ილჰამ ალიევის გამარჯვების ფორმულა: დაქუცმაცებული ოპოზიცია, განადგურებული მედია, მადლიერი ხალხი
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები
როგორ იგებს ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებს მეხუთედ? აქ თავმოყრილია ყველა მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რა უნდა იცოდეთ არჩევნებზე და რა სისტემა შექმნა ალიევმა მმართველობის მეოცე წლისთვის. მომზადებულია მეიდან TV მასალის მიხდვით.
ამჟამად არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია. მათივე ცნობით, ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა.
___________________________
რეალური კონკურენციის არარსებობა, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის არჩევნების მონიტორინგისას დაბრკოლებები – ასე აფასებს აზერბაიჯანში 7 თებერვლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების გარემოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია (ODIHR) 2024 წლის 31 იანვრის შუალედურ ანგარიშში.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.პირველად ეს 2018 წელს მოხდა, როდესაც ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები აპრილში გაიმართა.
ახლა კი არჩევნები, რომელიც 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო, თითქმის წელიწადნახევრით ადრე, 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართა.
ვადამდელი არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები
2016 წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების საკითხი და დაითხოვოს პარლამენტი
ამასთან, განახლებულ კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რა შემთხვევაში შეიძლება პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ამავე რეფერენდუმზე ალიევმა საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაზარდა.
ამ რეფერენდუმის კიდევ ერთი შედეგი იყო ის, რომ შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციები. პრეზიდენტის თანამდებობიდან ვადამდე გადადგომის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება უნდა განახორციელოს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე.
2017 წლიდან ამ თანამდებობას უცლელად იკავებს ქვეყნის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა.
ვადამდელი არჩევნების პოლიტიკური მიზეზები
7 თებერვლის ვადამდელი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება ილჰამ ალიევმა რამდენიმე პოლიტიკურ ფაქტორს დაუკავშირა.
1 ━ უპირველეს ყოვლისა, მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ 2023 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ (ყარაბაღში ჩატარდა სამხედრო სპეცოპერაცია), ქვეყანაში ახალი პერიოდი დაიწყო. არჩევნები კი წინა პერიოდს შეაჯამებს და ახალს დაიწყებს.
2 ━ მეორე არგუმენტი იყო ის, რომ ალიევის თქმით, “რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ყველა სხვა არჩევნებზე მნიშვნელოვანია”, პირველი არჩევნები, რომლებიც ყარაბაღის ზაბრუნების შემდეგ ქვეყანაში უნდა გაიმართოს, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს.
3 ━ კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად ალიევმა დაასახელა ის ფაქტი, რომ 2023 წლის ოქტომბერში მისი პრეზიდენტობის 20 წლისთავი სრულდება:
თუმცა, ალიევის მიერ ჩამოთვლილი ეს არგუმენტები არ არის დამაჯერებელი ოპოზიციისთვის.
„რას ნიშნავს ახალი პერიოდი, რომელზეც ილჰამ ალიევი საუბრობს? კონსტიტუცია შეიცვალა თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა? ხალხის მონაწილეობა გაიზარდა მმართველობაში? სულ პირიქით. კიდევ უფრო დაეცა მოსახლეობის კეთილდღეობა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფციის შემთხვევებს ვხედავთ. მხოლოდ 2023 წელს გაორმაგდა პოლიტპატიმრების რაოდენობა,” – აღნიშნავს ოპოზიციური პარტიის, ოპოზიციური კოალიციის “ეროვნული საბჭოს” თავმჯდომარე, პროფესორი ჯამილ ჰასანლი.
ყარაბაღი ყოველთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო ყველა არჩევნებზე. ასე იქნება ახლაც
ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც დაიწყო 1988 წელს სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიებით, ბოლო 33 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ხელისუფლების ცვლილების თუ კონცენტრირების მთავარი კატალიზატორი ხდებოდა.
ვნახოთ ქრონოლოგია:
● აიაზ მუტალიბოვი, რომელიც ხელისუფლებაში 1990 წელს მოვიდა, ორი წლის შემდეგ გადადგა. უზენაესმა საბჭომ მუტალიბოვის პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზად ხოჯალის ტრაგედია დაასახელა.
● 1992 წელს ქვეყანას სათავეში ჩაუდგა აბულფაზ ელჩიბეი. 1993 წლის აპრილში სომხებმა ქელბაჯარი დაიკავეს. იმავე წლის ივნისში ამას მოჰყვა სამხედრო ამბოხი განჯაში. ეჩიბეი იძულებული გახდა საპრეზიდენტო სკამი დაეტოვებინა.
● ჰეიდარ ალიევი პრეზიდენტი გახდა 1993. მისი მმართველობის პირველ თვეებში სომხებმა ექვსი აზერბაიჯანული რეგიონი დაიკავეს. თუმცა, წინამორბედებისგან განსხვავებით, ალიევმა სხვა გზა აირჩია. მან ომისგან უკვე ძალიან გადაღლილ ხალხს მშვიდობა შესთავაზა. ის დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, არ გააგრძელა ომი. მისი პრეზიდენტობის 10 წლის განმავლობაში საომარი მოქმედებები აღარ ყოფილა.
90-იანი წლებში სამხედრო დამარცხებამ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების დისკრედიტაციამ, რომლებსაც ხალხი ენდობოდა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ, ქვეცნობიერის დონეზე სერიოზული ტრავმა მიაყენა აზერბაიჯანელ ხალხს და საზოგადოებას.
ეს ტრავმა დაჰყვებოდა ქვეყანას 2003 წელს გაპრეზიდენტებული ილჰამ ალიევის მთელი მმართველობის განმავლობაში.
გაპრეზიდენტებიდან მე-17 წელს ალიევმა დაიწყო ფართომასშტაბიანი 44-დღიანი ომი ყარაბაღში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყარაბაღი მთლიანად გაიწმინდა სეპარატისტებისგან.
შუშის განთავისუფლების დღეს ილჰამ ალიევს მიულოცეს გამარჯვება შეურიგებელი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც კი -ალი კარიმლიმ და ისა გამბარმა.
ხოლო 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევის კონკურენტმა, ეტიბარ მამედოვმა განაცხადა, რომ „ხალხი მადლიერი უნდა იყოს ილჰამ ალიევის ყარაბაღის განთავისუფლებისთვის“. კიდევ ერთმა კონკურენტმა, ლალა შოვკათ ჰაჯიევამ კი აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი ყარაბაღისა და შუშას გარეშე ვერ იარსებებდა და ილჰამ ალიევმა ეს ძალიან რთული პრობლემა ერის მობილიზებით გადაჭრა“.
ამგვარად, იმ ადამიანებმა, რომლებიც ალიევს ოპოზიციაში უნდა დადგომოდნენ და მისი ნაბიჯები კრიტიკული პროზმიდან შეეფასებინათ, ფაქტობრივად აღიარეს, რომ ალიევს ალტერნატივა არ ჰყავს.
ამის შემდგომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და რამდენიმე დასავლური სახელმწიფოს ლიდერმა აღიარეს ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად. ოფიციალურმა პროპაგანდამ ეს წარმოადგინა, როგორც აზერბაიჯანული დიპლომატიის წარმატება.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების დამოკიდებულებაზე ილჰამ ალიევის მიმართ.
ალიევს ხოტბას ასხამენ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლების ოპოზიციაში.
მაგალითად, კომპოზიტორმა ჯავანშირ გულიევმა, რომელიც ემიგრაციაში წავიდა ალიევის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ალიევს მისცემს.
მომღერალი აკიფ ისლამზადე, რომელიც 2000-იანი წლების შუა ხანებამდე იყო ოპოზიციური პარტიის, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის (PFPA) წევრი, ამბობს, რომ არჩევნები საერთოდ უნდა გაუქმდეს და ალიევის მარადიულ პრეზიდენტად იქცეს.
1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუჰამედ ამინ რასულზადეს შვილიშვილმა რაის რასულზადემ განაცხადა, რომ ბაბუა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ხმას ილჰამ ალიევს მისცემდა.
და ბოლოს, ეგ კი არა, ალიევის კონკურენტები მიმდინარე არჩევნებში, ისინიც კი მადლობას უხდიან ალიევს ყარაბაღში გამარჯვებისთვის.
აქედან გამომდინარე, პასუხი, თუ რატომ გადმოწია ალიევმა არჩევნები, ცხადზე ცხადია – მისი რეიტინგი დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასდროს.
მადლიერი და პროპაგანდით გაბრუებული ხალხის გარდა, სხვა ფაქტორებიც მის სასარგებლოდაა: მუდმივი ზეწოლის შედეგად დაქუცმაცებული, დასუსტებული ოპოზიცია და განადგურებული თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
მოდით, უფრო დეტალურად გავაანალიზოთ, როგორ მოახერხა ალიევმა ამ ფონის მიღწევა:
„წინაარჩევნო“ კანონები მედიისა და პარტიების შესახებ
2021-2023 წლებში აზერბაიჯანში მიიღეს ახალი კანონები მედიასა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით.
2021 წლის 30 დეკემბერს აზერბაიჯანში მიიღეს ახალი კანონი “მედიის შესახებ”, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტების თავისუფლებას და ზრდის სახელმწიფოს კონტროლს მედიაზე. ამ კანონის წინააღმდეგი იყო ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტი.
ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ასეთი კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში.
კანონის თანახმად შეიქმნა მედიის რეესტრი, სადაც ჟურნალისტები უნდა დარეგისტრირდნენ. ასევე გამკაცრდა აკრედიტაციის პირობები. ანუ ის ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონს, ფაქტობრივად, კარგავენ მოვლენების გაშუქების საშუალებას, რადგან ვერ დარეგისტრირდებიან რეესტრში და ვერ მიირებენ აკრედიტაციას. კანონი ჟურნალისტური წყაროების საკითხსაც კი ეხება.
ანარ მამადლი, არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიული განათლების ცენტრის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ცვლილებები უარყოფითად აისახება ჟურნალისტების მუშაობაზე საარჩევნო პროცესის გაშუქებისას: „ამიერიდან ყველა ჟურნალისტი ვერ შეძლებს არჩევნების გაშუქებას, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს არჩევნების ღიაობასა და გამჭვირვალობას”.
2023 წლის 11 იანვარს ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილმა კანონმა „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ ასევე კრიტიკა გამოიწვია როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ვენეციის კომისიამ აღნიშნა ამ კანონის პრობლემური ხასიათი:
„ახალმა კანონმა შემოიღო მთელი რიგი ახალი პრობლემური დებულებები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაში პლურალიზმზე”.
წესდება მთელი რიგი ბარიერები პოლიტიკური პარტიებისთვის, მათ შორის რეგისტრაციის მოთხოვნები მკაცრდება, რაც ზრდის სახელმწიფო კონტროლს პოლიტიკურ პარტიებზე.
პოლიტიკური პარტიების შესახენ კანონის ძალაში შესვლიდან ორ თვეში 20-ზე მეტმა პარტიამ გამოაცხადა თვითდაშლა.
წისაარჩევნო დაკავებები
● 2022 წლის დეკემბერში ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი ბახტიარ გაჯიევი დააკავეს და ბრალი დასდეს „ხულიგნობასა” და „სასამართლოს უპატივცემულობაში“. უკვე 2023 წლის 16 ივნისს აქტივისტს ახალი ბრალდება წაუყენეს – „უკანონო მეწარმეობა“, „დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონების ლეგალიზაცია“, „კონტრაბანდა“ და „ყალბი საბუთების გამოყენება“.
● 2023 წლის ივლისში დააკავეს დემოკრატიისა და კეთილდღეობის პარტიის თავმჯდომარე, ცნობილი ეკონომისტი გუბად იბადოღლუ. და მიუხედავად იმისა, რომ მას ბრალი ედება ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების წარმოება, შეძენა ან რეალიზაციაში, თავად ეკონომისტი დაკავებას უკავშირებს მის პოლიტიკურ საქმიანობას და კვლევას, რომელიც მან ჩაატარა ყარაბაღში სამშენებლო სამუშაოების შესახებ და სადაც აღმოაჩინა კორუფციული სქემები.
● 20 ნოემბერს დაიწყო ინტერნეტგამოცემა AbzasMedia-ს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების დაპატიმრებები. ეს ორგანიზაცია აქვეყნებდა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს. რედაქტორ ულვი ჰასანლის, დირექტორის მოადგილის მუჰამედ კეკალოვის, მთავარი რედაქტორის სევინჯ ვაგიფგიზის, რეპორტიორის ნარგიზ აბსალამოვას და გამომძიებელი ჟურნალისტის ჰაფიზ ბაბალას, რეპორტიორ ელნარა გასიმოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 206.3.2 მუხლით (კონტრაბანდა ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით). ასევე დაბლოკილია სევინჯ ვაგიფგიზის დედის, ულვი ჰასანლის დედისა და დის საპენსიო და სახელფასო ანგარიშები.
● 27 ნოემბერს ინტერნეტ არხის Kanal-13-ის ხელმძღვანელი აზიზ ორუჯოვი დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალი წაუყენეს „მიწის საკუთრების, სარგებლობის ან იჯარით გაცემის უფლების დარღვევაში“. 19 დეკემბერს კი კვლავ წაუყენეს ბრალი, ამჯერად კონტრაბანდის ბრალდებით.
● 6 დეკემბერს სამოქალაქო აქტივისტი ილჰამიზ გულიევი დააკავეს 234.4.3 მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების წარმოება, შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება ან მასობრივი რეალიზაცია).
● დააკავეს ჟურნალისტები თეიმურ ქერიმოვი და შამო ემინოვი.
● 14 დეკემბერს ეროვნული საბჭოსა და მუსავატის პარტიის წევრი ტოფიგ იაგუბლუ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2-ე (თაღლითობა, დიდი ზიანის მიყენება) და 320-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) მუხლებით წაუყენეს.
● 23 დეკემბერს დააკავეს და „ხულიგნობისთვის“ 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს პოლიტიკური პლატფორმის, „მესამე რესპუბლიკის“ დამფუძნებელს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს არაზ ალიევს.
● 2024 წლის იანვრის ბოლოს დააკავეს საკუთარი Youtube არხის ხელმძღვანელი და წამყვანი არზუ საიადოღლუ, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და ბიუროკრატიულ თვითნებობას.
სამოქალაქო საზოგადოება ჩიხშია
დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან 7 თებერვლის ვადამდელი არჩევნების მონიტორინგს მხოლოდ “არჩევნების დამკვირვებელთა ალიანსი” განახორციელებს.
სხვა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აზერბაიჯანში არჩევნებს უნდა დაკვირვებოდა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნეს – შეუძერეს აკრედიტაცია ცესკოში და ა.შ.
ილჰამ ალიევის “მეტოქეები”
ილჰამ ალიევთან ერთად, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, არჩევნებში მონაწილეობენ:
● დეპუტატი ფაზილ მუსტაფა
● დეპუტატი ზაჰიდ ორუჯი
● დეპუტატი გუდრათ ჰასანგულიევი.
● დეპუტატი რაზი ნურულაევი
● პარტია “დიადი აზერბაიჯანის” თავმჯდომარე ელშად მუსაევი
● დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ფუად ალიევი.
ამ კანდიდატებიდან უმრავლესობა უკვე მეორედ ან მესამედ იყროს კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე. გუდრათ ჰასანგულიევი საერთოდაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში.
არც ერთი ამ კანდიდატის ალიევის სერიოზულ მეტოქედ და სერიოზულ ოპოზიციად განხილვა არ შეიძლება. ყველა ამ კანდიდატის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა ყველა არჩევნებში 20 წლის განმავლობაშ 13 პროცენტია.
არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ ადვოკატი ნამიზად საფაროვი, ასევე იურისტები მეთლებ მუტალიმლი და სარვან ქერიმოვი, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათი განაცხადები არ მიიღო.
სად არის ნამდვილი ოპოზიცია?
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ბოიკოტი გადაწყვიტეს და ხალხსაც არცევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ.
სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ალი კარიმლიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია არჩევნების ჩატარება დღევანდელ პირობებში:
“როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა რამდენიმე თვეში გაორმაგდა, შეკრების თავისუფლება სრულიად შეზღუდული იყო, ოპოზიციას თითქმის მტრებივით ექცევიან, ციხეებში წამება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, საარჩევნო კომისიები ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა.. 7 თებერვალს იქნება არა არჩევნები, არამედ სპექტაკლი არჩევნების თემაზე. სახალხო ფრონტი ამ სპექტაკლს ბოიკოტს უცხადებს და იმედოვნებს, რომ ხალხიც ასე მოიქცევა“.
ბოიკოტის რეჯიმშია პარტია “მუსავათიც”:
„ვადამდელი არჩევნების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში რეპრესიები გაგრძელდა. ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, რომ არჩევნები ჩატარდეს საჯარო განხილვის გარეშე, მინიმუმამდე დაიყვანოს პოლიტიკური ოპოზიციისა და ქვეყანაში ცვლილებების მსურველი ფენების შესაძლებლობა, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის“.
მსგავს პოზიციას ინარჩუნებს პარტია “კლასიკური სახალხო ფრონტი“, რომელიც აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიები არის ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ, ირღვევა თავისუფლებები, არიან პოლიტპატიმრები და ეს ყველაფერი მიუთითებს დემოკრატიული არჩევნების ატმოსფეროს არარსებობაზე.
7 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა „სამოქალაქო ერთობამაც”.
მიუხედავად იმისა, რომ პარტია ReAl (რეალი) არ მონაწილეობს არჩევნებში, ის მოსახლეობას ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე რესპუბლიკამ“ ასევე განაცხადა, რომ არც საკუთარ კანდიდატს დაასახელებს და არც არსებულს დაუჭერს მხარს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ECHR-ის გარეშე?
24 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზერბაიჯანის დელეგაციამ გააკეთა განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის და ორგანიზაციაში მონაწილეობის გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, სამად სეიდოვმა ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მიმართ უსამართლო პოზიციით და ორგანიზაციაში არსებული ისლამოფობიური და აზერბაიჯანოფობიური ტენდენციებით ახსნა.
მანამდე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება ევროპის საბჭოს 2025 წლის იანვრის სესიამდე ჩამოერთვა.
1 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ საკითხზე საკმაოდ მკაცრად ისაუბრა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან მარტინ ჩუნგონგთან შეხვედრაზე. ალიევმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საპარლამენტო პლატფორმის ტრადიციებს.
„აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებები უნდა აღდგეს. თუ დელეგაციის უფლებები არ აღდგება, აზერბაიჯანი გადახედავს ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მონაწილეობის საკითხს“.
exchange