საქართველოს პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონი მიიღო
დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონი
საქართველოს პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნული კანონპროექტით “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ეს კანონი ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს.
“ქართული ოცნება” აღნიშნული კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს.
საკანონმდებლო პაკეტში ძირითადი კანონის პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებაა”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.
ამავე ჰომოფობიური და პროპაგანდისტული ინიციატივის ფარგლებში “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც გეგმავს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ აქვთ. პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე კანონის მიღება, რისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებს, მას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავენ.
ასევე, “ქართულ ოცნებას” სურს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, დაემატოს მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით: “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით”.
ვენეციის კომისიის დასკვნა
ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ. მოსაზრების თანახმად, ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, დღის წესრიგში დადგა იმ პერიოდში, როდესაც იყო ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტი, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობა.
მოსაზრებაში ასევე მწუხარებაა გამოთქმული, რომ ცვლილებები დღის წესრიგში დადგა მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე თვეში არჩევნებია. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს ასევე უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოჭრილ შეშფოთებას.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ახალი შესწორებების მიღებამდე ჩატარდეს დასაბუთებული ანალიზი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით კი სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება და ა.შ.).
“ასეთი ანალიზი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ და უნდა ჩატარდეს გარკვეული პერიოდის დროში. დროში, რომელიც შესაბამისი იქნება მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რათა მოხდეს სადავო საკითხების სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასება”, – ნათქვამია მოსაზრებაში.
რაც შეეხება კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებას, ვენეციის კომისია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და მისი წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, შესწორებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვერ დგინდება.
“ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს გაღვივების რისკებს აჩენს.” – ნათქვამია კომისიის მოსაზრებაში.
რა წერია კანონპროექტში
● ქართულ ოცნებას სურს კანონში ჩაწეროს, რომ დაუშვებელია ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც არ იქნება კავშირი ქალს და კაცს შორის. ასევე, ქვიარ ადამიანებს არ შეეძლებათ არასრულწლოვანის შვილად აყვანა. აღსანიშნავია, რომ ამ ორი უფლებით საქართველოში ქვიარები ვერც ახლა სარგებლობენ, რადგან კანონი ისედაც აწესებს შეზღუდვებს.
● გარდა ამისა, ცვლილებები კიდევ უფრო აუარესებს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს, რადგან ზღუდავს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ტრანზიციას (სქესის შეცვლის პროცედურას), ასევე, ზღუდავს პირადობის დამადასტურებენ დოკუმენტებში გენდერული იდენტობის შესაბამისი სქესის ჩანაწერს.
● ცვლილებები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასაც. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაუშვებელი იქნება საგანმანათლებო დაწესებულებაში ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, “რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
● ამასთან, დაუშვებელი იქნება ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ტელევიზიების მხრიდანაც. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება ფილმებიდან კონკრეტული სცენების ამოჭრა ან მათი დაფარვა.
● კანონის მიღების შემთხვევაში, აიკრძალება საჯარო შეკრება და მანიფესტაციაც, “რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.