"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არჩევნებს ვეღარ დააკვირდება
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, ამის მიზეზად კი ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
TI-ს ინფორმაციით, ორგანიზაცია ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) და სამოქალაქო ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა” გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა”, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” განმარტავენ, ანტიკორუფციული ბიუროს “აბსურდული გადაწყვეტილების გამო“ ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას ავალდებულებს, ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება-ხარჯვა და პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა ევალებათ.
TI-ში ასევე ამბობენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.
“გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
თუმცა, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის.
ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა.” – აღნიშნულია TI-ს განცხადებაში.
ორგანიზაცია ცალსახად აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მათ მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
“მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას „ჩემი ხმა” და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში. ჩვენ ეს ბარიერები არ გაგვაჩერებს.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისათვის! ჩვენ დავიცავთ ყველას ხმას!“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სალომე სამხარაძემ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ენმ-ს გარდა, სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) და ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის სარჩელები განიხილება.
მოსარჩელეები დამატებითი უბნების გახსნას მოითხოვენ ესპანეთში, კერძოდ, არნედოსა და ვალენსიაში, საფრანგეთში, სტრასბურგში და იტალიაში, ოსტუნში.