა არსებობს 29 დეკემბრის შემდეგ? კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში და ახალი არჩევნების პერსპექტივა
29 დეკემბრის გეგმა
როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და რა უნდა იყოს სამომავლო სამოქმედო გეგმა – ეს არის იმ შეხვედრების მთავარი თემა, რომლებიც რამდენიმე დღეა პრეზიდენტის სასახლეში იმართება.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 24 დეკემბერს შეხვდა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს.
კონკრეტულად რა გეგმაზეა საუბარი რა მოლოდინი არსებობს 29 დეკემბერთან დაკავშირებით?
29 დეკემბერს “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ეს დღე ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლო სამუშაო დღე უნდა იყოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ პოსტიდან წასვლას არ აპირებს, ვიდრე არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ახალ პრეზიდენტს ლეგიტიმური პარლამენტი არ აირჩევს.
პრეზიდენტი და ასევე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, ხოლო ახალ პარლამენტს და მის მიერ არჩეულ მთავრობასა და პრეზიდენტს – არალეგიტიმურად.
არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მა და ევროკავშირის არც ერთმა ქვეყანამ უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა. არჩევნების პროცესზე მთავარი დამკვირვებლის, ეუთო/ოდირის დასკვნა ასევე მკაცრი და კრიტიკული იყო.
არჩევნებან ერთ თვეში, 28 ნოემბერს “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰვა, რომლებიც უკვე 29-ე დღეა გრძელდება.
ამ ფონზე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა ქვეყანაში, ამიტომ კვლავ გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
22 დეკემბერს ზურაბიშვილმა ერთგვარი ულტიმატუმით მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა, ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე დაინიშნოს. ზურაბიშვილმა ასევე მზაობა გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან და ქვეყნის არაფორმალურ, რეალურ მმართველთან ბიძინა ივანიშვილთან:
“დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა არჩევნებს… მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი… მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ? ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე, მე მზად ვარ და მივიღებ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ, ძალიან მარტივი იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი უარს იტყვის დიალოგზე, პრეზიდენტის თქმით, რეჟიმის ჩამოშლა ქუჩიდან და სხვა გზებით გაგრძელდება. ზეწოლა შიგნიდან და გარედან – ასეთია გეგმა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაჟღერდა:
“29-დან, უკვე თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისი, დიალოგი… მეორე ვარიანტი, მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტები საზოგადოების, ახალი ჩინოსნების სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს, არა ისინი, ვინც დღეს კობახიძესთან მივიდა…”.
ორბელიანის სასახლეში შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებების საგანი არის ახალი არჩევნების ჩატარების მექანიზმი:
“საუბარია იმაზე, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსულ რეჟიმს მოუწევს უკან დახევა და მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარკვეული სამართლებრივი ნაბიჯები, რომელიც გასაგები იქნება ჩვენთვის, საზოგადოებისთვის და დასავლელი პარტნიორებისთვის. საუბარია იმაზე, როგორ მივდივართ სამართლებრივად ახალ არჩევნებამდე, ეს არის ერთი საკითხი. და მეორე – როგორ უნდა ჩატარდეს თვითონ ეს არჩევნები. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არცევნები ვერ ჩატარდება ისე, როგორც 26 ოქტომბერს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მოპარული,” – ამბობს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე.
მისი თქმით, ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი საკმარისზე მეტია:
“ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველია პირველ რიგში ის, რომ არჩევნები მიიტაცეს, ასევე გვყავს რეჟიმი, რომელიც გასულია კონსტიტუციიდან – მათ შორის, კონსტიტუციის 78-ე მუხლი პირდაპირ დაარღვია, ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა, მიატრიალა რუსეთისკენ და მესამე – სულ რაღაც სამი კვირის წინ ჩაიდინა ზედიზედ რამდენიმე ღამის განმავლობაში ადამიანების წამების დანაშაული”.
ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ 29 დეკემბრამდე ივანიშვილი დათანხმდება სალომე ზურაბიშვილის წინადადებას და მოლაპარაკებებში ჩაერთვება:
“მე ვხედავ, რომ რუსული რეჟიმის შიგნით არის გარკვეული რღვება, დასავლეთის მხრიდან წნეხი მატულობს და სანქციების ნაკადი გაიზრდება და ამაში ჩაერთვება სულ უფრო მეტი ქვეყანა, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ მოცემულობას, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკან დაიხევს. მას ამის საშუალებას არ მისცემენ რუსები. რუსეთი ახლა ცდილობს საქართველოს ამბავი დაამთავროს მანამ, სანამ ამერიკაში ოფიციალურად შეიცვლება ადმინისტრაცია, რომ როდესაც მოხდება მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის, საქართველოს საკითხი იყოს მოგვარებული და საქართველო ედოს რუსეთს ჯიბეში. ამიტომ ისინი ახლა ჩქარობენ და გადმოვლენ უფრო მეტ შეტევაზე. ამიტომ, ამ წუთის მდგომარეობით ვერ ვხედავ ალბათობას, რომ ივანიშვილი დაჯდეს ზურაბიშვილთან მოლაპარაკებაზე ახალ არცევნებთან დაკავშირებით”.
ჯაფარიძის თქმით, გეგმა, რომლითაც ამ ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ და გეგმა, რომელსაც ადამიანები კითხულობენ, ეს არის პროტესტი ქუჩაში.
“სხვა გზა ამ ქვეყანაში უკვე არ არსებობს, რადგან ამ ქვეყანაში აღარ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები. ერთადერთი გზა ბრძოლის არის ქუჩაში ბევრი ხალხი. ბევრი ხალხი ქუჩაში თბილისში, ბევრი ხალხი ქუჩაში საქართველოს სხვა ქალაქებში”.
მიუხედავად იმისა, რომ გეგმა ჯერ გასაჯაროებული არ არის, პოლიტიკოსების ნაწილი საკუთარ ხედვებთან დაკავშირებით ღიად საუბრობს. ნიკა გვარამია პრიდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მე -11 მოწვევის პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს.
“მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამ აზრზე ვრჩები (პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები). მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. დღეს გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკებებს, ამბობს, რომ პრეზიდენტთან ერთად განიხილეს, მათ შორის, 29 დეკემბრის შემდგომი სამოქმედო გეგმაც.
“ვთანხმდებით, რომ პრინციპული საკითხები უნდა იყოს შეთანხმებული. იმ შემთხვევაში, თუ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება და წამოვა მოლაპარაკებებზე, მზად უნდა გვქონდეს კრიზისიდან გამოყვანის ხედვები. მეტნაკლებად, ჩვენი მოსაზრებების ძირითადი ჩარჩო მზადაა”.
თუმცა, ცქიტიშვილი ასევე ამბობს, რომ მოლოდინი რომ “ოცნების” ხელისუფლება მოლაპარაკებებზე წამოვა, ამ ეტაპზე არ არის.
ხელისუფლება ახალი არჩევნების ჩატარებას და ზურაბიშვილთან რაიმე მოლაპარაკებებს გამორიცხავს. “ოცნების” აზრით, ხელახალი არჩევნებისთვის კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს.
ულტიმატუმის პასუხად კი, სალომე ზურაბიშვილი მუქარას იღებს:
“ვნახოთ სად გააგრძელებს ცხოვრებას ზურაბიშვილი, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ,” – ეს “ოცნების” პრემიერ-მინისტრის სიტყვებია.
“29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია – ჩემი მოწოდებაა, კიდევ ერთხელ არ უღალატოს ხალხს და არ დაიწყოს საბოტაჟი,” – მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი. ღონისძიების კონკრეტული დეტალები “ქართულ ოცნებას” ჯერ არ გაუსაჯაროებია. დიდი ალბათობით, ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმარტება.
ყაველაშვილი პრეზიდენტად 14 დეკემბერს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან შემდგარმა კოლეგიამ აირჩია.