"მოვახდინოთ იზოლაცია, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი" - დებატები EU-ში საქართველოს არჩევნებზე
დებატები EU-ში საქართველოს არჩევნებზე
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” ანტი-ევროპულ პოლიტიკაზე ისაუბრეს. ევროპარლამენტარების უმრავლესობა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები “სერიოზული დარღვევებით” ჩატარდა.
ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება დაიცვა და განაცხადა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, უნგრელი ევროპარლამენტარი, ვიქტორ ორბანის “ფიდესის“ წევრი, ანდრას ლასლოა. მისი თქმით, არჩევნებზე “პატარა პროვოკაციებს და ინციდენტებს” ჰქონდა ადგილი, მაგრამ, “არაფერ ისეთს, რაც სხვაგან არ შეიძლებოდა მომხდარიყო”.
ხოლო მეორე დეპუტატმა, რადიკალური ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრმა ჰანს ნოიჰოფმა განაცხადა, რომ ქართველები ჭკვიანი და ამაყრი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ “არ სურთ დაემორჩილონ ბრიუსელის ცისარტყელის დღის წესრიგს.”
ევროპარლამენტი არჩევნების შესახებ რეზოლუციას მომავალ კვირას მიიღებს.
რა თქვეს ევროპარლამენტარებმა
მარგარიტის სხინასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: “26 ოქტომბერს საქართველოს 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს არჩევნები სერიოზული დარღვევებით იყო გამორჩეული. დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს.
მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ჩვენი გულწრფელი მადლობა გამოვხატოთ ამ პარლამენტის მიმართ, რომლის 7 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ხუთ ქვეყანას, ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა და არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა. თქვენმა დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში აღინიშნებოდა.
საშუალება მომეცით თავიდანვე ეს ხმამაღლა და ცხადად ვთქვა: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო სათამაშო ველით, მან გამოიყენა მისი მნიშვნელოვანი რესურსები და ომის შიში, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია.”
მალგოჟატა გოშევსკა, პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი, ევროპარლამენტარი: “ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით, მაგრამ მათ აღარ უნდათ შემდეგ ამ ძალაუფლების დათმობა და საფრთხე ხდებიან საერთაშორისო საზოგადოებისთვის. 2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშვიდობით გადასცა ძალაუფლება. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო უკან მიიწევს ავტორიტარული რეჟიმისკენ და სამწუხაროდ, ახლა ხალხი რომელიც ხელისუფლებაშია რუსეთისგან იღებს სარგებელს.
დროა გამოვიტანოთ დასკვნები. მოგიწოდებთ იზოლაცია მოვახდინოთ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი
რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი: “კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან, საქართველო გამონაკლისი არ არის.
არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. “ქართულ ოცნებას” არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაყინულია – ეს ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დახმარებებზეც.”
დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე: “გასულ წლის დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის მიეცა კანდიდატის სტატუსი. ისტორიული გადაწყვეტილება, იყო უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის.
სამწუხაროდ, ბოლო დროს, სერიოზული შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ტრაექტორია. წინასაარჩევნო გარემო იყო გასვრილი დარღვევებით. ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და ისინი აცხადებენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ უნდათ ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილი იყვნენ. ყველა დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული და ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები უნდა იყოს გათვალისწინებული.”
ჯორჯო გორი, ევროპარლამენტარი: “ათასობით ქართველის ქუჩაში გამოსვლის კადრები ევროპული დროშებით, რომლებმაც გააპროტესტეს ბოლო არჩევნების შედეგები, ადასტურებს, როგორ არის ქართველი ხალხი მიჯაჭვული ინტეგრაციაზე.
ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი და დაფიქსირდა ბევრი დარღვევა. იყო ყალბი ნიუსების კამპანია. ამასობაში, მიღებულ იქნა ბევრი პრორუსული კანონი, როგორიც არის უცხოური აგენტების კანონი და ასევე ე.წ. ოჯახური ფასეულობების დაცვის კანონი
რუსეთის ჩარევასთან ბრძოლა არის გადამწყვეტი. ქართველი ხალხი არის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად, რათა ქართველებმა იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც არის კორუფციისგან თავისუფალი.”
მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტარი: “2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ამომრჩეველზე თვალთვალისა და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეუსაბამობის გამო. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას.
თუ ჩვენ 2021 წელს ვფრთხილობდით, მაშინ ახლა ამ არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დემოკრატიისკენ სამართლიან სწრაფვაში ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ უნდა დავდგეთ.”
ნატალი ლუაზო, ევროპარლამენტარი: “მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით ჩართულნი და თაღლითობა, დაშინება დავინახეთ. ამიტომ, მსურს, ამაზე დებატები აქ, პარლამენტში გავმართოთ.
რაც ახლა საქართველოში ხდება, ვგულისხმობ პროტესტებს, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხს, ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ამაზე სალაპარაკოდ დრო ვერ გამონახა.
ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ და დრო უნდა გამოვნახოთ არა მხოლოდ იმაზე სადებატოდ, თუ რა ხდება საქართველოში, არამედ რეზოლუციის მიღებით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. სწორედ ამიტომ, მოვითხოვ შემდეგ სესიაზე, ეს დღის წესრიგის ნაწილად იქცეს.”