როგორ აქციეს ტყიბულის საბავშვო ბაღში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მზის სხივები სუფთა ენერგიად
მზის პანელები ტყიბულის ბაღში
ტყიბულში, ეკოლოგიური პრობლემებით სავსე ქალაქში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მზის ენერგიის გამოყენება დაიწყეს.
ქალაქის გარეუბანში მდებარე მეექვსე საბავშვო ბაღში მზის პანელები გასულ წელს დამონტაჟდა და ამ გაზაფხულზე ამოქმედდა.
ახლა ზაფხულია, ბაღი ისვენებს, შესაბამისად, არც გამომუშავებულ ენერგიას მოიხმარენ. მაგრამ, სამაგიეროდ, ეს შესანიშნავი საშუალებაა შემოსავლის მისაღებად.
- როგორ ებრძვიან ახალგაზრდები რეგიონებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს
- “მხოლოდ ჩვენი სკოლიდან თვეში ორი ათასზე მეტი ბოთლი იყრებოდა”. ამბავი მოსწავლეებზე, რომლებიც პლასტმასის ბოთლებს აღარ იყენებენ
და, ეს ყველაფერი არ არის.
“მეშახტეთა ქალაქში” გარემოსდამცველები, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების დახმარებით, კიდევ ბევრ ინიციატივას ახორციელებენ იმისთვის, რომ ქალაქს, რომელსაც სუნთქვა უჭირს, როგორმე უშველონ.
ტყიბული – “მეშახტეთა ქალაქი”
ქალაქ ტყიბულს თბილისიდან 230 კილომეტრი აშორებს. საბჭოთა დროს, ტყიბული, ტყვარჩელთან ერთად, საქართველოში ქვანახშირის წარმოების მთავარი ქალაქი იყო.
ქვანახშირის საბადო ტყიბულში ზუსტად ორი საუკუნის წინ, 1825 წელს აღმოუჩენიათ. ამ ამბიდან ოცი წლის შემდეგ კი აქ წიაღისეულის მოპოვება დაუწყიათ.
კომუნისტების დროს ტყიბულში ოთხი შახტი მუშაობდა. “ცხოვრება ქუხდა” – როგორც ადგილობრივები ამბობენ, შახტთან ერთად ლიმონათის ქარხანა, სამკერვალო ფაბრიკა და სხვა სამუშაო ადგილები იყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეჩერდა და მხოლოდ მას შემდეგ აღდგა, რაც 2006 წელს წიაღისეულის მოპოვების უფლება შპს „საქნახშირმა“ მიიღო.
ტყიბულში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა. ქვანახშირმა ქალაქს შემოსავალთან ერთად, ბევრი პრობლემაც მოუტანა. სამრეწველო პროცესის შედეგად, ტყიბულის ჰაერში ქვანახშირის მტვერი, ჭვარტლი, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები გროვდება. დაბინძურებულია წყალი და ნიადაგიც. ეს ყველაფერი მძიმე გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც, ფლორასა და ფაუნაზე.
როგორ გაჩნდა მზის პანელების იდეა
ამ რეალობის ფონზე, ტყიბულში განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი პროექტის განხორციელება, რაც ქალაქის ყველაზე დიდი საბავშვო ბაღის შენობაზე მზის პანელების დამონტაჟებას მოიაზრებდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ინოვაციური იყო.
პროცესი გასულ ზაფხულს დაიწყო. ტყიბულის მეექვსე საბავშვო ბაღში, სადაც ათასამდე აღსაზრდელია, 5,88 კვტ/სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დაამონტაჟეს. მარტის დასაწყისიდან კი ის ექსპლუატაციაში ჩაეშვა.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობა იყო.
ქალაქის მხრიდან პროექტს “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი” (TDDF) და მისი ხელმძღვანელი, ზაზა გოჩელაშვილი კურირებდა. ფონდი უკვე 16 წელია არსებობს.
„გარემოსდაცვითი კულტურა, განახლებადი ენერგიის გამოყენების მნიშვნელობა, ენერგოეფექტურობა, ამ საკითხებზე წლებია ვსაუბრობთ და ვმუშაობთ. ამიტომ, როდესაც გავიგეთ საგრანტო კონკურსის შესახებ, გადავწყვიტეთ აუცილებლად მიგვეღო მონაწილეობა. ტყიბულში ისედაც საკმაოდ რთული ეკოლოგიური მდგომარეობაა და როცა რაღაც საშუალება ჩნდება, რომ ნაკლები ზიანი მიაყენო გარემოს, ეს შანსი უნდა გამოიყენო”, – ამბობს ზაზა გოჩელაშვილი.
ბაღი, სადაც პანელები დამონტაჟდა, ტყიბულის გარეუბანში მდებარეობს. ზაზა ამბობს, რომ მისი შერჩევის მიზეზი, გარდა სიდიდისა და მასშტაბურობისა, ისიც იყო რომ გარეუბანში მიზიდულობის ახალი წერტილი გაჩენილიყო:
„სიახლეა. მნახველიც ბევრი ეყოლება. ახალი სიცოცხლე გაჩნდება აქ და კარგია ქალაქისთვის”.
ელექტროსადგური ყველაზე ინტენსიურად სწორედ მზიან, ცხელ დღეებში მუშაობს. ამიტომ, რადგან ბაღს დატვირთვა არ აქვს, გამომუშავებული მზის ენერგიით დამატებითი შემოსავალი შეიძლება გაჩნდეს.
მზის პანელები ღრუბლიან დღეებშიც გამოიმუშავებს ენერგიას, მთავარია მასზე თოვლის საფარი არ იყოს.
ზაზა გოჩელაშვილის თქმით, ბაღში მზის ელექტროსადგურის დამონტაჟების შემდეგ ინტერესი სხვა ორგანიზაციებმა და მეწარმეებმაც გამოთქვეს:
„რეგიონში პრეცედენტი შეიქმნა და დაინტერესებაც მალევე გაჩნდა. მცირე მეწარმეები ეძებენ გზებს, როგორ გააკეთონ იგივე. პანელების დამონტაჟება საკმაოდ ძვირია, დიდი ინვესტიცია სჭირდება. ბაღის შემთხვევაში ეს თანხა ევროკავშირისა და CENN-ის დახმარებით გადავიხადეთ. სხვაგანაც თუ გამოჩნდება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ჩავერთვებით პროექტში. გვინდა სტაბილურად ვიმუშაოთ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პოპულარიზაციაზე”.
როგორ ცდილობენ ახალგაზრდები ტყიბულის გადარჩენას
პროექტი ცნობიერების ამაღლების კამპანიებსაც მოიცავდა, რაშიც უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ ჩართული.
“ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება არაფორმალური განათლებაა. შესაბამისად, აქ მანამდეც არაერთი ინიციატივა განხორციელებულა ახალგაზრდებთან თანამშრომლობით.
ამ პროექტის ფარგლებში ტყიბულში დაარსდა კლიმატის კლუბი, რომელშიც 15 ახალგაზრდა მოხალისე გაერთიანდა. მათთვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგები კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ.
შემდეგ ეს ახალგაზრდები თავად ჩაერთნენ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში და სკოლებსა თუ სხვა დაწესებულებებში უკვე მათ თანატოლებს გაუზიარეს ინფორმაცია. იმსჯელეს, რატომაა მნიშვნელოვანი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და ენერგიის დაზოგვა და როგორ უნდა მოვახერხოთ ეს.
15 წლის ლიზი გვეტაძე ერთ-ერთია მათგან, ვინც კლიმატის კლუბში გაწევრიანდა. ამბობს, რომ გარემოს დაცვის საკითხებით ის ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაინტერესდა:
„ჩვენი სკოლა ეკოლოგიის თემებში დიდი ხანია ჩართულია, სკოლაში ეკო -კლუბიც გვაქვს და სხვადასხვა თემატური შეხვედრებიც ტარდება ხოლმე. ამიტომ, ამ პროექტითაც თავიდანვე დავინტერესდი. ჩემი აზრით, ინდუსტრიულ ქალაქებში, სადაც რაიმე წიაღისეულის მოპოვება ხდება და დაბინძურება მაღალია, მოსახლეობამ განსაკუთრებით კარგად უნდა იცოდეს საფრთხეების შესახებ და ესმოდეს ეკოლოგიის მნიშვნელობა. ამიტომ, ასეთ ადგილებში ყველაზე მეტად არის საჭირო ცნობიერების ამაღლების კამპანიები”, – ამბობს ლიზი.
მოეწყო ფოტოკონკურსიც, რომლის თემაც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. ახალგაზრდების თვალით დანახული ტყიბულის ეკოლოგიური პრობლემები საბოლოოდ გამოფენაზე წარადგინეს.
აქტივობები მოიცავდა სასწავლო ტურს კომპანია ”საქნახშირის” შახტში.
მოეწყო საერთაშორისო ვებინარი საქართველოში და პოლონეთში განახლებადი ენერგიების გამოყენების გამოცდილების შესახებ.
„პოლონელმა ექსპერტებმა გაგვიზიარეს გამოცდილება, თუ რა ეფექტი აქვს ამ ყველაფერს წლების განმავლობაში და რატომაა მნიშვნელოვანი, ვიზრუნოთ ამ მიმართულების განვითარებაზე. რიცხვებში დაგვანახეს, რამდენად პოზიტიური ზეგავლენა აქვს ამ ყველაფერს, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით”, – ამბობს ზაზა გოჩელაშვილი.
მისი ინფორმაციით, პროექტში მთლიანობაში დაახლოებით 450- მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უმეტესობა ახალგაზრდა იყო.
ზაზა ამბობს, რომ ისეთ ქალაქებში, როგორიც ტყიბულია, ადგილობრივებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ ქალაქს მძიმე ეკოლოგიური პრობლემები როგორმე შეუმსუბუქონ.
მზის პანელები ტყიბულის ბაღში
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.