ცივი შხაპი ევროინტეგრაციის მომხრეებისთვის. რა მოხდა მოლდოვის რეფერენდუმსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე
არჩევნები მოლდოვაში
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 20 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებმა ყველა გააოცა და ზოგი შოკში ჩააგდო. ევროინტეგრაციის კონსტიტუციურ ნორმად ქცევის შესახებ რეფერენდუმი მხოლოდ მოლდოვურმა დიასპორამ გადაარჩინა.
ამჟამინდელი პრეზიდენტის, პროევროპელი მაია სანდუს შედეგი, ვერც დიასპორამ იხსნა – იგი იმდენად დაბალი აღმოჩნდა, რომ ბევრს ეჭვი ეპარება, რომ სანდუ მეორე ტურში გამარჯვებას შეძლებს. JAMnews-ის პარტნიორი მოლდოვური ინტერნეტ-გამოცემა NewsMaker-ის კორესპონდენტი ევგენი ჩებანი ცდილობდა გაერკვია, რა მოხდა მოლდოვის არჩევნებში 20 ოქტომბერს.
გამოკითხვები არ გამართლდა
ბოლო თვეების გამოკითხვებში მაია სანდუ თავდაჯერებულ ლიდერობას აჩვენებდა. ყველა გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის შიგნით ამომრჩეველთა 30-35% მზად იყო მისთვის მიეცათ ხმა.
იმ მოქალაქეებშ, რომლებსაც არჩევანი გადაწყვეტილი ჰქონდათ, ეს პროცენტი დაახლოებით 38-43% იყო. ეს კი, დიასპორის ხმებთან ერთად (დაახლოებით 200-250 ათასი ამომრჩეველი ანუ ამომრჩეველთა 13-16%) ამჟამინდელ პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევდა პირველ ტურში გაემარჯვა თუ არა, მინიმუმ 50 პროცენტთან მიახლოებული შედეგი მიეღო.
თავისი პოტენციური ელექტორატის მობილიზებაში სანდუს დაეხმარა რეფერენდუმი მოლდოვას ევროპულ გზაზეც. სანდუს კამპანია ძირითადად სიმბოლურ კავშირზე იყო აგებული მის პიროვნებასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კურსს შორის.
მოლდოველი ამომრჩეველი გაცილებით ნაკლებად პროგნოზირებადი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუ, წინასწარი მონაცემებით, იღებს დაახლოებით 42-43 პროცენტს, რაც მის გამარჯვების შანსებზე მეორე ტურში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა.
კონსტიტუციური რეფერენდუმი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ჩატარდა, დამაჯერებელ გამარჯვებად ვერ ჩაითვლება. წინასწარი მონაცემებით, „დიახ“-ს ხმა მისცა დაახლოებით 51 პროცენტმა მოქალაქემ. ეს შედეგი მიღებულია მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ხარჯზე. ქვეყნის შიგნით კონსტიტუციის ცვლილებებს მხარი დაუჭირა მხოლოდ 46 პროცენტმა.
თუ გადავხედავთ შედეგების რუკას, პასუხმა „დიახ“ მხოლოდ კიშინიოვში და ქვეყნის ექვს რაიონში გაიმარჯვა. მოლდოვის რეგიონების აბსოლუტურმა უმრავლესობამ წინააღმდეგ მისცა ხმა ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში შეტანას.
შორის ფაქტორი
ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ყველა იმ გამოკითხვისგან, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, არის ილან შორის აქტივისტებისა და მხარდამჭერების კორუფციული ქსელი. შორი მოლდოვაში თაღლითობისთვისაა გასამართლებული და ახლა მოსკოვში იმალება.
კრემლის მთავარმა მოკავშირემ მოლდოვაში შეძლო, შეექმნა ფულით ნაყიდი აქტივისტებისა და მხარდამჭერების უზარმაზარი ქსელი.
მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ამ სტრუქტურაში მინიმუმ 130 ათასი მოლდოველი მოქალაქე შედიოდა. პოლიტიკურ აქტიურობაში მათ თანხები ერიცხებოდათ რუსული „პრომსვიაზბანკის“ ანგარიშებზე.
ილან შორმა მოუწოდა მოლდოვაში თავის მხარდამჭერებს, რეფერენდუმში ხმა მიეცათ “წინააღმდეგ”.
ასევე, შორს ამ საპრეზიდენტო კამპანიაშიც ჰყავდა მინიმუმ ორი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც აკონტროლებდა. მოლდოველმა ჟურნალისტებმა შეძლეს დაემტკიცებინათ შორის კავშირი კანდიდატებთან – ვიქტორია ფორტუნასთან და ვასილი ტარლევთან. მათ მ 4,5% (69 ათასი ხმა) და 3,2% (49 ათასი ხმა) მიიღეს არჩევნებზე. საერთო ჯამში ეს 16 ათასი ხმაა, რაც ემთხვევა იმ ციფრს, რომელიც პოლიციამ შორის აქტივისტების ქსელის წევრებად დაასახელა.
თუმცა, რეფერენდუმის ამ შედეგის მხოლოდ ილან შორის მიერ მოსყიდული ამომრჩევლებით გამართლება, ძალიან ზედაპირული იქნებოდა. რომ აღარაფერი ვთქვათ მოქმედი პრეზიდენტის არჩევნების ცუდ შედეგებზე.
ევროინტეგრაციის რეფერენდუმი სანდუს გუნდის პიროსული გამარჯვებაა
მოლდოვის კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის პუნქტის შეტანის შესახებ რეფერენდუმი, მისი ინიციატორების – მაია სანდუსა და მისი გუნდის გეგმის მიხედვით, ორი პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებდა.
პირველი – წმინდა პოლიტიკური ტექნოლოგია – არის სანდუს მეორე ვადით არჩევის დაკავშირება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის პროცესთან და პირველ ტურში პროევროპელი ამომრჩევლების მობილიზება. ასეთი კავშირი უზრუნველყოფდა ევროინტეგრაციის რეიტინგის გადატანას ამჟამინდელი პრეზიდენტის რეიტინგში, რაც იყო და რჩება ბევრად დაბალი ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების კურსის მხარდაჭერა. თუმცა პრეზიდენტის ანტირეიტინგი გადაიზარდა უკმაყოფილებაში იმ კურსით, რომელსაც ის ატარებს.
მეორე მიზანია შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე ევროინტეგრაციის მომხრეების საბოლოო გამარჯვების დემონსტრირება, თუმცა არც ეს გამოვიდა. რეფერენდუმმა მხოლოდ აჩვენა, რომ მოლდოვის საზოგადოებაში სასურველი და გადამწყვეტი უპირატესობა ჯერ კიდევ არ ჩანს.
რეფერენდუმის შედეგი არის იმის მტკიცებულება, რომ ევროინტეგრაციის იდეა არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკურ ტექნოლოგიურ დახმარებას ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც წარმოადგენს მოლდოვის საზოგადოების დიდ, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთ სეგმენტს.
მეორე რაუნდი. ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
20 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში მაია სანდუ (43%) და ალექსანდრ სტოიანოგლო (26%) გავიდნენ. მაღალი აქტივობის პირობებში, როგორც ქვეყანაში, ასევე დიასპორაში და სხვა პროევროპელი კანდიდატების თითქმის სრული არარსებობის პირობებში, მოქმედ პრეზიდენტს ახალი ხმების მიღების შანსი თითქმის აღარ აქვს. ყველაზე უხეში შეფასებით, ერთადერთი, ვისაც შეუძლია სანდუს მეორე ტურში მხარი დაუჭიროს, არიან ოქტავიანე ტიკუსა და ანდრეი ნასტასეს ამომრჩევლები, რომლებმაც არჩევნებში ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეორე ტურამდე სერიოზული ბრძოლა იქნება მესამე ადგილზე გასული რენატო უსათიის (13%) ხმებისთვის.
ასეა თუ ისე, მეორე ტურში დაძაბულობა მაქსიმალურად აიწევს. ორივე კანდიდატი ყველაფერს გააკეთებს ამომრჩევლის მობილიზებისთვის. ასევე, არანაკლები როლი შეიძლება შეასრულოს მოსკოველმა ილონ შორმა.
დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებს უკვე აქვთ მორალური უპირატესობა, რადგან პირველ ტურში ისე მობილიზდნენ, რომ მაია სანდუს სკამი სერიოზულად შეირყა, რამაც მის ოპონენტებს დამატებითი მოტივაცია უნდა შესძინოს.
არის თუ არა გამოსავალი კენჭისყრის შედეგების გაუქმება?
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, შედეგების 100%-ის დათვლამდე დიდი ხნით ადრე, მაია სანდუმ გამართა მოკლე ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ უსახელო კრიმინალური ჯგუფები გაერთიანდნენ უცხოურ ძალებთან და აპირებდნენ 300 ათასი ხმის მითვისებას. მან პირობა დადო, რომ საბოლოო შედეგების დათვლის შემდეგ გამოაცხადებდა რამდენიმე “გადაწყვეტილებას”.
ამ განცხადებამ საფუძველი მოგვცა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება 20 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების გაუქმებაზე ფიქრობს.
ამ არჩევნებში ილონ შორის გუნდის დანაშაულებრივი ქმედებები შეიძლება მართლაც გახდეს შედეგების გასაჩივრების მიზეზი.
მაგრამ აქ არის რამდენიმე “მაგრამ”.
ჯერ ერთი, რეფერენდუმი გაიმართა და ევროინტეგრაციის მომხრეებმა მოიგეს, ამიტომ რეფერენდუმის შედეგების გაუქმება ძალიან უცნაურად გამოიყურება.
მეორეც, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება გააუქმებს რეფერენდუმის ან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, გაუგებარია, რას მოიტანს ეს მომავალში. რომელიმე ხმის გაუქმება მხოლოდ მოტივაციას შემატებს ხელისუფლების ოპონენტებს.
უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთმა ამომრჩეველმა რეალურად გაყიდა თავისი ხმები რეფერენდუმსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე, ისინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ არჩევნებზე სხვაგვარად მოიქცნენ, თუნდაც დაპირებული თანხის გარეშე.
როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მაია სანდუმ, მას მოუწევს მიღწეული შედეგის გააზრება. მან მიდგომები უნდა შეცვალოს იმ ამომრჩეველთან მაინც, ვინც მას ცივი შხაპი გადაასხა.
exchange