TI: რეგიონებში კორუფციული ფაქტების მოცულობამ 3 მილიარდ 280 მილიონ ლარს გადააჭარბა
TI-ს კორუფციის რუკა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) წარმოადგინა კორუფციის რუკის განახლებულ ვერსიას, სადაც დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ორგანიზაციის ცნობით, ამ თანხის თითქმის მესამედი – მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი მათ მხოლოდ 2024 წელს დაერიცხათ.
“კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ქვეყანაში.” – ვკითხულობთ TI-ს ანგარიშში.
კორუფციის რუკა:
დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.
რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:
- აჭარა: 933 060 894 ლარი
- სამცხე – ჯავახეთი: 841 145 309 ლარი
- შიდა ქართლი: 427 245 670 ლარი
- კახეთი: 442 000 000 ლარი
- იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი: 500 131 038 ლარი
- სამეგრელო – ზემო სვანეთი: 138 371 368 ლარი.
თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, დოკუმენტში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც პირადად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა კლანურ დაჯგუფებებთან.
ამ კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში.
“კორუფციის რუკაზე ნახავთ პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ “ფეოდალებად”: ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ასევე ყოფილ დეპუტატებს – იოსებ მაკრახიძეს, ენზელ მკოიანს, ჯუმბერ იზორიას, სერგო ხაბულიანს. აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები. მათ შორის, სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა, ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიების სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები. რუკაზე მოხვდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.” – წერია კვლევაში.
TI-ს ცნობით, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ.