"ვეცდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის" - ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან
ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმასთან” საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის რუსულ კანონზე და მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა. თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ გააგრძელებს გზების ძიებას, რომ შესაბამის პირებს პასუხი აგებინონ.
რა თქვა მაიკლ კარპენტერმა. მთავარი
● საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია. ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და “უცხოეთის აგენტების კანონი” ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
● გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება , რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა ქართული ოცნების ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში.
ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა. იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს.
● სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.
● ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება.
● შეერთებული შტატები მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორისთვის.
● ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით…
● ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.
თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხმებზე დაკვირვებას, რომელიც საარჩევნო ყუთში მოხვდება. ეს ეხება მთლიანად ატმოსფეროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, შევიწროებას და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არჩევნების წინა პერიოდში.
● მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნებისთვის ლექციების კითხვის პოზიციაში იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან რა არ უნდა გააკეთონ. მსოფლიოს უამრავი ქვეყანა იმ ტრაექტორიით მიდის, რაც მას სურს. თუმცა, თუ ქვეყანას სურს, რომ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იყოს, რაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობას ნიშნავს, მაშინ არსებობს წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ორივე ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, დემოკრატიული სტანდარტების [დაკმაყოფილებაა საჭირო].
● რამდენადაც თავად ქართველ ხალხს სურს, რომ მათი ქვეყანა საბოლოოდ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იხილონ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაკრიტიკოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას.
თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გეოპოლიტიკური ორიენტაცია სურს. მათ აქვთ შესაძლებლობა ოქტომბერში მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და საკუთარი აზრი გამოთქვან.
● ყველა არჩევნები გადამწყვეტია, რადგან თითოეულს დემოკრატიული სულისკვეთებით დემოკრატიული ინსტიტუტების განახლების შესაძლებლობა აქვს.
● ამავე პრინციპით, თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა შეიძლება დაიშალოს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.
● არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების დასრულებით და ადმინისტრაციული ძალის გამოუყენებლობით იმ დონეზე, რომ ამან აიძულოს ხალხს ხმა მისცეს [კონკრეტულ კანდიდატს].
● თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება.