აშშ-ის სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ პაკეტს განიხილავს. რა წერია “ქართველი ხალხის აქტში“
აშშ-ის სენატი საქართველოს წინააღმდეგ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავს, რომლის ავტორები სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან.
პაკეტი “ქართველი ხალხის აქტი” სენატს დღეს წარედგინება, მისი სამიზნეები კი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაში, ასევე ისინი, ვინც ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღებას და დგანან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უკან.
როგორც გამოცემა Politico ხაზს უსვამს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემოღებული რუსული კანონი მსგავსია იმ კანონისა, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად და კრიტიკული ხმის ჩასახშობად იყენებს, ხოლო შსს-მ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების დაშლისას, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეისთან ერთად, მომიტინგეების მიმართ ძალადობრივი ხერხები გამოიყენა.
ამასთან ერთად, პაკეტში ნაგულისხმევი იქნება აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის პერმანენტული გაუქმება, ხოლო, ამასთანავე, გამოიყოფა 50 მილიონი დოლარი, რისი მიზანიც, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაა.
რას გულისხმობს კანონი
“ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.
პირველი:
• განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის:
- სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს, უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის.
- ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში და
- სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
• სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.
• აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას”,- ნათქვამია სენატორების მიერ კანონპროექტის სულისკვეთების განმარტებით წერილში.
სენატორების განცხადების მიხედვით, კანონპროექტის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას:
• ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
• გამოყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.
• ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.
ქართველი ხალხის აქტი
“გასულ წელს, როცა საქართველოს მთავრობამ პირველად დააინიციირა უცხოელ აგენტთა კანონპროექტი, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის აჟიოტაჟის პასუხად მთავრობამ კანონპროექტი საბოლოოდ გაიწვია, გასულ თვეში მათ ხელახლა წარადგინეს კანონპროექტის იმავენაირი ვერსია, რომელიც პარლამენტმა 14 მაისს მიიღო. კიდევ ერთხელ ჩატარდა მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები კანონისა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ. უცხოელ აგენტთა კანონპროექტი, რომელიც კანონად გადაქცევის გზას გადის, ჰგავს რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებულ კანონმდებლობას, რომელმაც კრემლის დემოკრატიულ ოპოზიციას ძირი გამოუთხარა.
აშშ-ს სენატორი ჯინ შაჰინისა და სენატორი ჯიმ რიშის მიერ ინიციირებული ქართველი ხალხის აქტი (GPA) შექმნის უფლებამოსილების ჩარჩოს კორუფციაში, ადამიანის უფლებათა დარღვევასა და უცხოელ აგენტთა კანონის დაწინაურებაში ან მის მიღებაში დამნაშავე ქართველი პირების პასუხისგებისთვის. კანონპროექტი ასევე განასხეულებს აშშ-ს უწყვეტ თანადგომას ქართველი ხალხისადმი, რომლის უდიდესი უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს.” – წერია კანონპროექტში.
სანქციების კანონპროექტი კონგრესსაც წარედგინება
აშშ-ს კონგრესს 23 მაისს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც “რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონს” მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico-ს წყარო გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს, რომ ქართული ოცნება “მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით”.
ამავდროულად, დრაფტში ხაზგასმულია, რომ თბილისი “ღიად თავს ესხმის” აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც “ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას”, პარალელურად კი “აძლიერებს” კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.
კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის აქტივების შესახებ საქართველოში.