სასამართლო, პოლიტიკური დევნა, კორუფცია და სხვა საკითხები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2023 წლის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 68-გვერდიან დოკუმენტში წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებია მიმოხილული და საუბარია სასამართლო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე, კორუფციაზე და სხვა საკითხებზე.
სახდეპის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები მოიცავდა სანდო ცნობებს შემდეგ შემთხვევებზე:
• წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა;
• თვითნებური დაკავებები;
• სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამოძიებასთან და დევნასთან დაკავშირებული, რომლებიც ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული;
• კონფიდენციალურობაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა კონფიდენციალურობაში;
• გამოხატვისა და მედია თავისუფლებებთან მიმართებაში სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ძალადობისა და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებული;
• არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში;
• სერიოზული კორუფცია ხელისუფლებაში;
• დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას ლგბტ+ პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.
ანგარიშის თანახმად, მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების კუთხით ნაბიჯები გადადგა, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.
სასამართლო
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად:
● მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი დამოუკიდებელ სასამართლოს ითვალისწინებდა, მთავრობა სასამართლოს დამოუკიდებლობას და პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში მის მიუკერძოებლობას პატივს არ სცემდა.
● მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა.
● მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, დაბალია ნდობა, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან თავისუფალია.
● სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვას განაგრძობდნენ.
● მათ პრობლემებზე მიუთითეს, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეებისგან შედგება, რომელთაც სავარაუდოდ, სასამართლო სისტემაში კრიტიკული ხმა დაახშეს და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების წინადადებებს ხელი შეუშალეს.
● არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობასა და იუსტიციის უზენაესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაში ხარვეზებს.
● ზოგიერთმა ყოფილმა და მოქმედმა მოსამართლემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ მაღალი რანგის მოსამართლეების მხრიდან ზეწოლა განიცადეს, რათა კონკრეტულ საქმეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მიეღოთ.
● 2013 წლიდან სასამართლო რეფორმისა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ოთხი ტალღის გაანალიზებისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო რეფორმები არაეფექტური იყო, ვინაიდან კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებების დიდი უმრავლესობა განუხორციელებელი დარჩა ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.
● 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭებინა, რომ საქართველო განახორციელებს ცხრა რეფორმას, მათ შორის სასამართლოს ეფექტურ რეფორმას, განსაკუთრებული აქცენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე კეთდება.
ევროინტეგრაცია
“წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საფრთხეს შეუქმნიდა, საზოგადოების ფართო საპროტესტო აქციები გაიმართა.
დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა და ცხრა სფეროში, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მოიცავს, შემდგომი პროგრესის რეკომენდაცია გასცა.” – წერია ანგარიშში.
პოლიტიკური დევნა
“იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში პოლიტპატიმრებისა და დაკავებულების შესახებ იყო ცნობები.
“22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რომლის პატიმრობაც სახალხო დამცველის და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასებული იყო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
Amnesty International-მა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მისი გასამართლება მედიის თავისუფლების მიმართ შეშფოთებას იწვევდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს არღვევდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ გვარამიას განაჩენი 2022 წლის ნოემბერში და 19 ივნისს ძალაში დატოვა.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ოკუპირებული რეგიონები
ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და აღნიშნულია, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ.
“ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის; ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების, ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ; რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დანაშაულები ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა.“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.