ათობით ნაცემი და დაკავებული. 17 აპრილს სავარაუდოდ, "აგენტების კანონს" პირველი მოსმენით მიიღებენ. პროტესტი გრძელდება
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
11 დაკავებული, ათობით დაშავებული. სამართალდამცავებმა 16 აპრილს მშვიდობიანი აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. ნაცემია და დაშავებულია აქციის ათობით მონაწილე. ვიდეოებზე, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტები ავრცელებდნენ, ჩანს სამართალდამცავების განსაკუთრებული სისასტიკეც მომიტინგეთა მიმართ.
დაზარალებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ “პუბლიკას”, “ტაბულას” და “აპრილის” თანამშრომლები.
მასშტაბური აქცია პარალმენტთან 19:00 საათზე დაიწყო. ტრადიციულად, აქციის მონაწილეებმა მიიტანეს საქართველოს და ევროკავშირის, ასევე უკრაინის დროშები.
გაიშალა რამდენიმემეტრიანი ბანერი წარწერით “არ გაჩერდება ხალხის მდინარე – ქვეყნის გულიდან გამომდინარე!”
აქციაზე ბევრი იყო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. აქციაზე ისმოდა ცნობილი პატრიოტული სიმღერები, რომლებსაც საქართველოში ხშირად რთავენ მიტინგებზე. ასევე, რამდენჯერმე შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.
მიკროფონთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ასევე რიგითი მოქალაქეები – სტუდენტები, ექიმები და ა.შ. ყველა გამომსვლელის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ აღნიშნული კანონით ხელისუფლება ცდილობს საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს და ევროპული პერსპექტივა დაასრულოს.
აქციაზე რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ. ერთ-ერთს ხელში ეჭირა ტრანსფარანტი, წარწერით “მე მინდა ჩემმა ქვეყანამ თავი დაანებოს საქართთველოს (სამუდამოდ). არა რუსულ კანონს”.
ამ ყველაფრის პარალელურად, პარლამენტის შენობაში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონს განიხილავდნენ. მომიტინგეები მათი მისამართით სკანდირებდნენ “მონებო!”, “რუსებო!”
კანონპროეტის განხილვაც პარლამენტის დარბაზში ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
რეგლამენტის თანახმად, პლენარული სხდომა მხოლოდ 21 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა), ამიტომ საკითხის განხილვა 17 აპრილისთვის გადაიდო. სავარაუდოდ, სწორედ 17 აპრილს უყრიან კენჭს კანონპროეტს პირველი მოსმენით.
საქართველოში ამ კანონის მიღების ეს უკვე მეორე მცდელობაა – შარშან მარტში, მასობრივი პროტესტისა და მრავალათასიანი მიტინგების შემდეგ, “ოცნება” იძულებული გახდა პირველი მოსმენით მიღებული კანონი უკან გაიწვია. ერთი წლის თავზე კი, კანონპროექტი კვლავ გადმოიღეს თაროდან,რასაც ქვეყანაში კვლავ დიდი არეულობა და დაპირისპირება მოჰყვა.
უკვე მეორე დღეა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან გრძელდება მასშტაბური აქციები უცხო ქვეყნის აგენტების კანონის წინააღმდეგ.
კანონის წინააღმდეგ ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოდის. მის მიღებას ეწინააღმდეგება თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი – როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია. ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მომიტინგეებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მწერლები, ხელოვნების წარმომადგენლები, კულტურის მუშაკები, არტისტები, მეცნიერები, ცნობილი სპორტსმენები. მათ შორის ბევრია ხელისუფლების ყოფილი მხარდამშჭერიც.
კანონის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ხელისუფლების მცდელობას, რომ “გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად” “პროვოკაცია”, “დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია” და ევროპული გზიდან გადახვევა უწოდა.
გვიან ღამე, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა და სთხოვა, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ, რომელიც 17 აპრილს უნდა გაიმართოს.
საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” არ მიიღონ აღნიშნული კანონპროექტი. მეტიც, ევროპელი ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს კანონი არათავსებადია ევროპულ კანონმდებლობასთან და მისი მიღებით საქართველომ შეიძლება დაკარგოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ქვეყანამ გასული წლის დეკემბერში მიიღო.
“მინდა ნათლად ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს”, – დაწერა X-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
მიუხედავად შიდა და გარე უპრეცედენტო წინააღმდეგობისა, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი არ დაიხევს უკან და ამჯერად კანონს მიიღებენ.
აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში “რუსულ კანონს” ეძახიან, რადგან დამოუკიდებელი იურისტების და ექსპერტების ერთსულოვანი დასკვნით, ქართული კანონპროექტი 2012 წელს რუსეთში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ანალოგია.
ამ აზრს არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლება და აცხადებს, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსულთან და იგი ქვეყანაში შავი ფულის შემოდინებას შეზღუდავს და ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.