აზერბაიჯანის პარლამენტში უმრავლესობა კვლავ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან შედგება
აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების შედეგები
აზერბაიჯანში პირველ სექტემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პარტია – “ახალი აზერბაიჯანი” მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას მილი მეჯლისში და 68 მანდატს. კიდევ 44 მანდატი დამოუკიდებელ კანდიდატებს გადაეცემათ, რომელთა უმეტესობა სახელისუფლებო პარტიის მიმარ ლოიალობით არის ცნობილი.
“სამოქალაქო სოლიდარობის” პარტიას ეყოლება სამი დეპუტატი, “სამართლიანობის, კანონისა და დემოკრატიის” პარტიას ეყოლება ორი, “რესპუბლიკურ ალტერნატიულ” პარტიას, “ეროვნული დამოუკიდებლობის” პარტიას, “დემოკრატიული რეფორმის” პარტიას, “სამშობლოს” პარტიას და “დიდი აზერბაიჯანის” პარტიას ეყოლება თითო-თითო დეპუტატი.
არჩევნებში აქტივობამ მხოლოდ 37,27 პროცენტი შეადგინა – ეს არის ყველაზე დაბალი აქტივობა საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში.
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები 22 სექტემბრისთვის შეჯამდება.
პარტია მუსავათი: „არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული გარემოს არარსებობის პირობებში“
ოპოზიციური პარტია მუსავათი, რომელიც არჩევნებში 25 კანდიდატით მონაწილეობდა, პარლამენტში ვერ მოხვდა. პარტიის ცენტრალურმა საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიული გარემოს, ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბარი შესაძლებლობების, სიტყვის, მედიის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, შეხვედრების, ზეწოლისა და რეპრესიების არსებობის პირობებში.
“არჩევნებზე აქტივობა უკიდურესად დაბალი იყო. ზოგიერთ უბანზე რამდენიმე საათის განმავლობაში ამომრჩეველი საერთოდ არ იყო.
კენჭისყრას თან ახლდა მასიური დარღვევები, ერთი და იავე პირების და ადამიანთა ჯგუფების მიერ მრავალჯერადი ხმის მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა და დამკვირვებლებზე ზეწოლა.
ეს დარღვევები დაფიქსირდა და ამ ფაქტების ვიდეომასალა გავრცელდა ინტერნეტში.
kk
საარჩევნო პროცესის უწყვეტობა დაირღვა უმეტეს უბნებზე, სადაც მუსავატის კანდიდატები იყვნენ. ასევე, არჩევნების წინასწარი შედეგები ზემოდან ნაკარნახევი მონაცემებით გამოცხადდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მუსავატი აცხადებს, რომ პირველ სექტემბერს მილი მეჯლისის ვადამდელი არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და აზერბაიჯანის ვალდებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.
ნათიგ ჯაფარლი: „ადმინისტრაციულმა რესურსმაც კი ვერ შეუწყო ხელი მაღალ აქტივობას “
კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რესპუბლიკური ალტერნატივა (ReAl) პარლამენტში ერთი დეპუტატით შევიდა. პარტიის ერთადერთი დეპუტატი პარტიის გამგეობის წევრი ერკინ გადირლი, რომელიც მილი მეჯლისში მეორედ აირჩიეს.
2020 წელს პარტია საპარლამენტო არჩევნებში 29 კანდიდატით მონაწილეობდა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტარობის კანდიდატი ნათიკ ჯაფარლი თვლის, რომ აზერბაიჯანში ყველა მომდევნო “არჩევნები წინაზე უარესია“.
„კიდევ ერთხელ შევესწარით საარჩევნო პროცესს, რომელიც აღინიშნა დიდი რაოდენობის დარღვევებით. მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი ოდნავ განსხვავებული შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით: ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი არ არის საკმარისად სრული და გარანტია გამარჯვების მისაღწევად.
ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 37 პროცენტი შეადგინა – 40 პროცენტსაც ვერ მიაღწია. ეს უნდა იყოს სიგნალი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიუხედავად მთელი რესურსისა – ბიულეტენების ჩაყრით და „კარუსელებით“ – მხოლოდ 37 პროცენტიანი აქტივობის მიღწევა შეუძლიათ, ეს არის ტრაგედია ქვეყნის მომავლისთვის“, – ამბობს ის.
PFPA: “არჩევნები ჩატარდა იმ პირობებში, როდესაც ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები სრულიად შეზღუდული იყო“
ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა (APFP) არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ეს იმით გაამართლა, რომ მთავრობა არ აპირებს ჯანსაღი კონკურენტული და თანაბარი პირობების შექმნას ყველა კანდიდატისთვის.
პარტიას 2015 წლის შემდეგ ქვეყანაში არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
არჩევნების შემდეგ პარტიამ განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, რადგან “ეს არჩევნები“ ჩატარდა იმ პირობებში, სადაც ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები სრულად შეზღუდული იყო, რეალური ოპოზიცია და ხალხი მათ ბოიკოტს უცხადებდა.
მარტივი არითმეტიკა: „1100 ხმა 45 ყუთიდან + 3093 ხმა ოთხი ყუთიდან“
ნეფჭალას რეგიონიდან დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ცნობილმა გენდერულმა აქტივისტმა ვაფა ნაგიევამ ასევე ისაუბრა გაყალბებაზე. მან აღნიშნა, რომ 45 საარჩევნო ყუთიდან ხმების დათვლის მიხედვით ის ლიდერობდა სამი ათასზე მეტი ხმით, ხოლო მისმა კონკურენტმა, ტანზილია რუსტამხანლიმ სამოქალაქო სოლიდარობის პარტიიდან მხოლოდ 1100 ხმა მიიღო.
კმაყოფილი დამკვირვებლები
არჩევნებს აკვირდებოდა 600-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისია და დამკვირვებლები დსთ-ს ქვეყნებიდან, ასევე 100 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი.
„საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველა საერთაშორისო პრინციპის დაცვით“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წარმომადგენელმა ანდრეი იაცკინმა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა და ერთ უბანზე ეგზიტპოლი ჩატარდა. ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საარჩევნო კანონმდებლობა უზრუნველყოფდა ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას“, – განაცხადა მან.
აზერბაიჯანში 1 სექტემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სადამკვირვებლო მისიაც აკვირდებოდა.
„აზერბაიჯანის მთავრობის მიზანი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარება. ჩვენი სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 16 ადამიანისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან.” – განაცხადა SCO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ნურან ნიაზალიევმა.
„გუშინ მოვინახულეთ 36 საარჩევნო უბანი, სადაც ხელისშეშლა არ დაგვიფიქსირებია.” განაცხადა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) გენერალური მდივნის მოადგილემ, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ომერ კოჯამანმა.