ბჟანიას სურვილის საპირისპიროდ, აფხაზეთის პარლამენტმა "ცილისწამებისთვის“ კანონს რეკომენდაცია არ გაუწია
ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის აფხაზეთში
აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებმა 19 აპრილს გამართულ შეხვედრაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, რეკომენდაცია არ გაუწიეს.
აღმასრულებელი ხელისუფლება მსგავსი ცვლილებების შეტანის წინადადებით პარლამენტში უკვე მეორედ გამოვიდა. კანონპროექტი პირველად გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა, მაგრამ პარლამენტმა ის დაიწუნა, ახლა კი მსგავსი ინიციატივით პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია გამოვიდა.
ორივე შემთხვევაში, სასჯელის გამკაცრება, პირველ რიგში ეხება ხელისუფლების მიმართ „ცილისწამებასა და შეურაცხყოფას“.
- მოსაზრება: რატომ გაააქტიურა აფხაზეთის ხელისუფლებამ “ფერადი რევოლუციების“ თემა?
- “უცხოური აგენტების” შესახებ მავნე კანონისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის შესახებ აფხაზეთში. ვიდეო დისკუსია
- აფხაზეთის პარლამენტმა ასლან ბჟანიას საერთაშორისო ხელშეკრულებებზე დამოუკიდებლად ხელმოწერა აუკრძალა
ოფიციალური პირების ცილისწამების და შეურაცხყოფისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვთავაზობს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჯარიმას 200 ათასი რუბლით [დაახლოებით $2000].
ამ ინიციატივას მხარი გენერალურმა პროკურატურამ დაუჭირა, მაგრამ ომბუდსმენის ოფისმა მიიჩნია, რომ ასეთი ცვლილებები გამოიწვევს ცრუ ინფორმაციის გავრცელების მასობრივ შემთხვევებს.
აპარატის წარმომადგენლებმა კანონპროექტი თითქმის ყველა საკითხში გააკრიტიკეს.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
დეპუტატთა უმრავლესობამ კრიტიკულად უპასუხა ერთდროულად რამდენიმე საკითხს, მათ შორის:
- დოკუმენტში ტერმინების ინტერპრეტაცია თავისუფალად შეიძლება;
- ცილისწამების ინტერპრეტაციიდან „ცოდნისა და წინასწარგანზრახვის“ კომპონენტი ამოღებულია.
კომიტეტის სხდომის შემდეგ დეპუტატებმა კანონპროექტი დაბლოკეს, თუმცა ის პარლამენტს სესიაზე მომავალ კვირას მაინც წარედგინება.
კომენტარები
ოპოზიციონერი დეპუტატი კან კვარჩია: „ჩრდილოეთ კორეა ისვენებს“.
პოლიტოლოგი თენგიზ ჯოპუა: „ცილისწამების კანონის გარეშე პრეზიდენტი ამ პოსტს მეორე ვადით ვერ დაიკავებს. ამომრჩეველს დაყრუება კიდევ ერთხელ შეუძლებელი იქნება. და ბოლოს, მისი მარადიული ხეტიალი სოხუმ-მოსკოვის მარშრუტზე საქმიანი პარტნიორების ძიებაში დასრულდება“.
Abaza TV-ს ჟურნალისტი ნადეჟდა ბოროვიკოვა: „გამახსენდა შემთხვევა, როდესაც [დონეცკის რესპუბლიკის გმირის, სამხედრო მეთაურის] ახრა ავიძბას სასამართლო პროცესის დროს ცდილობდნენ დაემატებინათ მუხლი ხელისუფლების დამხობის მოწოდების შესახებ მხოლოდ ამ ფრაზის გამო: “თქვენ ამ მეძავებს შეურაცხყოფთ.“ მაშინ ადვოკატმა გონივრულად იკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამ ბრალდებიდან დასკვნის გამოტანა, როცა პროკურატურა სიტყვებს „მეძავი“ და „ავტორიტეტი“ სინონიმებად მიიჩნევს.
ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, უკეთესი იქნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისწავლონ მათკენ მიმართული კრიტიკის უფრო მშვიდად მიღება, ვიდრე ეძიონ გზები, რათა დაიცვან თავი იმ ადამიანების მოსაზრებებისგან, რომლებსაც ისინი ემსახურებიან“.
ჟურნალისტი ინალ ხაშიგი: „უცნაურია, როცა პენსია 500 რუბლს შეადგენს [5$-ზე ცოტა მეტი], ასეთ ჯარიმას აწესებენ ხელისუფლების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ჯიპებით დადიან დაცვასთან ერთად.
ასევე გავიგებდი, თუ სისხლის სამართლის კოდექსში ისეთი მუხლები შევიდოდა, რომელიც ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებების გამო დასჯიდა. მაგრამ ახლა ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს თავისი მოქალაქეებისთვის პირის ამოკერვას.
და ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მთავრობა აბსოლუტურად დაუძლურებულია და სასწრაფოდ უნდა წავიდეს“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო