რეზერვების რეკორდული ხარჯვა, სანქციების მოლოდინი - რა ელის საქართველოს ეკონომიკას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
სავალუტო რეზერვების ხარჯვა
სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის სავალუტო რეზერვებიდან 700 მილიონ დოლარამდე გაყიდა. ეს რეკორდული თანხაა – არასდროს 2 თვეში ამდენი ან მასთან მიახლოებული მოცულობის დოლარი ეროვნულ ბანკს არ გაუყიდია. რას ნიშნავს ეს და რა მოელის ქართულ ეკონომიკას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
_________________________________
26 ოქტომბერს საქართველოში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რისკები გაზარდა.
ადგილობრივი დამკვირვებლები ამომრჩევლებზე ტოტალურ ზეწოლაზე, სისტემურ გაყალბებასა და მაშტაბურ ფალსიფიკაციაზე საუბრობენ; არ ჩქარობენ არჩევნების შედეგების აღიარებას დასავლური ქვეყნების მთავრობებიც – მათ სირიოზული კითხვის ნიშნები აქვთ, თუ რამდენად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები.
ეს ყველაფერი ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას.
ეკონომიკის მიმართ რისკებიც სწორედ არჩევნების ლეგიტიმურად არაღიარებიდან მოდის.
არის მოლოდინი, რომ არჩევნების არაღიარებას დასავლეთის მხრიდან სანქციები მოჰყვება. ზუსტად არავინ იცის, ეს იქნება მხოლოდ ინდივიდუალური სანქციები, რაც აქამდეც იყო, თუ იქნება საქართველოს იზოლაციისკენ მიმართული სანქციებიც, მაგალითად, როგორიც არის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება.
ეკონომიკას ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართული სანქციები უფრო დააზარალებს, თუმცა არც ინდივიდუალური სანქციები ჩაივლის უკვალოდ, რადგან, ამჯერად, დასანქცირებულთა რიგებში, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიც აღმოჩნდნენ. როდესაც მოქმედი ხელისუფლების წევრები სანქცირდებიან, ეს აღარ არის „ინდივიდუალური სანქცია“, ეს ქვეყნის დასანქცირებასაც ნიშნავს.
რადგან ზუსტად არ არის ცნობილი, უახლოეს თვეებში რამდენად გაუარესდება დასავლეთთან ურთიერთობა, ამ პროცესის ეკონომიკაზე გავლენის ზუსტი შეფასებაც შეუძლებელია.
წინა საარჩევნო პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ მოსახლეობაში უარყოფითი მოლოდინი იყო – არჩევნების შემდეგ კარგს არაფერს ელოდნენ. ეს დაადასტურა ლარის გაცვლით კურსზე ზეწოლამ. როდესაც მოსახლეობა მოელის, რომ წინ რაღაც ცუდი მოხდება, რასაც ლარის გაუფასურება მოჰყვება, ამ დროს უცხოურ ვალუტას იმარაგებს, ლარს კი იშორებს. მაგალითად, დეპოზიტები ლარიდან დოლარში გადააქვს, სესხები კი პირიქით, დოლარიდან ლარში. ამის შედეგად, სავალუტო ბაზარზე მყისიერად დოლარზე მაღალი მოთხოვნა ყალიბდება და ლარი უფასურდება.
სწორედ ეს მოხდა სექტემბერ-ოქტომბერში. იყო განცდა, რომ არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურდებოდა. ამ განცდას პესიმისტური მოლოდინის გარდა ობიექტური საფუძველიც ჰქონდა. ტურისტული სეზონის გამო ზაფხულში საქართველოში მეტი უცხოური ვალუტა შემოდის, ვიდრე შემოდგომაზე და ზამთარში, რაც ლარს აუფასურებს. გარდა ამისა, წელს (იანვარ-სექტემბერში) საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 22 პროცენტით შემცირდა. წლის პირველ ნახევარში 34 პროცენტით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ შეუჩერეს ან მნიშვნელოვნად შეუმცირეს დახმარება საქართველოს მთავრობამ.
გარდა ზემოთ აღწერილი ფაქტორებისა, განვლილმა თვეებმა დაგვანახა, რომ „რუსული კანონის“ მიღების გამო დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჰქონდა ლარის კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ აპრილ-ივნისში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად 190 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი ორი პროცენტით მაინც გაუფასურდა.
სანქციების და ლარის გაუფასურების ახალი ტალღა სექტემბრიდან დაიწყო. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა, რომ ლარის კურსი 2.74-ზე მეტად არ გაზრდილიყო. ამ მიზნით სექტემბერში 107 მილიონი დოლარი გაყიდა. როდესაც ეროვნული ბანკი დოლარს ყიდის, ამის შედეგად მოსახლეობას აწვდის დამატებით დოლარს, ხოლო ლარი კი მიმოქცევიდან ამოაქვს. ბუნებრივია, ეს ლარს ამყარებს.
ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში. ვიცით, რომ სავალუტო აუქციონზე 213 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ არ ვიცით რამდენი გაყიდა „დახურული“ ვაჭრობით, რომლის შედეგებიც 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
თუმცა, ვიცით ის, რომ ოქტომბერში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 640 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც მიანიშნებს, რომ „დახურული“ ვაჭრობით დაახლოებით 400 მილიონი დოლარი გაუყიდიათ. ჯამში, გამოვიდა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში სულ 700 მილიონი დოლარამდე გაყიდეს. ეს რეკორდული თანხაა – არასდროს 2 თვეში ამდენი ან მასთან მიახლოებული მოცულობის დოლარი ეროვნულ ბანკს არ გაუყიდია.
იმის გამო, რომ საარჩევნოდ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი „დაიჭირა“ და ასევე, ქვეყანაში ვალუტის შემოსვლა შემცირდა, სექტემბერ-ოქტომბერში ვალუტის რეზერვები 800 მილიონი დოლარით შემცირდა. 31 ოქტომბრის მონაცემებით, ეროვნულ ბანკს 3 მილიარდი დოლარის რეზერვი აქვს. ასეთ მაჩვენებელზე ბოლოს 2018 წლის ნოემბერში იყო, ანუ 6 წლის წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური რეზერვები, მლნ აშშ დოლარი
ზოგადად, სავალუტო რეზერვები ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. სავალუტო რეზერვები სახელმწიფომ მხოლოდ რთულ დროს უნდა გამოიყენოს, მაგალითად, როგორიც იყო 2020-2021 წლების პანდემია. რეზერვების გამოყენება დაუშვებელია იმ მიზნით, რომ სახელისუფლებო პარტიას წინა საარჩევნოდ ლარის კურსის „დაჭერაში“ დაეხმარო. გასაგებია, რომ არა ჩარევა, ლარის კურსი გარკვეულ ნიშნულამდე გაუფასურდებოდა, თუმცა თუ ეს დროებითი, არჩევნებთან დაკავშირებული აჟიოტაჟური მოვლენა იყო (როგორც ამას თავად ეროვნული ბანკი ამბობს), კურსი ისევ გამყარდებოდა. მაგრამ, არჩევნების დღეს – 26 ოქტომბერს გაცილებით მაღალი გაცვლითი კურსი იქნებოდა და შესაძლოა, ამას ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე ემოქმედა. სწორედ ეს აირიდა ხელისუფლებამ და ხელისუფლების ეს გეგმა ქვეყანას 700 მილიონი დოლარის რეზერვის გამოყენებად დაუჯდა.
რეზერვების კლებას მნიშვნელოვანი შედეგი ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, მიიჩნევენ ექსპერტები. ეს შეამცირებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს და ინვესტორების ნდობას საქართველოს მიმართ. ეს კი, მომავალში, ინვესტიციების და სხვა სახის კაპიტალის შემოსვლაზე უარყოფითად აისახება. რეზერვების ასეთი კლება ნისნავს იმას, რომ საგარეო შოკების გასამკლავებლად დღეს ეროვნული ბანკი გაცილებით სუსტია, ვიდრე აგვისტოს ბოლოს იყო. სწორედ ეს ამცირებს ნდობას.
“ქართული ოცნების” ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო რეზერვებს, ვიდრე პანდემიამ. მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება. ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში რეზერვები კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა. ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით, BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესრიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება”, – აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ეკონომისტი რომან გოცირიძე.
თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ეროვნული ბანკის რეზერვები ამ ტემპით გააგრძელებს შემცირებას, საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური “ძალიან დიდ მაკროეკონომიკურ კრიზისს” პროგნოზირებს:
“ავიღეთ სტატისტიკა რაც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა და მივხვდით რომ ეს არის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი რაც კი სებ-ს ჰქონია რეზერვების შემცირების კუთხით. $627 მილიონი დოლარი სებ-ს არცერთ კონკრეტულ თვეს არ დაუხარჯავს, იმის მიუხედავად რომ გამოვიარეთ რუსეთთან ომი, გამოვიარეთ კოვიდი, გამოვიარეთ სხვა ტიპის ეკონომიკური კრიზისები, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ამ 30 წლის განმავლობაში არცერთ ერთ თვეს არ დაუხარჯავს სებ-ს ამ ზომის რეზერვები. ორი თვის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები 15-16%-ით შემცირდა,” – ამბობს გილაური.
მისი პროგნოზით, დაახლოებით ერთ თვეში ან თვე ნახევარში სებ-ს მოუწევს კურსის გაშვება:
“ასეთი ტიპის დაჭერა შესაძლებელია თუ სებ-ი თვლის რომ ეს არის მცირევადიანი მერყეობა, ან სეზონური მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი, რომელიც გასწორდება. ფაქტია რომ ჩვენ აღარ ვართ მოკლევადიანი მერყეობის პოზიციაში და აშკარაა რომ კურსი ეძებს ახალ წონასწორობის ნიშნულს. ძალიან მალე სებ-ს მოუწევს კურსის გაშვება. შესაბამისად ახალ წონასწორობას იპოვის კურსი და გამოჩნდება რომ სებ-ი უბრალოდ ტყუილუბრალოდ ხარჯავდა ამ რეზერვებს იმის მაგივრად რომ მიეშვა და ახალი წონასწორული ნიშანი ეპოვა,”– განაცხადა ნიკა გილაურმა.
რა შედეგი ექნება სანქციებს?
ეს ყველაფერი უკვე ჩავლილი ამბავია, მაგრამ რა მოხდება მომავალში? ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ არის დაკავშირებული მოსალოდნელ სანქციებთან, სანქციების სიმკაცრესთან და მასშტაბურობასთან.
საქართველოს ეკონომიკა რომ დასავლური სანქციების მიმართ სუსტია, ეს გასულმა ექვსმა თვემ დაადასტურა. საკმარისი იყო, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ან კონგრესს ინდივიდუალური სანქციები გამოეცხადებინათ, რომ ლარი გაუფასურებას იწყებდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე ქართული ბანკების აქციების ფასი კი მნიშვნელოვნად ეცემოდა. ლარის კურსი და აქციების ფასები ყველაზე კარგად ასახავს, როგორ რეაგირებს ეკონომიკა და მასში ჩართული უამრავი ადამიანი მსგავს ინფორმაციაზე.
საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლურ ფულზე და აქედან გამომდინარეობს, რომ არსებული, თუ პოტენციური სანქციების მიმართ ეკონომიკა სუსტია. 2023 წელს დასავლეთის ქვეყნებიდან (აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი) საქართველოში 7 მილიარდ დოლარამდე შემოვიდა. აქედან – საქონლის და მომსახურების ექსპორტით 2.3 მილიარდი დოლარი; ფულადი გზავნილებით 1.8 მილიარდი დოლარი; პირდაპირი ინვესტიციებით 900 მილიონი დოლარი; მთავრობაზე გაცემული კრედიტის და გრანტის სახით 2 მილიარდ დოლარი. ჯამში, დასავლურმა ფულმა საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედი შეადგინა.
ბუნებრივია, ყველაზე მკაცრი სანქციებიც კი არ გულისხმობს აღნიშნული 7 მილიარდის სრულ შეჩერებას, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ამ თანხის 20-30 პროცენტის შემოსვლაც კი შეჩერდება, საქართველოს ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. მითუმეტეს, როდესაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა. ან საქართველოს ხელისუფლებამ დასავლური ფული და კაპიტალი სხვა ქვეყნებით უნდა ჩაანაცვლოს, მაგალითად, ჩინეთით და რუსეთით, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს ანაკლიაში ასაშენებელ პორტში.
საქართველოს ეკონომიკის ვერ გაძლებაში პირველ რიგში ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება იგულისხმება, რასაც მოჰყვება მაღალი ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა. მსხვილი ქართული ბანკების აქციების ფასები იმდენად დაეცემა, რომ, შესაძლოა, ბანკების სტაბილურობა ეჭვ ქვეშ დადგეს და მოსახლეობაში პანიკა დაიწყოს. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი გაიზრდება. გაზრდილი ინფლაციის გამო ხელისუფლებას სესხების მნიშვნელოვნად გაძვირება მოუწევს, რაც ეკონომიკას შეამცირებს და უმუშევრობა გაიზრდება და ა.შ. ქვეყანა გაღარიბების სპირალში შევა.
თუმცა, დასკვნის სახითაც უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური პრობლემების დონე დამოკიდებულია, როგორც დასავლეთის რეაქციაზე, ასევე „ქართული ოცნების“ შემხვედრ ნაბიჯებზე – წავა გარკვეულ დათმობებზე, თუ უკვე სრულად გადაწყვეტილი აქვს ანტიდასავლური კურსი და შემობრუნებას აღარ აპირებს.
სავალუტო რეზერვების ხარჯვა