ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს მოსამართლე "გონივრულ ვადაში" გამოაცხადებს
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი
ლაზარე გრიგორიადისის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, განაჩენის გამოცხადების დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას “გონივრულ ვადაში” მიიღებს. მისივე თქმით, განაჩენის მოსასმენად სასამართლოში ბრალდებულსაც დაიბარებენ და გრიგორიადისის გადასაწყვეტი იქნება, მივა თუ არა სასამართლო დარბაზში.
31 მარტს ზუსტად ერთი წელი გახდა, მას შემდეგ რაც 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაშია. გრიგორიადისი 2023 წლის მარტის აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც დაკავებულია.
2023 წლის 7-9 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მრავალათასიანი მიტინგები მიმდინარეობდა ე.წ. “აგენტების რუსული კანონის” წინააღმდეგ.
გამოძიება გრიგორიადისს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადებას ედავება – მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდების ვერსიით, 9 მარტს გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ საქმის პარალელურად, გრიგორიადისს 1,5-წლიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე – გრიგორიადისს მამასთან ჩხუბი მოუვიდა.
ლაზარე გრიგორიადისი ერთი წელია გლდანის ციხეშია. პატიმრობაში მას 22 წელი შეუსრულდა.
გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახი დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. თუმცა, ამავე დროს, მათ იმედი აქვთ, რომ ლაზარე გრიგორადისს პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს.
ჯერ კიდევ საქმიის არსებით განხილვამდე “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის ყოფლი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე გრიგორიადისის წინააღმდეგ განცხადებნებს აკეთებდნენ. სასამართლომ არ მიიღო გრიგორიადისის სარჩელი კობახიძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა მათი განცხადებების გამო, რომლებშიც ისინი ბრალდებულის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
კადრებში, რომელსაც იყენებს პროკურატურა გრიგორიადისის წინააღმდეგ, ჩანს ადამიანი პირპადით, თავზე კეპით და კაპიუშონით – ვიზუალურად გროგორიადისი არაიდენტიფიცირებადია. თავად გრიგორიადისი და დაცვის მხარე ამტკიცებენ, რომ მას არ უსროლია მოლოტოვის კოქტეილი.
● “ამერიკელების ფული რატომ მიედინება უცხო ქვეყანაში” – პარლამენტის თავმჯდომარე დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ
● “რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება” – კომენტარი
● სომხურმა არასამთავრობოებმა მხარი დაუჭირეს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას „რუსული კანონის” წინააღმდეგ
ექსპერტს, რომელმაც ვიდეოში გრიგორიადისი ამოიცნო და “კატეგორიული დასკვნა” დაწერა, რომ ეს გრიგორიადისია, ორწლიანი გამოცდილება აქვს ამ საქმეში მუშაობის.
„მე შემიძლია, პიროვნებას მარტო ყური უჩანდეს და ამაზე დავწერო კატეგორიული დასკვნა,” – ასეთი მაგალითი უთხრა სასამართლოს ექსპერტმა გივი ჩიბირაშვილმა საკუთარი პროფესიონალიზმის საილუსტრაციოდ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ გროგორიადისი ხელისუფლებამ განგებ “აირჩია” დამნაშავედ. რადგან ის კარგად შერჩეული მსხვერპლია სახასიათო გარეგნობის, ტატუების, (არაქართლი) გვარის და წარსულში ნასამართლეობის გამო.
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
თავდაპირველად დასკვნითი სხდომის თარიღად 26 თებერვალი დასახელდა, თუმცა თებერვლის ბოლოს, სხდომამდე 4 დღით ადრე გაირკვა, რომ მოსამართლე მოულოდნელად შვებულებაში გავიდა. დასკვნითი სხდომა 28 მარტს დაინიშნა, თუმცა ეს სხდომაც გადაიდო – გრიგორიადისმა უარი ეთქვა სასამართლო დარბაზში მოსვლაზე და დისტანციურად ჩართვა მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ “განმარტებული არ იყო მიზეზი, რის გამო თქვა ბრალდებულმა უარი გამოცხადებულიყო დარბაზში”.
სხდომის გადადების შემდეგ ლაზარეს დედამ, თამთა კალანდაძემ თქვა, რომ მას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს:
„ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს. როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება უნდა, გონება ეფანტება და ამიტომ გადაწყვიტა [დისტანციურად ჩართვა დასკნით სხდომაზე]…” – თქვა მან. სასამართლო სხდომაზე ყოფნა, რომ მისთვის შფოთვას იწვევდა, ლაზარე გრიგორიადისი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუშიც წერდა, 2023 წლის ნოემბერში.