"ახალი არჩევნები, ახალი ცესკო, სპეციალური სასამართლო" - სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გეგმა გააცნო
სალომე ზურაბიშვილის განცხადება
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გეგმა გააცნო. სპეციალურ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, დაკომპლექტდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შეიქმნას საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლო და მოხდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაც. ზურაბიშვილის თქმით, ეს ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოხდეს.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეაქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში სცადონ სამართლებრივი დავა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აგრძელებს, ასევე ესაუბრება საერთაშორისო პარტნიორებსაც.
რა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა
“ამ თითქოს გარდაუვალი, ღრმა და საშიში კრიზისისგან უნდა მოვძებნოთ გამოსავლის გზა ერთად, უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, შევთავაზე პოლიტიკურ ძალებს, ჩვენ პარტნიორებს და მგონი, რომ ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამ – როგორც ერთადერთი, მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან.
გეგმა როგორია: 1) ახალი არჩევნები; არჩევნები როცა არ შედგა, აუცილებელია განმეორდეს უმოკლეს ვადაში ახალი არჩევები. ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას.
ერთი – საერთაშორისო გამოძიებაა, არა იმისთვის რომ პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, საჭიროა იმისთვის, რომ გაარკვიოს და დაამტკიცოს ის ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გვინდა რომ მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები.
საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი ცესკოს დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ასევე საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ამ ახალ ინსტანციაში სასურველია რომ უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართული
2) 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რადგან არჩევნები არ შედგა, არ შეიძლება შედგეს პარლამენტი, მთავრობა და არც პრეზიდენტის არჩევნები.”
ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ.
ჩემი სარჩელის მიზანია, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე – თუ როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი
მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენს თავს, რომ აღმოჩნდეს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომელიც როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, მათაც შეძლონ და გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში.”- თქვა ზურაბიშვილმა.
გამოხმაურება
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია სრულიად იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას.
ვრჩებით აქ, შემდეგ 24 სათი ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე… მეორე, სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას. ამ არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც პრეზიდენტის მხრიდან და დღეს საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ.
ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ, ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.” – თქვა ვაშაძემ თსუ-სთან.
ნიკა გვარამია, “კოალიცია ცვლილებებისთვის: “მინდა მივესალმო, პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ისტორიულად და სახელმწიფოებრივად სწორია.
გელოდებით ყველას, ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს ქართულ ოცნებას, მის გაყალბებულ პარლამენტს, მის მოგონილ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მივდივართ ყველა გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია.
ეს ქვეყანა ჩვენია, არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ, არც ერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში. ჩვენი ადგილია აქ, ეს პროტესტი საერთოა, მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი, რადგან ეს ქალაქიც, ეს ქვეყანაც და ამ ქვეყნის მომავალიც ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში.”
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ქვეყნის ბედისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდა. ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმების 54 პროცენტი მიიღო. ეს 12 პროცენტით მეტია ეგზიტპოლის შედეგებზე.
ამ მონაცემების არ სჯერათ არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დამკვირვებლებს. მათ მიერ აღმოჩენილებმა ათასობით დარღვევამ და გაყალბების სისტემურმა სქემამ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. არჩევნებიდან უკვე სამი კვირა გავიდა და ამ დრომდე მისი შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობას არ უღიარებია. ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ვიქტორ ორბანია.