როგორ დაიწვა აფხაზეთის ეროვნული მხატვრობის მთელი ფონდი ერთ ღამეში. რა იქნება ახლა?
ხანძარი სოხუმში სამხატვრო გალერეაში
21 იანვრის ღამეს, სოხუმში, აფხაზეთის მხატვართა კავშირის შენობაში, სადაც აფხაზეთის ეროვნული სამხატვრო გალერეა იყო, ხანძარი გაჩნდა.
შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე მოედო. შვიდი საათისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო, თუმცა, სამი საათი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აფხაზეთი სახვითი ხელოვნების ფონდის გარეშე დარჩენილიყო. დაიწვა თითქმის ოთხი ათასი ნახატი, მათ შორის, აფხაზი მხატვრების „ოქროს ფონდი“.
***
რამ გამოიწვია ხანძარი სოხუმის ცენტრში, ლაკობის ქუჩაზე მდებარე შენობაში, გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა.
ხანძარმა ძირითადად მეორე სართული დააზიანა, სადაც ეროვნული სამხატვრო გალერეის მთავარი კოლექცია იყო განთავსებული, „- ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი.
შენობის პირველ სართულზე ცენტრალური საგამოფენო დარბაზია. ეს დარბაზი ხანძარს არ დაუზიანებია, მაგრამ, რამდენიმე ტონა წყალმა ჩარეცხა და ახლა ისიც აღარ ფუნქციონირებს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პროკურატურა იძიებს. უწყების ინფორმაციით, განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია ოფიციალური პასუხი – რამ გამოიწვია ხანძარი, საზოგადოება რამდენიმე მიზეზს განიხილავს. ყველაზე აქტიურად ვრცელდება ვერსია, რომ ხანძარი სამხატვრო გალერეის მიმდებარედ არსებული ბანკის ოფისიდან გაჩნდა.
ამის შესახებ საუბრობენ გალერეის მეზობლად მცხოვრებლები. ასევე, თავად მხატვრები, რომლებიც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვენ და ზოგიერთი მაშველიც კი. თუმცა, ჯერჯერობით ეს ყველაფერი ხმადაბლა ისმის.
მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ ვიტალი ძენიამ JAMnews-ს განუცხადა, რომ მიუხედავად სამხატვრო გალერეის შენობის ზოგადი, არასახარბიელო მდგომარეობისა, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება რეგულარულად მოწმდებოდა.
”რამდენიმე წლის წინ გაყვანილობა მთლიანად გამოცვალეს,” – ამბობს იგი.
გალერეის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ფონდის მეურვე სამუშაო ადგილიდან გასვლისას ელექტროენერგიას ყოველთვის თიშავდა, თუნდაც, მაღაზიაში გასულიყო რამდენიმე წუთით.
საზოგადოების ნაწილი და ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სოხუმის სამხატვრო გალერეაში გაჩენილ ხანძარში გადამწყვეტი როლი ჩინოვნიკების, არა მხოლოდ ამჟამინდელი, არამედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაუდევრობამ ითამაშა.
ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში და სამხატვრო გალერეის ექსპონატების საფრთხის ქვეშ დატოვებაში ადანაშაულებენ.
„ნახატები არასათანადო პირობებში იყო შენახული. ასე არ ინახება. უნდა არსებობდეს სპეციალური პირობები, მაგრამ არ იყო. და, ეს სახელმწიფოს დანაშაულია. არც ერთ მთავრობას, მრავალი წლის განმავლობაში, არაფერი გაუკეთებია ამ მდგომარეობის შესაცვლელად“, – უთხრა „Кавказский Узел-ის” ჟურნალისტს ვეტერანთა ორგანიზაცია „არუას“ ლიდერმა თემურ გულიამ.
ხანძარი აფხაზეთში ბევრისთვის “შოკის მომგვრელი” აღმოჩნდა, – ამბობს პოლიტოლოგი ნათელა აკაბა.
„გალერეა აფხაზეთის ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. იქ იყო კონცენტრირებული წამყვანი აფხაზი მხატვრების ნახატები და ისინი, ფაქტობრივად, დაიკარგა”, – განუცხადა მან „Кавказский Узел-ის” ჟურნალისტს.
ნათელა აკაბა ვარაუდობს, რომ ხანძარი შესაძლოა ელექტროენერგიის რეგულარული გათიშვის გამო გაჩენილიყო.
სამხატვრო გალერეის შენობა
საკითხი, რომ ნახატები შეუფერებელ შენობაში ინახებოდა, აფხაზეთში მუდმივად იდგა. მითუმეტეს, რომ ერთხელ, 2014 წელს, გალერეაში ხანძარი უკვე გაჩნდა. თუმცა, მაშინ მალევე შეძლეს მისი ლოკალიზება.
1999 წელს სამხატვრო გალერეისთვის პუშკინის ქუჩაზე უფრო დიდი შენობა გამოყეს, მაგრამ ის სავალალო მდგომარეობაშია და ამ წლების განმავლობაში მისი შეკეთება ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებმა უამრავი მასალა მოამზადეს. არაერთხელ ითხოვა დახმარება სამხატვრო გალერეის დირექტორმა სურამ საქანიამ. ის ამბობდა, რომ ორ ოთახში ნახატები იატაკზე ეწყო, ზოგან დერეფანშიც კი, რადგან თაროები გადაჭედილი იყო და გალერეაში საკმარისი ადგილი არ იყო.
გამოფენების გახსნაზე საქანია გამუდმებით ახსენებდა, რომ სამხატვრო გალერეა სავალალო მდგომარეობაში იყო.
„წერილები და თხოვნები იგზავნებოდა სხვადასხვა დეპარტამენტში. მაგრამ, ყველაფერი რეაგირების გარეშე დარჩა“, – ამბობს იგი.
კულტურის მინისტრები და მათი ხელმძღვანელები, პერიოდულად მიდიოდნენ შენობის შესამოწმებლად და პირობას დებდნენ, რომ როგორმე მოაგვარებდნენ საკითხს.
მაგრამ ყველამ დააგვიანა.
მეცნიერი ვიაჩესლავ ჩირიკბა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იხსენებს, რომ 2023 წელს მან რამდენჯერმე მიმართა აფხაზეთის ხელისუფლებას მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების უსაფრთხო ადგილას გადატანის თხოვნით.
„2014 წელს, როცა საცავში ხანძარი გაჩნდა, პირდაპირ ვთქვი, რომ შემდეგ ჯერზე შეიძლება არ გაგვიმართლოს და დავკარგოთ ჩვენი საგანძური. ხანძარი მხოლოდ დროის საკითხი იყო. მაგრამ არაფერი გაკეთებულა“.
ვინ არის ალექსანდრე შერვაშიძე – ჩაჩბა, რომლის ნამუშევრებს მთელი აფხაზეთი მისტირის
„ნებისმიერი კულტურული მეხსიერება სახელებს ეყრდნობა, – ამბობს ელვირა არსალია, ცენტრალური საგამოფენო დარბაზის დირექტორი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ეროვნული სამხატვრო გალერეის ნამუშევრების შესახებ გადაცემების სერიის ავტორი, – და მთავარი, სახელი, რომელიც ასოცირდება სამხატვრო გალერეასთან და ზოგადად სახვითი ხელოვნებასთან აფხაზეთში, არის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა“.
ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვარი და აფხაზეთის ხელოვნების მთავარი სიამაყეა.
სამხატვრო გალერეის ფონდებში შენახულ ოთხი ათას ნამუშევრიდან სამასამდე ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ეკუთვნოდა. ყველა დაიწვა.
შერვაშიძე ჩაჩბას გვარის ქართული ფორმაა, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს წერილობით ტრადიციაში გვიანი შუა საუკუნეებიდან. თავადი ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა აფხაზეთის სამთავროს მმართველის ქელეშბეი ჩაჩბას შვილიშვილი იყო.
ამ ოსტატს საინტერესო ბედი ჰქონდა. მხატვარი, რომელმაც პროფესიული განათლება კიევში, მოსკოვსა და პარიზში მიიღო, მუშაობდა პეტერბურგში, პეტერბურგის საიმპერატორო თეატრების დეკორატორად. მისი პირველი ნამუშევარი შარლ გუნოს ოპერა “ფაუსტის” დეკორაცია იყო მარიინსკის თეატრისთვის.
1920 წელს მხატვარმა ცნობილი თეატრალური მოღვაწის, საბალეტო საწარმო “რუსული სეზონების” შემქმნელისგან, სერგეი დიაგილევისგან მიიღო მიწვევა, რომ მისი ბალეტებისთვის ემუშავა დეკორატორად.
1956 წელს ქართულ ჟურნალში „დროშა“ ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ნეკროლოგი გამოჩნდა. ორი წლის შემდეგ ეს სტატია თავად ხელოვანს ჩაუვარდა ხელში და ასეთი პასუხი დაწერა:
„პატარა უზუსტობას ვასწორებ: ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ჩემდა გასაკვირად, ავად არ ვარ და სრულიად მარტო ვცხოვრობ. … მზად ვარ გავცე ყველაფერი, რაც მაქვს თბილისისა და სოხუმის მუზეუმებისთვის“.
ამ წერილის შემდეგ თბილისში ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 500 ნამუშევარი ჩამოვიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ ნამუშევრებიდან 220 სოხუმში ჩაიტანეს.
ცხოვრების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა, მაგრამ სამშობლოსადმი მიჯაჭვულობა არ დაუკარგავს.
მეუღლის ფოტოზე, რომელიც კანში გარდაიცვალა 1948 წელს, მან დაწერა: „…შეიძლება ვითხოვო, ცხედარი აფხაზეთში გადაასვენონ?“
1985 წლის მაისში მისი ფერფლი ნიცას რუსული სასაფლაოდან ჩამოიტანეს და 12 მაისს საზეიმო ცერემონიალით სოხუმში დაკრძალეს.
სიმბოლურია, რომ სწორედ მისი ხელახალი დაკრძალვის დღეს გაიხსნა ამ დამწვარ შენობაში სოხუმის სამხატვრო გალერეა. ადრე ის სხვა ადგილას მდებარეობდა.
ახლა აფხაზეთმა დაკარგა შერვაშიძე-ჩაჩბას თითქმის ყველა ნამუშევარი.
„მისი ბოლო გამოფენა, რომელიც ამ დარბაზში გავმართეთ, არსებითად მისი ავტობიოგრაფიული ისტორია იყო. ყველაფერი იყო: 20-იანი წლების აფხაზური პერიოდი სოხუმში, 30-იანი წლები, პირველი პარიზული პერიოდი, მეორე. საიმპერატორო თეატრებში დეკორატორის სამუშაოები“.
ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ შერვაშიძე-ჩაჩბას ნამუშევრების დაკარგვით აფხაზურმა ხელოვნებამ დაკარგა მსოფლიო კულტურასთან კავშირის მნიშვნელოვანი ძაფი.
„ჩვენ გვქონდა სახელები, რომლებიც გვაკავშირებდა მსოფლიო მხატვრულ კულტურასთან. და ეს ნამდვილად ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაა. იმის გამო, რომ მისი კოლექცია გვქონდა სამხატვრო გალერეაში, ჩვენ შეგვიყვანეს ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო მუზეუმების რეესტრში“, – ამბობს ელვირა არსალია.
კიდევ რას სჭირდება გადარჩენა?
ხანძრის შემდეგ, რომელმაც გაანადგურა აფხაზეთის სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა ექსპონატი, განახლებული ენერგიით დაიწყო დებატები იმის შესახებ, რამდენად ფრთხილად ეპყრობიან აფხაზები თავიანთ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.
აფხაზეთის კულტურული დაწესებულებები, ძირითადად, ამა თუ იმ წელიწადში საინვესტიციო პროგრამაში აღმოჩნდა და რუსეთის ფინანსური დახმარების წყალობით აღდგა.
საუბარია თეატრებზე, ფილარმონიულ საზოგადოებებზე, კულტურის ცენტრებზე.
თუმცა, ყველა ობიექტი არ არის აღდგენილი.
როგორც JAMnews-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, აფხაზეთში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ნუსხას 1535 ობიექტი ეკუთვნის. მათი უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია. ძირითადად, ეს არის მიტოვებული ან ნაწილობრივ მიტოვებული ობიექტები.
მაგრამ არის ძალიან რთული შემთხვევებიც. მაგალითად, აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი. 1912 წელს აშენებული ეს შენობა აფხაზეთის არქიტექტურისა და ისტორიის ნამდვილი ძეგლია.
შენობის ფასადი ჯერ კიდევ კარგად არის შემონახული, ღობეზე ულამაზესი ყვავილების ქოთნებია. მთავარი შესასვლელის ანტიკვარული ხის კარი, ფანჯრის ჩარჩოების ბრწყინვალე ფორმა, ელეგანტური ფილები, რომლებიც ჯერ კიდევ შენობაშია, რომ აღარაფერი ვთქვათ შეღებილ კედლებზე.
ეს ყველაფერი იმსახურებს ფრთხილ მოპყრობას და უსაფრთხოებას ნებისმიერი რესტავრაციის დროს.
თუმცა, ამჟამად, შენობა ფაქტიურად ინგრევა – დიდი ხანია იქ არანაირი სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.
გარდა ამისა, შენობა სახიფათოა იქ მომუშავე თანამშრომლებისთვისაც. ეს არის მთავარი კვლევითი დაწესებულება აფხაზური ენისა და კულტურის სფეროში. დღეს ინსტიტუტის თანამშრომლები მუშაობენ აფხაზეთის შემდგომ განვითარებაზე. ომის შემდგომ პერიოდში ამ ინსტიტუტმა გამოსცა 400-მდე წიგნი, მათ შორის მონოგრაფიები, სტატიებისა და მასალების კრებულები, სახელმძღვანელოები და სასწავლო საშუალებები აფხაზეთის სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის.
სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ტელეკომპანია “აბაზა TV-მ” მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც თანამშრომლები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ და ითხოვდნენ ყურადღება მიაქციონ ამ ისტორიულ ობიექტს, „რომელიც ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ დავკარგოთ“.
ასევე ავარიულია ცნობილი აფხაზი მწერლის, დიმიტრი გულიას სახლ-მუზეუმიც.
წელს აფხაზეთი აფხაზური ლიტერატურის დამაარსებლის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 150 წლისთავს აღნიშნავს.
აფხაზეთის სახალხო პოეტი, აფხაზეთის ეროვნული მწერლობისა და კულტურის პატრიარქი დიმიტრი გულია, ოჯახთან ერთად, 1912 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრობდა.
მუზეუმში ინახება გულიას ცხოვრებისეული გამოცემები, რამდენიმე ნაწარმოების ხელნაწერი, მისი პირადი ნივთები, წერილები, მისი პორტრეტები და ბიუსტები, ოჯახური ფოტოები და მრავალი სტუმრის – ცნობილი აფხაზი და რუსი მწერლებისა და კულტურის მოღვაწეების ფოტოები.
ეს ყველაფერი აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ფონდია.
წელს მთავრობამ საიუბილეო ღონისძიებები დაგეგმა, თუმცა დიმიტრი გულიას შვილიშვილმა, ტატიანა გეორგიევნამ მთავრობას სთხოვა, თანხები არ დახარჯოს დღესასწაულებზე, გამოიყენოს ძველი შენობის შესაკეთებლად.
“ას წელზე მეტი ხნის შენობა რემონტს საჭიროებს… იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის მხატვართა კავშირის საწყობში ცოტა ხნის წინ ტრაგედია მოხდა, საჭიროა არა მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი, არამედ ელექტროგაყვანილობის შეცვლაც. დიდი პრობლემაა ხელნაწერებისა და წიგნების შენახვა-რესტავრაცია… ძალიან სამწუხარო იქნება, თუ გალერეაში ხანძრის შემდეგ, ღმერთმა არ ქნას, ამ სახლსაც დავკარგავთ, სადაც დოკუმენტები და სხვადასხვა ექსპონატები ძალიან ღირებულია საქართველოსთვის, დაცულია აფხაზეთის კულტურა“, – განაცხადა ტატიანა გულიამ.
რას ამბობს ხელისუფლება
ელვირა არსალია კულტურის სამინისტროს ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მის თქმით, რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ ეროვნული სამხატვრო გალერეის შენობა, რომელიც პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს, საინვესტიციო პროგრამაში ჩაერთოთ. თუმცა, უშედეგოდ.
„ახსნა ასეთი იყო: ამ პერიოდისთვის საინვესტიციო პროგრამა ინფრასტრუქტურაზეა გათვლილი, კულტურული სამშენებლო პროექტები გაჩერებულია“.
ხანძრის შემდეგ უკვე ცნობილია ხელისუფლების რამდენიმე გადაწყვეტილება. პირველ რიგში, საზოგადოებას დაჰპირდნენ პუშკინის ქუჩაზე მდებარე შენობის მეორე სართულის გარემონტებას. შემდეგ კი, მხატვართა კავშირის შენობის სახურავის შეკეთებას და ცენტრალური საგამოფენო დარბაზისთვის სივრცის ამოქმედებას.
ელვირა არსალიას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ყველა დანაკარგის მიუხედავად, არ მივატოვოთ ეროვნული სამხატვრო გალერეის იდეის ერთგულება.
„სანამ არის ასეთი სინერგია… ყველას უნდა, რომ რაიმე წვლილი შეიტანოს, რაღაც შემოსწიროს სამხატვრო გალერეას ზარალის ასანაზღაურებლად“, – ამბობს იგი.
თუმცა, იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო აქტიურად წარიმართოს, გალერეას სჭირდება ახალი, უსაფრთხო, თანამედროვე შენობა:
„ისეთი ფაქტები, როგორიცაა ეს ხანძარი, ძირს უთხრის კოლექციონერებისა და დონორების ნდობას. თუ შენს საცავში ნახატებს ცეცხლი ეკიდება, ვინ განდობს მათ?” – კითხულობს იგი.
ელვირა არსალია ამბობს, რომ აფხაზი საზოგადოება სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს. პირიქით, ძალები უნდა მოიკრიბოს და მთელი ფონდის შეგროვება ახლიდან დაიწყოს.
„მჯერა, რომ გალერეა უნდა იყოს და იქნება კიდეც. დღეს ისეთი ენერგიაა… და ეს ყველაფერი გრძელვადიან ამბად გადაიქცევა. მნიშვნელოვანია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან იტვირთონ ეს საქმე და წლების განმავლობაში აგროვონ ნამუშევრები. რა უნდა გაკეთდეს ახლა?! განახლდეს გალერეა პუშკინზე. მეორე საკითხი – ნამუშევრების შეძენაა. მესამე არის შოურუმის სივრცის მოწყობა“.
დარჩება თუ არა აფხაზეთი სამხატვრო გალერეის გარეშე?
ორასი ნამუშევრიდან, რომელიც ხანძარს გადაურჩა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად დაზიანდა, აღადგენენ ყველაფერს, რისი აღდგენაც შესაძლებელია. ამაში ადგილობრივებს დაეხმარებიან რუსი რესტავრატორები, რომლებიც რუსეთის კულტურის სამინისტრომ ხანძრის შემდეგ გაგზავნა აფხაზეთში.
რუსეთის ოთხი წამყვანი სარესტავრაციო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამუშაოების ნაწილის მოსკოვსა და პეტერბურგში გადატანა შესთავაზეს. თუმცა, როგორც კულტურის სამინისტროს პრესსამსახურმა იტყობინება, ამ დროისთვის მთელი სამუშაოები აფხაზეთში რჩება.
ხანძრის დროს მოხერხდა ხუტა ავიძბას, სერგეი გაბლიას, სერგეი სანგალოვის, ვისარიონ ცვიჟბას, ვიქტორ შჩეგლოვის 150-მდე ნამუშევრის გადარჩენა. ასევე, ცეცხლს გადაურჩა ვარვარა ბუბნოვას სამი ნამუშევარი.
რუსი რესტავრატორების ამოცანაა ობიექტების შემოწმება, მათი ინვენტარიზაცია, ფოტო გადაღება და პირველადი დახმარების გაწევა, კერძოდ, პრევენციული სტიკერების გამოყენება.
რუსმა ექსპერტებმა დადებით გარემოებად მიიჩნიეს ხანძრის ჩაქრობა წყლით და არა ქიმიკატების დახმარებით, რასაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა გადარჩენილი ნამუშევრების მდგომარეობაზე.
ხანძარი სოხუმში სამხატვრო გალერეაში
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
*მედიაქსელის მხარდაჭერით