გიორგი მამალაძემ საპატიმრო დატოვა. როგორ ეხმაურებიან დეკანოზის გათავისუფლებას ომბუდსმენი და სასულიერო პირები
გიორგი მამალაძემ საპატიმრო დატოვა
ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ის პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის (ე.წ. უდოს კომისია) გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. დეკანოზმა ციხეში 7 წელი გაატარა.
გიორგი მამალაძეს პატიმრობის სრულად მოხდამდე დაახლოებით 1 წელი და 9 თვე ჰქონდა დარჩენილი.
● დეკანოზ მამალაძის ადვოკატი ამბობს, რომ “საუკუნის პროცესი” სტრასბურგში მოიგო
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
● რა ხდება ქართულ ეკლესიაში? პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
“პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა, შემდგომ უკვე ყველაფერი იქნება… ჩემი დაკავება არის უსამართლობა.” – თქვა მამალაძემ ციხის დატოვების შემდეგ.
დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მანვე აღნიშნა, რომ “ჩვენ შევეცდებით, აუცილებლად გავცეთ პასუხები იმ პასუხგაუცემელ კითხვებს, რაც საზოგადოებაში ტრიალებს”.
მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განმარტებით, დეკანოზის საქმე ყველა სამართლებრივ მექანიზმს აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ მსჯავრდებული ვადაზე ადრე გათავისუფლებულიყო.
“მოხდილი სასჯელიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი პირის წერილობითი თანხმობიდან გამომდინარე და სხვა არაერთი არგუმენტიდან გამომდინარე.” – ამბობს ფანცულაია.
პატიმრობის პერიოდში, უფლებების დაცვის საკითხზე მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) უწევდა.
ორგანიზაცია წერს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.
ასევე, ამბობენ, რომ საბჭომ გაითვალისწინა, როგორც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა შეღავათების გამოყენებაზე.
სახალხო დამცველი: “მივესალმები გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას”
გიორგი მამალაძის მიერ საპატიმროს დატოვებას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა. იოსელიანი მიესალმება მამალაძისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
“სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად.
საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას.” – ამბობს იოსელიანი.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა: “2020-ში ივანიშვილმა მითხრა – ვიცი, რა სიბინძურეა ეკლესიაში, მაგრამ არჩევნები მოდის“
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა TV პირველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ კომენტარს აკეთებს:
“2019-2020 წლებში თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დიდი სურვილი იყო, გიორგი მამალაძე გამოსულიყო ციხიდან… პირად საუბრებშიც უთქვამს, რომ ის იყო თანახმა, უბრალოდ, საპატრიარქოს წინააღმდეგობას ვერ იგერიებდნენ.
წინა საპარლამენტო არჩევნებისას ის ამ რისკზე ვერ წავიდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მან ეს შეძლო, ეს მისი პირადი… მე ვიცი, თავისი ცოდვები ეყოფა და გვეყოფა ყველას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით ნამდვილად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც თვით საბჭოთა ხელისუფლება 90 წელს, [გიორგი მამალაძის პატიმრობიდან] 7 წლის შემდეგ უკვე ამას გააკეთებდა, მაშინ როცა თვეები ჰქონდა დარჩენილი საბჭოთა მმართველობისა, ასევე ხდება ახლაც.
ძალიან მარტივად და ცხადად გეტყვით – ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი, და ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოში, მაგრამ არჩევნები მოდის და მჭირდება ავტორიტეტული პატრიარქი და რეიტინგული ეკლესია, 2020 წელს.”
წმინდა სინოდის 2019 წლის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მეუფე პეტრე პირველივე დღიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს გიორგი მამალაძეს. მისი განცხადებით, მისი გადაყენების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან პატრიარქი ამხილა ეკლესიაში “პიდარასტული ცოდვის” გამო.
● მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
● ციანიდის საქმე. რეალური თავდასხმა თუ საპატრიარქოს კარის თამაშები?
ციანიდის საქმე
დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და სკანდალური საქმე უკავშირდება.
მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა. მის პირად ნივთებში პოლიციამ მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინა.
მამალაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსანახულებლად მიდიოდა, რომელმაც იმ პერიოდში გერმანიაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა და მკურნალობის კურსს გადიოდა.
თავდაპირველად ითქვა, რომ მამალაძეს ციანიდი უმაღლესი რანგის სასულიერო პირის მოსაწამლად მიჰქონდა. ამ ვერსიას, როგორც ოფიციალურს, ახმოვანებდნენ როგორც მთავარი პროკურორი, ისე პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. ისინი პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ციანიდი პატრიარქისთვის იყო განკუთვნილი.
თუმცა, მოგვიანებით, ეს ვერსია შეიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება არა თავად საქართველოს პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერატის, საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ოდიოზური ფიგურის – შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა.
თავად დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები “ციანიდის საქმედ” წოდებულ მრავალ ტომიან საქმეში ბევრ უზუსტობას ხედავენ და დღემდე ბევრი კითხვა აქვთ.