"ზოგჯერ გვგონია, რომ თითქოს 1921 წელია" - საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. მან ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ ეს მოძრაობა არ დაწყებულა 21 დღის წინ. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ყოველ ჯერზე მასობრივად გამოდიან ქუჩებში, როცა საკითხი ეგზისტენციალურია.
პრეზიდენტის სიტყვას ხანგრძლივი და მქუხარე ოვაცია მოჰყვა ევროპარლამენტარების მხრიდან, რომელთა ნაწილსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა
“გადამწყვეტი დროა, ფაქტობრივად ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ, მოვლენები მეორდება”
“მადლობა რომ მომეცით საშუალება ამ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოსთვის ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს საშუალება, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩემს ქვეყანაში დღესდღეობით. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
გადამწყვეტი დრო დგას, იმიტომ რომ რამდენიმე დღე და თვეა, ჩვენ ფაქტობრივად ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება და ეს, ალბათ, ხსნის იმას, რასაც ჰქვია სიმამაცე, რომლითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავენ – ღრმა უკუსვლას მათ მომავალთან დაკავშირებით, მათ თავისუფლებასთან მიმართებით, დამოუკიდებლობასთან მიმართებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.”
“როდესაც ქართველი ხალხი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის მიმართ საფრთხეს გრძნობდა, ისინი ყოველთვის მასობრივად გამოდიოდნენ ქუჩებში”
“ეს პროტესტები საქართველოს ერთგვარი ნიშა ან თავისებურებაა – ყოველ ჯერზე, როდესაც ქართველი ხალხი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის მიმართ საფრთხეს გრძნობდა, ისინი ყოველთვის მასობრივად გამოდიოდნენ ქუჩებში.
ასეთი მასობრივი პროტესტები არ ყოფილა სოციალური პირობების გამო, არა იმიტომ, რომ კარგი სიტუაციაა, მაგრამ საქართველოში ხალხი მასობრივად გამოდის ქუჩაში, როცა მიაჩნიათ, რომ სასწორზე დგას ეგზისტენციალური საკითხი და სწორედ ეს შემთხვევაა დღეს
ეს არის ძალიან მშვიდობიანი, ძალიან მასობრივი სამოქალაქო, ერთგვარი დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: „დამიბრუნე ჩემი ხმა”, რაც მოპარული არჩევნების შედეგია და „დამიბრუნე ჩემი მომავალი, ჩემი ევროპული მომავალი”, ეს არის მოთხოვნა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების შესახებ.
ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი მოთხოვნა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას. ეს ეხება ერთადერთ საკითხს – დავუბრუნდეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ვნახოთ, სად არის ქართველი ხალხის ნება დღეს.”
“ველოდებით ზომებს ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არაა მარტო”
“საქართველოს მოსახლეობა ელოდება ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან და იმედი მაქვს, არ უნდა ველოდოთ კრიზისის გაღრმავებას, სანამ ევროპა იმოქმედებს და როგორ უნდა იმოქმედოს ევროპამ? პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადებით. ჩვენ ეს გვესაჭიროება და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს.
ჩვენ მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან გვესაჭიროება, იმიტომ რომ პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არ არის მარტო და თქვენ მხარს გვიჭერთ და ეს ევროპარლამენტარებმა გააკეთეს თბილისში ვიზიტის დროს, ეს გახლდათ ემანუელ მაკრონის ძლიერი გზავნილი, რომელიც ამას გულისხმობდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა.”
“მას შემდეგ, რაც რუსეთი ყველგან დამარცხდა, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?!”
“საქართველო არის, იყო და, დარწმუნებული ვარ, იქნება, დასავლეთისა და ევროპის მთავარი საყრდენი რეგიონში, რომლის დაკავებასაც რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს ძველი იმპერიის გენერლების ნათქვამი: “ის, ვინც ფლობს თბილისს, ფლობს კავკასიას”. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა.
თუ საქართველო დამარცხდა რუსულ კონტროლთან, და არ ვსაუბრობ სამხედრო ინტერვენციაზე, არამედ საარჩევნო და კონსტიტუციურ დარღვევებზე, ფსონი ძალიან მაღალია და საფრთხეს შავი ზღვის უსაფრთხოებას, აზიასთან კავშირს, სომხეთის ევროპულ მომავალს უქმნის. შესაბამისად, ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ქართული დემოკრატია და პოლიტიკური არჩევანი
მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა სირიაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?
მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა უკრაინაში დამკვიდრების მცდელობაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?
მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?
და მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა რუმინეთში და, იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ერთხელ დამარცხდება, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?
ეს კითხვები თქვენთვისაა, რადგან რუსეთი რასაც ახლა ჩვენთან ცდილობს, ინტერვენციის ნაკლებად ძვირად ღირებული ვერსიაა, რომელიც იყენებს ქვეყანაში რუსეთის მოკავშირეებს, ჩვენსავე დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, არჩევნებს და თავის მმართველობას აწესებს.”
“ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით”
ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული იყო, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე იყო გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე.
დაგეგმილი იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. სრული კონტროლი გადაეცა ცესკოს. იმ ადამიანებს, ვისაც ცესკო ნიშნავდა, დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ, იყვნენ ხელისუფლების მიერ დანიშნულები. ხმის ელექტრონული კენჭისყრა სპეციფიკურად იყო შემუშავებული, კონტროლის გარეშე. საუბარი იყო, რომ მოპარული იყო ევროპელი მოხუცების პენსიები, ასევე “ქოლცენტრების” საკითხები იდგა – 3500 “ქოლცენტრის” საკითხი.
დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუსული სტილის პროპაგანდა, პლაკატები იყო, სადაც ერთ მხარეს იყო უკრაინაში განადგურებული ეკლესიები და თეატრები, მეორე მხარეს კი, აყვავებული საქართველოს გამოსახულება. ამან იმდენად შოკში ჩააგდო საქართველოში საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი
ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი, რუსული კვალი ეტყობოდა. ასევე ფაქტები იყო: „ოპოზიციას სურს მთავრობა დაამხოს“, „ისინი უნდა გაუქმდნენ არჩევნების შემდეგ“, „ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს არჩევნების შემდეგ”, „ლიდერები უნდა იყვნენ დაპატიმრებულები“. დიდი რაოდენობით „შავი ფული“ იყო გამოყენებული. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა ოქტომბრის არჩევნების დროს. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს. მე მაგალითად, ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ხორციელდებოდა. დავურეკე შს მინისტრს და ვერ ვერც მობილურით და სამთავრობო ქსელით. ვერც მიs მოადგილეებს დავუკავშირდი, მანაც არ გადმომირეკა.
2 პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს. ეს არის საკმარისი, რათა ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი იქნებოდა განსხვავებული. მილიონი წევრი დიასპორის მხრიდან სტრასბურგშია. სტრასბურგი ძალიან კარგი შემთხვევაა, აქ არ გაიხსნა უბანი, სტრასბურგში ბევრი ქართველია. მთლი დიასპორა მობილიზებული იყო, იცოდნენ არჩევნები წყვეტდა რუსეთისკენ გზას ან ევროპისკენ.
ასევე ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი – ელექტრონული სისტემები იყო გამოყენებული, პარტიული კამერები უყურებდა საარჩევნო მანქანებს. ამ ყველაფერზე სარჩელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვქონდა, რომ ზოგიერთი მოსამართლე გაიგებდა და გაათვითცნობიერებდა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა ეს იყო. შედეგები გაყალბებული იყო, კონსტიტუციურად უნდა დანიშნულიყო არჩევნები. იმედი არ გამართლდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გაცხადებულია, რომ ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ღრმა კრიზისზე.”
“ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირი, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ?”
“არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნების დარღვევები, რომელიც მოხდა არჩევნების დროს, არჩევნების შემდეგ. პარლამენტის პირველი სესია შემიძლია მოვიწვიო მხოლოდ მე, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც არ იყო ამ დროს თავმჯდომარე, იგი არ იყო აღიარებული კონსტიტუციის მხრიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ იყო მიცემული დრო იმ სარჩელების განსახილველად, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ესეც კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტის პირველი სესიის წინ მოხდა. [28 ნოემბერს] პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა ლეგიტიმურობა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნები, მას ამ განცხადების გასაკეთებლად მანდატი არ გააჩნდა.
კონსტიტუციაში ნათლადაა გაწერილი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა გამარტივდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული კონსტიტუციის დიდი ნაწილი შეადგინა ამავე პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და მან განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს. ისედაც არ მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ველოდებოდით ამას.
რეალურად მან შეაჩერა ევროპული მომავლისკენ სვლა რეალური მანდატის გარეშე და ამის უფლების ქონის გარეშე. ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა. რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? ოპოზიციური მედია – მინდა ხაზი გავუსვა სამი მედიიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო.
ძნელია ამის დამტკიცება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს დამოკლეს მახვილი ჰკიდიათ თავზე ე.წ. „რუსული კანონის“ გამო. როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია და შესრულება, მნიშვნელოვანია და მესამე – პრეზიდენტი – მე აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის მცდელობის გათვალისწინებით. ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მეყოლება პირადი დაცვა. მე არ ვფიქრობ, რომ დაცვა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.“
“მმართველმა პარტიამ რუსული გზა დაიკავა და თავს აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა”
საქართველოს ორი ნაწილი არ არსებობს. ჩვენ შეიძლება სამოქალაქო კონფრონტაციისკენ მივდიოდეთ. ორი მხარე არ არის. ერთ მხარეს არის საქართველოს ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი
მინდა გითხრათ, რომ მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა და რატომ? იმიტომ, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს, ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები დამოუკიდებლობის შემდეგ. აი. ამ რიცხვებს გვანახებს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ სურთ, რომ რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს მათი ოცნების, ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ.
ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც, ნათლად ვერ დავინახე, „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის 29 ივნისს გავრილოვის ინციდენტის დროს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ეს ძალიან უცნაური ინციდენტი იყო, მაშინ „კოვიდი“ მძვინვარებდა და დავიწყებული იქნა ეს ინციდენტი.”
ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის მიმართ რეპრესიებს და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს.
“როდესაც თქვენ ბოლოს ეწვიეთ ევროპარლამენტს, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პროგრესი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. დღეს ეს მოგზაურობა საფრთხის ქვეშაა. ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის ნებისმიერ რეპრესიას და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას. ეს ქმედებები უკუქცევაა წარმატებული ნაბიჯებიდან, რომლებიც ჩვენ ერთად გადავდგით ბოლო წლებში“, — მიმარტა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილს.
ამ სიტუაციის საპასუხოდ, მეცოლას თქმით, ევროპარლამენტმა მოუწოდა გადამწყვეტი მოქმედებისკენ ევროკავშირს და ახლაც იმეორებს ამ მოწოდებას.
„ვიცი, რომ საქართველოში ბევრია, ვინც თავისი ქვეყნის მომავალზე შიშობს. მე ვლაპარაკობ მთელი პარლამენტის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა იმ ქართველს, ვინც ევროპაში ეძებს მხარდაჭერას, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენთან ვართ. ასე რომ, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება.“ — განაცხადა მეცოლამ.