საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ მოძრაობის უკან რუსეთის ფედერაცია და სომხეთის მეხუთე კოლონა დგას. მოსაზრება
ანტიდელიმიტაციური მოძრაობა სომხეთში
„აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უნდა შეწყდეს, შეჩერდეს როგორც ტავუშში, ასევე სადმე სხვაგან“, – მოითხოვს სომხეთში მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“. ტავუშის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის თაოსნობით, ასობით ადგილობრივმა მცხოვრებმა 4 მაისს სასაზღვრო სოფელ კირანციდან ერევნისკენ მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი დედაქალაქში „პასუხის გასაცემად“ მიდიოდნენ.
მმართველი ძალის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ მოძრაობის მონაწილეები არანაირ პოლიტიკურ მოთხოვნას არ აყენებენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, გაუგებარია რა სახის პროცესთან გვაქვს საქმე.
„ჩვენ ვართ თეოკრატია, რელიგიური სახელმწიფო? რას ვაკეთებთ? და თუ ამ შემთხვევაში ლაპარაკობს არა სასულიერო პირი, არამედ მოქალაქე, მაშინ მას უნდა ჰქონდეს რაიმე სახის წინადადება. როცა ვინმე ამბობს, რომ დელიმიტაციის წინააღმდეგია, უნდა წარმოადგინოს თავისი წინადადება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
საპროტესტო მოძრაობას პრობლემურად თვლის პოლიტოლოგი გურგენ სიმონიანი. და არა იმიტომ, რომ მას სასულიერო პირი ხელმძღვანელობს, არამედ იმის გამო, რომ მის უკან დგას რუსეთი და ადგილობრივი “მეხუთე კოლონა.”
19 აპრილს ერევანმა და ბაქომ განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის დელიმიტაციის კომისიები შეთანხმდნენ საზღვრებზე ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე. ასევე, სომხეთი დათანხმდა ოთხი სასაზღვრო „არაანკლავური სოფლის“ ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე. ტავუშის რეგიონში უკვე 40 სასაზღვრო პუნქტი გამოჩნდა.
დელიმიტაცია/დემარკაციის პროცესის პარალელურად სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ტავუშის რეგიონის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცალმხრივ დათმობებზე მიდის, რაც მათ უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს. ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაუზუსტებელი საზღვარი აზერბაიჯანთან კონფლიქტის მიზეზია. „ამიტომ ვიწყებთ დელიმიტაციას ყველაზე დიდი კონფლიქტური პოტენციალის მქონე ტერიტორიებიდან“, – განაცხადა მან საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში.
“ეს არ არის ბრძოლა შავებსა და თეთრებს შორის”
მოძრაობა „ტავუშმა სამშობლოსთვის“ მსვლელობა შაბათს, 4 მაისს დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე იიყვნენ გეღარქუნიკის რეგიონში და აპირებენ ერევანში 9 მაისამდე ჩასვლას. აქვე ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის შეჩერებამდე გაგრძელდება.
თუმცა როგორ მიაღწევენ ამას, გაურკვეველია, ისინი ამაზე არ საუბრობენ. ამავდროულად, ტავუშის რეგიონში მათი მოქმედების პარალელურად, ნაღმების გაწმენდისა და საზღვრის დემარკაციის პროცესი გრძელდება.
„ეს მსვლელობა დაგვიბრუნებს ღირსებას და სამშობლოს“, – განაცხადა წინა დღით მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა.
მსვლელობას ხელოვანები, ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს დაღუპულთა ახლობლები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც უერთდებიან.
მეუფის თქმით, ეს არ არის ბრძოლა „შავსა და თეთრს“ შორის და მოძრაობის მიზანია „საზღვრის დელიმიტაციის მიუღებელი პროცესის შეჩერება“.
კითხვაზე, შეუერთდება თუ არა მოძრაობას წმინდა ეჩმიაძინი, ანუ საკათალიკოსო, მან უპასუხა: „დედა საყდარი ყოველთვის ჩვენთანაა. თვით სომეხთა პატრიარქი არის ჩვენი მამა, რომელიც გვაკურთხებს და გვხელმძღვანელობს“.
სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ყოვლადსომეხთა კათოლიკოსმა სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისკენ მოუწოდა.
ყველა ფოტო არის მოძრაობის Facebook გვერდიდან
“ხელისუფლების შეცვლის საშიშროება არ არსებობს”
„პატივს ვცემ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, რასაც მე არ ვეთანხმები. მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნა მაინც ვერ მოვისმინე“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ორშაბათს დილით, ჟურნალისტებთან საუბარში.
მოძრაობის მოთხოვნის საპასუხოდ, „შეაჩეროს ცალმხრივი დათმობები“, ალენ სიმონიანმა თქვა, რომ სომხეთი არ მიდის დათმობებზე, არამედ უბრალოდ აფიქსირებს თავის საზღვრებს რუქების გამოყენებით, რომლებსაც აქვთ იურიდიული ძალა.
სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში ხელისუფლების შეცვლის საშიშროებას ვერ ხედავს.
„სომხეთის რესპუბლიკაში ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
მისი თქმით, სომხეთის მოსახლეობა ენდობა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს და არ მიიჩნევს „ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს პოლიტიკოსად“.
ტავუშის ეპარქიის წინამძღვრის შესახებ
დეკანოზი ბაგრატ გალსტანიანი ტავუშის ეპარქიას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. ის აქტიურად არის ჩართული სოციალურ საქმიანობაში – რეგიონში დააარსა არაერთი სოციალური და საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერთა სკოლა. ის რეგიონის მცხოვრებთა შორის დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეუფე აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ტავუშის სოფლებში, სადაც საზღვრის დემარკაცია მიმდინარეობს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ზოგიერთმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის თითქოს ბიზნესით იყო დაკავებული, რის შემდეგაც მასზე გაჩნდა უარყოფით დამოკიდებულება.
კომენტარი
მოძრაობას მხარს უჭერენ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები სერჟ სარქისიანი და რობერტ ქოჩარიანი, რომლებიც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობენ, აღნიშნავს პოლიტოლოგი გურგენ სიმონიანი. ამასთან, მას მიაჩნია, რომ პროტესტი დიდ მასშტაბს ვერ მიაღწევს.
„მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემის გადაჭრა სურთ მოძრაობის მონაწილეებს, მხოლოდ პროცესში ჩართული აქტორების სია საკმარისია იმისათვის, რომ მოძრაობამ ვერ შეიძინოს ეროვნული ხასიათი“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ის ვერ ხედავს სომხეთში თეოკრატიის დამყარების საფრთხეს, მაგრამ პრობლემურად მიიჩნევს ამ პროცესში რუსეთისა და „მეხუთე კოლონის“ ჩართვას:
„რუსეთის ფედერაციას სურს გაატაროს ფეთქებადი და დესტაბილიზაციის პოლიტიკა სომხეთში, რათა ხელისუფლებაში უფრო შესაფერისი და ლოიალური ძალები მოიყვანოს.“
პოლიტოლოგის თქმით, ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი არის ღირსეული, სამშობლოს თავდადებული და პატრიოტი, რომელიც “პოლიტიკურ პროცესებში ჩაითრიეს“.
მოძრაობაში ჩართულ ძალებს შეუძლიათ უბრალოდ გამოიყენონ მისი ფაქტორი თავიანთი ჯგუფური ან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
გურგენ სიმონიანი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტების რეაბილიტაცია ვერ მოხდება საზოგადოების თვალში, როგორც პოლიტიკური ფიგურების, ამიტომ ისინი ცდილობენ, პროცესში ეკლესია ჩაითრიონ.
ანალიტიკოსის თქმით, „კატასტროფული ვითარება, რომელიც შეიმჩნევა სომხეთის შიდა პოლიტიკურ სივრცეში“ იმის შედეგია, რომ 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ლუსტრაცია არ განხორციელებულა.
გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ახლა მოსახლეობის მხოლოდ 7-14 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო „ყოფილი რეტროგრადული ძალები ორ პროცენტსაც კი არ აღწევენ“, – ამბობს ექსპერტი.