სამოქალაქო საზოგადოებამ გაიმარჯვა: აფხაზეთში ბინების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა უკან გაიწვია
კანონი ბინების შესახებ აფხაზეთში
აფხაზეთის პარლამენტმა გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი და გაიწვია პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ლობირებული კანონპროექტი ბინების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღეს სოხუმში “დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნების მიზნით”.
პარლამენტის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
“ხანგრძლივი კონსულტაციებისა და აქტიური შიდა საპარლამენტო დიალოგის შედეგად, საზოგადოებრივი აზრის, პირველ რიგში კი უხუცესთა საბჭოს, აფხაზეთის სამამულო ომის გმირების, სამეცნიერო საზოგადოების, ინტელიგენციისა და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების გათვალისწინებით, “აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“კანონპროექტის განხილვაზე დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტის ინიციატორებმა გადაწყვიტეს შემოღებული კანონპროექტის განხილვიდან მოხსნა და მასზე საკანონმდებლო პროცესის შემდგომი შეწყვეტა.”
- მოსახლეობის მიერ “ახსნა-განმარტებითი საუბრების” შემდეგ, აფხაზეთში ბინების შესახებ კანონის მიღება გადაიდო
- ბინების გარდა აფხაზური პასპორტი რუსებისთვის – რამდენად რეალურია ასეთი სცენარი? მოსაზრება
ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აქტიურად ლობირებდა ბინების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც საშუალებას მისცემს ძირითად რუსეთის მოქალეებს, გვერდი აუარონ უცხოელების მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას.
როდესაც საზოგადოების აქტიური წინააღმდეგობის გამო ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ასლან ბჟანია ეცადა ამ კანონის სხვაგვარად გატანას – აღმოსავლეთ აფხაზეთის ე.წ. დეპრესიული ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის ღონისძიებების ფარგლებში.
20 ივლისს კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენებზე თითქმის ერთხმად დამტკიცდა და პარლამენტის მომდევნო სესიაზე შემდგომი განხილვის რეკომენდაცია გაიცა.
იმავე დღეს სოხუმში დაიწყო პროტესტი, რომელიც მალე მთელ აფხაზეთს მოედო.
აფხაზეთის პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა პროპრეზიდენტულად ითვლება: 35 დეპუტატიდან 25 ლოიალურია ასლან ბჟანიასი. სწორედ ამიტომ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ კანონს პარლამენტი მიიღებდა.
თუმცა, ისტორია არც ამჯერად შეიცვალა და ისე მოხდა, როგოროც ბოლო წლებში ხდებოდა ხოლმე – აფხაზეთში გახმაურებულ საკითხებზე ბოლო სიტყვა საზოგადოებას ეკუთვნის. როდესაც საზოგადოებრივი განწყობა არ ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას, პარლამენტი, როგორც წესი, საზოგადოების მხარეს დგება – ეს ამჯერადაც ასე მოხდა.
თითოეული ოლქის ამომრჩევლებმა (აფხაზეთის პარლამენტი მაჟორიტარული სისტემით ყალიბდება) დაიწყეს დეპუტატების დაბარება, რათა გაეგოთ მათი პოზიცია ბინების შესახებ კანონთან დაკავშირებით და სახალხოდ განემარტათ, რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება.
დეპუტატთა უმეტესობაზე, როგორც ჩანს, ამგვარმა განმარტებითმა საუბრებმა მოახდინა გავლენა – მათაც კი, ვინც თავდაპირველად კანონის მიღების მომხრე იყო, შეცვალეს პოზიცია და საჯაროდ გამოვიდნენ კანონის წინააღმდეგ.
შედეგად, კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობა მის მხარდამჭერებზე მეტი აღმოჩნდა, კანონპროექტი გაწვეულია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დღის წესრიგში დაბრუნდეს უახლოეს მომავალში.
ანალოგიური ვითარება შეიქმნა 2023 წლის ბოლოს, როდესაც პარლამენტმა მოახდინა რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება ბიჭვინთაში მდებარე ცნობილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა ხალხში ამ არაპოპულარული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს, კონსტიტუციაში შეიტანეს ორი ცვლილება, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა შეთანხმების პირობებზე. იმდენად, რომ მოსკოვმა საერთოდ უარი თქვა მის ხელმოწერაზე. ასე რომ, საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც საზოგადოებას სურდა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო