ანაკლიის პორტის შემდეგ, ჩინეთი ვაზიანის აეროპორტითაც დაინტერესდა
ჩინეთი ვაზიანის აეროპორტითაც დაინტერესდა
მას შემდეგ, საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა, ჩინური მხარე დაინტერესებას გამოთქვამს ვაზიანის აეროპორტის პროექტზეც. განცხადება ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში, პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ გააკეთა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. მილიარდიანი პროექტი 4 წელიწადში დასრულდება. ახალი აეროპორტის მშენებლობით ხელისუფლება ფაქტობრივად აუქმებს ვაზიანის სტრატეგიულ აეროდრომს და ფუნქციას უკარგავს სამხედრო ბაზას, რომელიც საქართველოს თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია.
რა თქვა ჩინეთის ელჩმა
კითხვაზე, ექნება თუ არა ჩინურ მხარეს ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი, ჭოი ციენიმ აღნიშნა:
რა თქმა უნდა, ჩინეთის ინდუსტრიალიზაცია ისეთ დონეზეა, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ინტერესი მასთან თანამშრომლობის. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღება მიიპყრო. შესაძლებლობა თუ იქნება, ვიმედოვნებთ, ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობაც შედგება ამ პროექტზე. იმედი გვაქვს, შედგება
სანქცირებული კომპანია ანაკლიის პორტში
შერჩეულ ფირმას, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის 49%-ს ფლობს, აშშ-ს სანქცირებული ჰყავს. მათ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და “სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.
2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში 2023 წლის ბოლოსთვის ორი კომპანია იყო დარჩენილი. მათ შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ:
- ერთი „შვეიცარიულ-ლუქსემბურგული“ კონსორციუმი იყო
- მეორე – „ჩინურ-სინგაპურული“ კონსორციუმი.
კონტრაქტის შესახებ არც ახლაა ბევრი რამ ცნობილი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ აშშ პატივს სცემს “ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს“, ვისთან დაიჭირონ საქმე, თუმცა დასძენს, რომ ჩინეთის კომპანიებთან საქმის დაჭერისას საჭიროა, გაირკვეს “პოტენციური ზემოქმედება” კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სიახლეს დამატებითი გავლენა აქვს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე.
ექსპერტების თქმით, ეს არ არის კარგი ამბავი არც ევროკავშირისთვის:
რადგან ანაკლიის პორტში ასეთი მნიშვნელოვანი წილის ფლობით, „შუა დერეფნის“ პროექტში რომელიც ევროპასა და ჩინეთს ალტერნატიული გზით აკავშირებს – პეკინის როლი დომინანტური ხდება.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, კონკურსიდან ევროპული კონსორციუმის გასვლის მიზეზი ის იყო, რომ კომპანიისთვის სახელმწიფოს მხრიდან 51%-იანი ჩართულობა “მისაღები არ გახლდათ” და მას პროექტიდან უფრო მეტი ამონაგების მიღების მოლოდინი ჰქონდა.