პარტიები: „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ არჩევნებში ერთიანი სიით გავლენ
სამი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა
სამი ოპოზიციური პარტია: „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ეს სამი პარტია საარჩევნოდ ერთიან კამპანიას დაიწყებს.
“დროა, გირჩი-ოთ ახალი” – ასე ჟღერს ამ გაერთიანების სლოგანი. მათი საარჩევნო ნომერი იქნება – 4.
ამ სამი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება დღეს, 9 ივლისს გახდა ცნობილი.
- ორმა ოპოზიციურმა პარტიამ დააფუძნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა. გაერთიანებაში არიან ახალი სახეებიც
- რას გულისხმობს “ქართული ქარტია” და ვინ მოაწერს მას ხელს. პრეზიდენტის გეგმის დეტალები
- რა შემთხვევაში დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში? ვახუშტი მენაბდის მოსაზრება
დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვალდებულია საზოგადოებას, რომელმაც იბრძოლა და წარმატებას მიაღწია, შესთავაზონ არჩევანი:
“მე მესმის, რომ ყველას სიმპათია შეიძლება ყოველთვის დაკმაყოფილებული ვერ იყოს. მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა“.
ამ გაერთიანების კიდევ ერთი წევრის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არსებობს უნიკალური შანსი, ხუთ წელიწადში საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს:
„ერთადერთი რამ, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ამიტომ 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა და ამის მიღწევისთვის გასაკეთებელია სამი რაღაც”.
ეს სამი რამ, ჯაფარიძის განცხადებით, ასე ჟღერს:
- საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საარჩევნო ყუთებთან 26 ოქტომბერს;
- ხმების დაცვა მას შემდეგ, რაც ხალხი საარჩევნო ყუთებთან მივა;
- ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში.
ამ ეტაპზე გაერთიანებაში არ არის კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია “ლელო”. ცნობილია, რომ მოლაპარაკებებში, რომელიც გაერთიანებას შეეხებოდა, “ლელოც” მონაწილეობდა.
„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის“, – თქვა პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ.
პარტია „ლელოს” წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, შეთავაზება იყოს რეალურად ახალი პოლიტიკური პლატფორმა და ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო. თუმცა, იგი ამბობს, რომ მათი კარი ღიაა კონსულტაციებისთვის:
“ ჩვენ არა მხოლოდ იმ ადამიანებთან ვაწარმოებდით საუბარს, ვინც დღეს გაერთიანდა, არამედ სხვადასხვა ჯგუფებთან, საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებთან და პარტიებთან, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ისეთი ფორმულა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს იმას, რასაც ელოდება. ეს არის ნამდვილი სიახლე“.
“რადიო თავისუფლების” შეკითხვას, გაგრძელდება თუ არა ახალ გაერთიანებასთან მოლაპარაკება, სამადაშვილი პასუხობს, რომ “მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის რეჟიმის მაფრცხი და ამიტომ, არ გამორციხავენ თანამშრომლობას არავისთან, ვინც რეჟიმს უპირისპირდება“.
შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც ოპოზიცურმა პარტიებმა შექმნეს საარჩევნოდ. გუშინ, 8 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ასევე ერთიანი სიით გავლენ არჩევნებში პარტიები “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. ამ პლატფორმაში არიან ახალი სახეებიც, მათ შორის ისეთები, რომლებიც აქამდე არ ყოფილან არცერთ პოლიტიკურ პარტიაში.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი. მარტის აქციებისა და საფეხბურთო ციებ-ცხელების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა არჩევნების თემას უბრუნდება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკის შექმნა. ამიტომ, პარტიებმა სხვა გადაწყვეტილებები უნდა მოძებნონ. ისინი უნდა შეთანხმდნენ რა კონფიგურაციით გავლენ ოქტომბრის არჩევნებში, რამდენი პოლიტიკური ცენტრი იქნება, ვინ ვისთან გაერთიანდება, ან, არ გაერთიანდება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. წინასაარჩევნო კამპანია”, “ქართულმა ოცნებამ”, არაოფიციალურად უკვე დაიწყო. პარტიის მიზანია, მეოთხე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია. რადგან, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, საით წავა საქართველო, საბოლოოდ ჩამოშორდება ცივილიზებულ დასავლეთს თუ გამოიყენებს იმ ისტორიულ შესაძლებლობებს, რაც ახლა ამ გზაზე არსებობს.
სამი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა