"ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არ დაუთმობს ცხინვალს საქართველოს" - რეაქცია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაზე
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის შეთანხმება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა ერთი წლის წინ. ზოგიერთმა ცხინვალელმა პოლიტიკოსმა ეს აღიქვა, როგორც ბოლოდროინდელი შიშის უარყოფა, რომ რუსეთი აპირებს სამხრეთ ოსეთის “დათმობას“ საქართველოსთვის მისი ლოიალობის სანაცვლოდ.
შეთანხმების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის “მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას“.
გარდა ამისა, დოკუმენტების პაკეტში მოცემულია რუსეთის მთავრობის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით.“
JAMnews-ის წყარო ცხინვალის მთავრობაში, ანონიმურობის პირობით, ამბობს:
“სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მოიცავს ჩვენი სამხედროების მომზადებას, თანამშრომლობას იარაღის წარმოების სფეროში, იარაღის შეძენას, მათ ექსპლუატაციას და ბევრ სხვას, რაც დადგენილია რუსეთისა და ჩვენი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის.”
ის იხსენებს, რომ 15 წლის წინ, 2009 წელს, ასევე გაფორმდა შეთანხმება “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ერთობლივი რუსული სამხედრო ბაზის შესახებ“. ხოლო მოქმედი დოკუმენტი, მისი თქმით, არის თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება, რომელიც 2009 წელს იქნა შეთანხმებული.
“ზოგადად, რუსეთი უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას და საქართველოს მხრიდან საფრთხის შემთხვევაში სამხედრო დახმარებას გაუწევს“, – აცხადებს წყარო.
- “უტოპია და დემაგოგია“: ცხინვალი კვლავ საუბრობს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე
- „ჩვენ არაფერი გვქონდა გასაყოფი. რუსი რომ ჩაერია, ყველაფერი მაშინ აირია“. რას ფიქრობენ შიდა ქართლში ოსებთან თანაცხოვრებაზე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილმა წევრმა ამირან დიაკონოვმა შეთანხმებას “აუცილებელი” უწოდა:
“საბუთი გვჭირდება. ის აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი მოკავშირე ურთიერთობები სრულად ვითარდება. ეს ადასტურებს, რომ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი თითქოს აპირებს „სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის მიცემას“, სიცრუეა“.
დიაკონოვი დარწმუნებულია, რომ ეს შეთანხმება “სამხრეთ ოსეთის არმიის აღდგენის სამართლებრივი მექანიზმია“.
ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხის განხილვისას რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე, რამილ საიფუტდინოვი დაინიშნა.
ამასთან, დოკუმენტი ადგენს, რომ ხელშეკრულების დამტკიცება არ საჭიროებს დამატებით სახსრებს მოსკოვის ფედერალური ბიუჯეტიდან.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო