როგორ ცდილობენ ფერმერები რაჭიდან ეკომეგობრული მეურნეობების მოწყობას
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
ახალგაზრდა ფერმერები: ირაკლი, გიორგი და ნინო ცდილობენ, მეურნეობა ისე მოაწყონ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ გარემოსთვის მიყენებული ზიანი და ამავდროულად, უკეთესი მოსავალი მიიღონ.
გარემოსთვის ზიანის შესამცირებლად, ფერმერებმა გადაწყვტეს შეძლებისდაგვარად შეამცირონ ისეთი ტექნიკის გამოყენება, რომელსაც ბევრი გამონაბოლქვი აქვს. ასევე, ცდილობენ ნაკლებად გამოიყენონ ერთჯერადი პლასტმასის ნივთები.
ამ ყველაფერს მოიცავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, რომელიც, ბოლო პერიოდში, კლიმატის ცვლილების ფონზე, სულ უფრო საჭირო და პოპულარული ხდება.
- “გრანტს არ მაძლევდნენ, პომიდორს აქ რა უნდაო” – როგორ იყენებენ მზის ენერგიას ახალქალაქში
- როგორ იქცა ბალნეოლოგიური კურორტი ცაიში სათბურების სოფლად. ვიდეო
- თბილისელი ცოლ-ქმრის ამბავი, რომლებმაც კახეთში ნამჯის, კვერცხისა და რძისგან ორი სახლი ააშენეს
კლიმატის ცვლილება გარემოზე დიდ გავლენას ახდენს. ამავდროულად, ახალ გამოწვევებს ქმნის სოფლის მეურნეობაში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიზანია სოფლის მეურნეობის გარდაქმნა ისეთ სისტემაზე, რომელიც შეარბილებს კლიმატის გავლენას მოსავლიანობაზე, უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებასა და ამავე დროს, გარემოსაც დაიცავს სათბურის აირების ემისიისგან.
რა გავლენა აქვს სოფლის მეურნეობას კლიმატის ცვლილებაზე და ამავე დროს, კლიმატის ცვლილება როგორ ცვლის ფერმერების შრომას, ამ დეტალებზე, ახალგაზრდა ფერმერები რაჭის მაღალმთიანი სოფლებიდან, გრძელვადიან გადამზადებას გადიოდნენ.
ამ სტატიაში, ირაკლის, გიორგის და ნინოს ისტორიით მოგიყვებით, რა შეცვალა მათ საქმიანობაში გადამზადების კურსებმა.
სამი სკით დაწყებული მეფუტკრეობა
33 წლის ირაკლი ყავლაშვილი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა რამდენიმე წელია, წელიწადში თითქმის ექვს თვეს რაჭაში, მამა-პაპისეულ სახლში ატარებს და ფუტკარს უვლის.
ფუტკარი ბაბუას ჰყოლია. მერე ამ საქმისთვის ოჯახს თავი დაუნებებია. ირაკლიმ კი გადაწყვიტა ბაბუის საქმე გაეგრძელებინა და მეფუტკრეობა დაიწყო, სულ რაღაც, სამი სკით:
“მეფუტკრეობა მხოლოდ შემოსავლის მისაღებად არ დამიწყია, მინდოდა ტრადიცია გამეგრძელებინა. თან, ძალიან საინტერესო საქმეა და მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ”.
მეფუტკრეობაზე ირაკლის პროფესიული ცოდნა არ ჰქონდა. ამიტომ, ცდილობდა ამ თემაზე ტრენინგებს დასწრებოდა.
ასე ჩაერთო CENN-ისა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში “კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში”, რომელიც ფერმერების თემატური კომპეტენციების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ტრენინგების დასრულების შემდეგ ირაკლის ტრენერებთან და ჯგუფის სხვა წევრებთან კომუნიკაცია არ შეუწყვეტია. ამბობს, რომ ერთმანეთს დღემდე უზიარებენ გამოცდილებასა და რჩევებს:
“ტრენინგებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, გავასამმაგე სკების რაოდენობა. წინა ზამთარში ერთი სკა გამიფუჭდა, ოჯახების რაოდენობის გაზრდა მინდოდა, სკის გაყოფა ჰქვია ამას, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. ტრენინგის შემდეგ ტრენერთან მთელი შემოდგომის განმავლობაში კავშირი მქონდა, ვისწავლე და უკვე გაზაფხულზე წარმატებით გავყავი. ახლა უკვე 14 სკა მაქვს. რამდენიმე ვიყიდე, მაგრამ უმეტესი 6 თუ 7 გაყოფით მივიღე”.
ახლა ცოდნას მეზობლად მცხოვრებ მეფუტკრეებსაც უზიარებს. ამბობს, რომ ფერმერების ნაწილი კვლავ მხოლოდ ძველებურ მიდგომებს აღიარებს, რაც ფუტკარსაც ვნებს და გარემოსაც:
“ძირითადად, ჩემს გარშემო ადამიანები ისეთი ცოდნით მუშაობენ, რაც მათ ბებია-ბაბუისგან აქვთ ნასწავლი. თანამედროვე მიდგომები არ იციან. ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ერთი წამლით ყველა დაავადებას უმკურნალონ. რეალურად, კი ასე მარტივი არ არის, ყველაფერს კონკრეტული, შესაბამისი მიდგომა სჭირდება”.
ირაკლი გვიხსნის იმასაც, თუ რატომაა მნიშვნელოვანი გარემო არა მხოლოდ ერთმა, არამედ, ყველა ფერმერმა დაიცვას.
მაგალითად, ფუტკარმა სუფთა თაფლი რომ აწარმოოს, მის სიახლოვეს არ უნდა იყოს ქიმური საწამლავებით შეწამლული ვენახები, ყანები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ირაკლი ამბობს, შენ შეიძლება ძალიან კარგად უვლიდე, მაგრამ, მეზობელი ფერმერი იყენებდეს ცუდ პრეპარატებს, ეს კი შენს მოსავალსაც დააზიანებსო:
” ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი. რაც უფრო კლიმატგონივრული და ბიოლოგიურად სუფთა წარმოება იქნება, ეს სოფლის მეურნეობის ჯაჭვის ყველა რგოლს დაეხმარება”.
გიორგის რაჭული “ხვანჭკარა”
გიორგი მურუსიძე რაჭაში, სოფელ ზნაკვაში ცხოვრობს და მევენახეობა-მეღვინეობას მისდევს. ეს გიორგის ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა.
დროთა განმავლობაში გიორგიმ მეურნეობა გააფართოვა. წინაპრების დანატოვარიც შეინარჩუნა და საქმიანობაში თანამედროვე, კლიმატგონივრული მიდგომებიც ჩართო.
რაჭა, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ვენახების სიმცირით ხასიათდება, თუმცა გამოირჩევა ყურძნის იშვიათი ჯიშებით. ასეთია ხვანჭკარაც, რომლის უნიკალურობას სწორედ რაჭის კლიმატი და ნიადაგი განაპირობებს.
გიორგის ექვსი ათას კვადრატულ მეტრზე რაჭის სავიზიტო ღვინის, “ხვანჭკარას” დასაწურად საჭირო ჯიშები – ალექსანდროული და მუჯარეთული აქვს გაშენებული. ხვანჭკარა ამ ორი ჯიშის შერევით მიიღება.
ახალგაზრდა მეღვინეს ყოველწლიურად დაახლოებით ექვსი ტონა ყურძენი მოჰყავს.
გიორგი წელსაც კარგ მოსავალს ელის. ამაში ის ცოდნაც დაეხმარა, რაც, ირაკლის მსგავსად, მანაც ტრენინგებზე მიიღო:
“წინაპრებისგან ვიცოდით, რომ ვენახი ყოველ ათ დღეში უნდა შეგეწამლა. მაგრამ, ახლა ასე არ არის. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება წამლობიდან – წამლობამდე ორი კვირაც დაიცადო. ან, შეწამლო, მაგრამ ისე მოხდეს, რომ ორ დღეში კიდევ შესაწამლი გაგიხდეს”.
ტრენინგზე გიორგიმ ისწავლა ისიც, რომ ვაზის ყვავილობისას შაბიამნის არასწორმა პროპორციამ შეიძლება ნაყოფი პირიქით, დააზიანოს. ახლა გიორგი ამისთვის სპეციალურ პრეპარატს იყენებს და შედეგითაც კმაყოფილია:
“მქონია შემთხვევა, რომ შაბიამანი სითხე თხელი გამომსვლია და ეფექტი არ ჰქონია. ეს პრეპარატი წყალში ადვილად იხსნება, მარტივია და მეტადაც დაცულია ვენახი”.
გვიყვება, რომ გარემოს სისუფთავეზე ყოველთვის ზრუნავდა, არ ანაგვიანებდა, მაგრამ, ახლა კლიმატის ცვლილებაზე უფრო მეტად დაფიქრდა და მეტად მგრძნობიარე გახდა.
მაგალითად, ცდილობს უარი თქვას ძრავიანი ცელის გამოყენებაზე და სადაც ემარჯვება, ბალახს ხელით თიბავს. ასე ემისიების შემცირებას უწყობს ხელს.
ნინოს ბაღჩა
ნინო არსანიძეს რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში ბაღჩა აქვს. მეურნეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ბაღჩის მოვლის შესახებ ინფორმაციებს თავად აგროვებს, თვითნასწავლია.
ნინო ფიქრობს, რომ მის სოფელში მებაღჩეობისთვის იდეალური გარემო პირობებია. სამომავლოდ გოგრის მოყვანას გეგმავს.
ნინოც ამ ტრენინგების ერთ-ერთი მონაწილეა. ამბობს, რომ ცოდნის გარდა, ამ შეხვედრების შენაძენი მისთვის მენტორები არიან.
აპირებს, რომ ახალი წამოწყების – გოგრის ბაღჩის მოსაწყობად რჩევებისთვის მათ მიმართოს.
სწორედ ეს იყო პროექტის კოორდინატორის, ირინა კონდრატიევას მოტივაციაც, როდესაც საპროექტო იდეას წერდა – რაჭაში მცხოვრები ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა საერთაშორისოდ არსებული ცოდნა:
“სოფლებში რომ დავდიოდი და ჩამომხმარ ბაღებს, ხეხილს ვხედავდი, გული მიკვდებოდა. ამდენი ნამუშევარი უფუჭდებოდა ხალხს. არცოდნა იმდენად უშლიდა ხელს გლეხს, რომ შრომის მიუხედავად, მოსავალს ვერ იღებდა. ამიტომ, მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა, რომ ყველა დამუშავებულ კვადრატულ მეტრზე მაქსიმალური შედეგი მიეღოთ”.
ტრენინგები სოფლის მეურნეობის სამ ძირითად მიმართულებას ფარავდა: მევენახეობა, მებაღჩეობა და მეფუტკრეობა.
მიმართულების განსაზღვრის შემდეგ, რაჭის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლები შეარჩიეს. ჯგუფები თემატურად შედგა, ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით. თითო ჯგუფში ოცი ადამიანი იყო. ათამდე სოფლიდან მონაწილეები ორგანიზატორებს ამბროლაურში ჩამოჰყავდათ.
ჯამში, პროექტის ფარგლებში ტრენინგები 60-ზე მეტმა ფერმერმა გაიარა სოფლებიდან: ურავი, წესი, კვაცხუთი, ლიხეთი, სადმელი, ჭრებალო, ხვანჭკარა, ნიკორწმინდა და ზნაკვა.
რომ გვცხელოდა და მოიმატა ტემპერატურამ კი ვიცოდით, მაგრამ, ეს ამ მასშტაბის პრობლემებს თუ ქმნიდა სოფლის მეურნეობაში, არ ვიცოდითო, ეუბნებოდნენ ტრენინგის მონაწილეები ირინა კონდრატიევას.
სწავლება ვიზიტებსაც მოიცავდა. ტრენინგის მონაწილეები იმ ფერმერებს სტუმრობდნენ, ვინც ამ ახალ, კლიმატგონივრულ მიდგომებს უკვე იყენებდა თავის საქმიანობაში.
ერთ-ერთი გასვლითი აქტივობის დროს სარწყავი სისტემა მოინახულეს:
“სისტემის აწყობა, მუშაობის პრინციპი, ხარჯთაღრიცხვა ყველაფერი აგვიხსნეს” – გვეუბნება ირინა კონდრატიევა.
ირინა გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში რაჭაში ახალგაზრდების დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება. მისივე თქმით, ბევრმა გამოთქვა სწავლებაში ჩართვის სურვილიც:
“მამა-პაპური მიწების მოძიება დაიწყეს, ახალგაზრდა ოჯახები იყვნენ ჩამოსული. პროექტში ასეთი ადამიანებიც გვყავდა ჩართული, ძალიან აქტიურები იყვნენ”.
ტრენინგკურსები უკვე დამთავრდა, თუმცა მონაწილეები კომუნიკაციას არ წყვეტენ.
ირინა ამბობს, რომ ირაკლი, გიორგისა და ნინოს ისტორიები კლიმატგონივრული მეურნეობის შესახებ რაჭის სხვა მაცხოვრებლებსაც აძლევს მოტივაციას შეამცირონ გარემოზე მავნე ზეგავლენა, თუმცა, არა პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა