ჭიათურის ორ სოფელში, ევროკავშირის დახმარებით, ნიადაგი გაუდაბნოებისგან გადაარჩინეს
ევროკავშირის დახმარება საქართველოს
ჭიათურის ორ სოფელში, ზოდსა და დარკვეთში, ევროკავშირისა და ორგანიზაცია CENN-ის დახმარებით, მანგანუმის მოპოვებისგან დაზიანებული ნიადაგები შეისწავლეს, შემდეგ კი, ერთი ჰექტარი ფართობი, სპეციალური სასუქებით დაამუშავეს, იმისთვის, რომ გაუდაბნოებისგან დაეცვათ.
ჭიათურის მანგანუმი
თითქმის საუკუნენახევარია ჭიათურას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მანგანუმის მხარედ იცნობენ. საბადოს ექსპლუატაცია აქ 1879 წელს დაიწყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
90-იან წლებამდე ჭიათურა საბჭოთა კავშირის ქვეყნების მთავარი მომმარაგებელი იყო მანგანუმით. დიდი რაოდენობა გადიოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.
ინტენსიური მოპოვების მიუხედავად, ჭითურაში დღესაც მანგანუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია ევროპაში. ეს დაახლოებით 215 მილიონ ტონას შეადგენს.
შემოსავალთან ერთად, მანგანუმს დიდი ზიანი მოაქვს გარემოსთვის. ჭიათურის სოფლებში ყვებიან, რომ ნიადაგები ნელ-ნელა იფიტება, მატულობს ეროზია, მეწყრული პროცესების საფრთხე და რაც მთავარია, ეს ადგილები გამოუსადეგარი ხდება.
„მადნის ამოღების შედეგად, დროთა განმავლობაში ნიადაგი იფიტება და მიწა უვარგისი ხდება პროდუქტების მოსაყვანად. ის გამოუსადეგარი ხდება ასევე საძოვრებისთვის, რადგან მცენარეები ვეღარ ხარობენ“, – ამბობს თეონა კაპანაძე, ორგანიზაციის „,მხარდამხარ“ წევრი.
ამ ორგანიზაციამ, გასულ, 2023 წელს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახსრების მოძიება დაიწყო. სწორედ მაშინ გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-ს, „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული.
„საქართველოს კლიმატის პროგრამა“ საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ოთხწლიან პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია CENN კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასა (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.პროექტის მიზანია ოთხ სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
„კლიმატის ცვლილების ეფექტების შემსუბუქება ნიადაგების დეგრადაციის შემცირების გზით“- ასე ერქვა პროექტს, რომელიც თეონას ორგანიზაციამ ამ საგრანტო კონკურსზე გააგზავნა და გაიმარჯვა.
ამის შემდეგ, ჭიათურაში დიდი სამუშაოები დაიწყო.
ნიადაგების შესწავლა და აღდგენა
თეონა ამბობს, რომ თავდაპირველად ნიადაგების შესწავლა-გამოკვლევა დაიწყეს.
მას შემდეგ, რაც პირველი შედეგები მიიღეს, გადაწყვიტეს, რომ ჭიათურის ორ სოფელში, ზოდსა და დარკვეთში ნაკვეთების აღდგენა დაეწყოთ. მისი განმარტებით, მიზანი ნიადაგის აღდგენა, გაუდაბნოებისგან მისი გადარჩენა იყო.
ამ პროცესს თეონა ასე გვიხსნის:
„თავდაპირველად ნიადაგს სპეციალური ტექნიკით ვასწორებთ, შემდეგი ეტაპი უკვე გამზადებულ ტერიტორიაზე ნაყოფიერი მიწის, ე.წ. ჰუმუსის მოყრაა. ამისთვის ხშირად მდინარის შლამიც გამოიყენება, ისევე, როგორც ბიო სასუქები. შემდეგ ხდება ბალახის დათესვა, ან უკეთეს ვარიანტში ნერგების დარგვა“.
ზოდსა და დარკვეთში, ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, განისაზღვრა და შეირჩა ამ კონკრეტული ნიადაგისათვის რეკომენდირებული, გამამდიდრებელი და ნერგებისათვის აუცილებელი ბიო- სასუქის სახეობა.
როგორც თეონა ამბობს, ერთ ნაკვეთზე, 4 ათას მ. ფართობზე დაირგო აკაციის 400 ნერგი. დარჩენილ 6 ათას მ. ფართობზე, მეორე ნაკვეთზე კი პავლონიის,(70) ტყემლის (70) და კიპარისის (90) ნერგები.
სიტუაციის გამოსწორებას მრავალი წელი სჭირდება, თუმცა, სამუშაოების დაწყებასაც უკვე გარკვეული დადებითი ეფექტი აქვს როგორც მიწაზე, ისე გარემოზე.
თეონა კაპანაძე დეგრადირებული ნიადაგის რეკულტივაციის პროცესს შემდეგნაირად აღწერს:
„დროთა განმავლობაში, როდესაც ფესვთა სისტემა განვითარდება, იწყება აღდგენის პროცესი და ნიადაგი თანდათან ისევ ნაყოფიერი ხდება. ძირითადად შეირჩევა ისეთი ნერგები, რომლებიც ადაპტირებულია ადგილობრივ კლიმატთან. როდესაც ფესვთა სისტემა ვითარდება, ის ღრმად ჩადის ნიადაგში, იდგამს ფესვებს და ამაგრებს ნიადაგს. ამის შედეგად ნიადაგი იკვრება, დაშლის და ეროზიის პროცესი ნელდება და ჩერდება, რაც თავის მხრივ მეწყრულ პროცესებსაც აჩერებს.“
ზოდსა და დარკვეთში ამჯერად მიწის იმ მონაკვეთების აღდგენა მოხდა, რომლებიც 2007 წლამდე, რაიონში “ჯორჯიან მანგანეზის“ შესვლამდე იყო დაზიანებული. თუმცა, დაზიანებული და აღსადგენი, კიდევ დიდი ფართობებია.
ტრენინგები ახალგაზრდებისთვის
პრაქტიკული სამუშაოების ჩატარების გარდა, „მხარდამხარის“ პროექტის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო. ამისთვის რამდენიმე ტრენინგი დაიგეგმა. მათ შორის, ერთ-ერთი, კლიმატის ცვლილებას და მისი შემსუბუქების გზებს ეხებოდა.
16 წლის ლიზი მეცხოვრიშვილი, სოფელ წირქვალიდან, ამ ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ლიზი და მისი მეგობრები ნიადაგის რეკულტივაციის სამუშაოებშიც მონაწილეობდნენ:
„ნერგების დარგვის შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ კვირაში ავდიოდით ბავშვები და ვრწყავდით, ვუვლიდით. ძალიან სასაიმოვნო განცდა იყო. სოფელში მცხოვრები ბავშვები გავერთიანდით, ერთად ვმუშაობდით, თან ერთმანეთი გავციანით. ყველას ძალიან კარგად გვახსენდება ის დღეები.“
ლიზი ამბობს, რომ მისი თანატოლების უმეტესობა, გარემოსდაცვით საკითხებზე საინტერესო ინფორმაციას სწორედ ასეთი, არაფორმალური განათლებით იღებს:
„მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიის სახელმძვანელოებში მთლიანი პარაგრაფები ეთმობა გარემოს დაცვას, სკოლებში ჯერჯერობით ამ თემას მაინც არ ექცევა სათანადო ყურადღება. ამ დროს, ყველას აწუხებს ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ყველას აწუხებს მაგალითად შლამი, რომელიც ჩამოედინება გზაზე, ჰაერი და წყალი, რომელიც დაბინძურებულია“.
ადვოკატირების კამპანია ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების გამოსაყოფად
პროექტი ადვოკატირების კამპანიებსაც ითვალისწინებდა. მიზანი – ადგილობრივ დონეზე ნიადაგების მოვლა-აღდგენის საკითხების წინ წამოწევა იყო.
ამ მიზნით, ასოციაცია „მხარდამხარისა“ და იმერეთის კლიმატის სამოქმედო ჯგუფის (CAG) მიერ, სპეციალური პეტიცია მომზადდა. ადგილობრივები ამ პეტიციით ადგილობრივ ბიუჯეტში ნიადაგების აღსადგენად საჭურო თანხების გამოყოფას ითხოვდნენ.
მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ადგილობრივი თვითმმართველობის 2024 წლის ბიუჯეტში, ამ მიზნით, 30 ათასი ლარი განსაზღვრეს.
თეონა ამბობს, რომ წელს გარკვეულ ტერიტორიებზე ნამდვილად ჩატარდა რეკულტივაციის სამუშაოები. მას სჯერა, რომ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ეს საკითხი მომავალი წლების ადგილობრივ ბიუჯეტებშიც პროიორიტეტული დარჩება.
ევროკავშირის დახმარება საქართველოს
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.