"ქართული ოცნება" დღეს საქართველოს ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ქუჩაში კი პროტესტი გრძელდება
“ქართული ოცნება” პრეზიდენტს ირჩევს
საქართველოს პარლამენტის შენობაში, დღეს 14 დეკემბერს, საქართველოს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტი არა ხალხის მიერ, არამედ არაპირდაპირი წესით ირჩევა – 300-წევრიანი კოლეგიის მიერ.
საქართველოს პარლამენტი დღეს ერთპარტიული ორგანოა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც სამოქალაქო საზოგადოება და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. საქართველოში უკვე მეჩვიდმეტე დღეა მასშტაბური აქციები იმართება, რომელთა მთავარი მოთხოვნა სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს ირჩევს თითქმის სრულად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერაა დაკომპლექტებული.
არჩევანიც არის ერთადერთი – ეს არის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ყოფილი სპორტსმენი, ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი. ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.
კენჭისყრის პროცედურა დილის ცხრა საათიდან შუადღის ორ საათამდე გაგრძელდება. ამის შემდგომ გამოცხადდება შესვენება, დაითვლება ხმები და დღის მეორე ნახევარში უკვე გამოაცხადებენ კენჭისყრის შედეგს. მთელ ამ პროცედურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი უძღვება.
პარლამენტთან დილიდან იკრიბებიან დემონსტრანტები, რომ პრეზიდენტის არჩევნები გააპროტესტონ. ბარიერგადალახული ოპოზიცია და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ სცნობენ, რადგან ის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არის არჩეული.
დემონსტრანტევმა. პარლამენტთან დილიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით ისინი აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
იგივეს ამბობს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ერთადერთი პროევროპული ინსტიტუციაა საქართველოში. მისი თქმით, ის გააგრძელებს ქართველი ხალხის სახელით მოქმედებას, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი.
“აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია.
იმ წუთებში, როდესაც პარლამენტის შენობაში ახალ პრეზიდენტს ირჩევდნენ, მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა.
როგორც მან მედიასთან აღნიშნა, „სამსახურში მიდიოდა“. თუმცა, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაიარა რუსთაველის გამზირი მაშინ, როცა ორბელიანების სასახლეში ამ გზით არასდროს მისულა, სალომე ზურაბიშვილს არ უპასუხია. ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა მხოლოდ ის, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.
საქართველოს პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ“. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ – სალომე ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა ამ ტიპის შეძახილები.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყო ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფი – „ხალხის ძალა“. პარტიის ერთ-ერთ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთანხმებლობა არ ჰქონიათ და საპარლამენტო უმრავლესობა იმისთვის დატოვეს, რომ „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს გამოყოფა იმისთვის მოხდა, რომ ფორმალურად “ქართულმა ოცნებამ” თავი იმართლოს, რომ პარლამენტში მარტო არ არიან და პრეზიდენტის არჩევნებში “ოპოზიციაც” იღებდა მონაწილეობას.
პარლამენტის პრესსამსახურმა 13 დეკემბერს ღამე გაავრცელა განცხადება, რომ “საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა”. “ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ პარლამენტში ამ დღეს ონლაინ მედიის წარმომადგენლებიც ვერ შევლენ, მათ შორის, პარლამენტში აკრედიტებულები. მსგავსი შეზღუდვა პარლამენტისთვის უკვე ტრადიციად იქცა – იგი ე.წ. “აგენტების კანონის” მიღების პროცესშიც მოქმედებდა და იმ დღესაც, როდესაც მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა.