დსთ-ს ავტორიტარი ლიდერები: როგორ ინარჩუნებენ ისინი ძალაუფლებას ათწლეულების განმავლობაში
პუტინი ალიევი ლუკაშენკო ავტორიტარი ლიდერები
7 თებერვალს აზერბაიჯანში, ხოლო 15 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. ორივე შემთხვევაში შედეგი წინასწარ არის ცნობილი. დიდი ალბათობით სათავეში კვლავ დარჩებიან ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი, რომლებიც ამ ქვეყნებს 2003 და 2000 წლიდან მართავენ.
ვიხსენებთ, როგორ და რა მექანიზმებით რჩებიან დსთ-ს ქვეყნების ავტორიტარი ლიდერები სათავეში, რა ბერკეტებს იყენებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ისინი საკუთარ თავს ანიჭებდნენ შეუზღუდავ, ექსკლუზიურ უფლებებს, ანულებდნენ საპრეზიდენტო ვადებს, იღებდნენ პრეზიდენტის პოსტს მემკვიდრეობით. ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი მართავენ და სადაც ხელისუფლება არ იცვლება, ერთი საერთო აქვს – წლიდან წლამდე აქ სულ უფრო და უფრო მეტად იზღუდება თავისუფლება და ილახება ადამიანის უფლებები.
ბელარუსი: ლუკაშენკო პირველია, ვინც გადატვირთავს
დსთ-ს ქვეყნების ამჟამინდელი პრეზიდენტებიდან ყველაზე დიდხანს ალექსანდრ ლუკაშენკო იყო ხელისუფლებაში. 10 ივლისს 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ის 1994 წელს დამოუკიდებელი ბელარუსის პრეზიდენტად აირჩიეს. ორი წლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა – პარლამენტმა დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციის დარღვევის გამო, ლუკაშენკომ კი, თავის მხრივ, რეფერენდუმის ინიციირება მოახდინა კონსტიტუციის შესაცვლელად. მისი მიზანი იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერება.
1996 წლის 24 ნოემბერს, კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შესახებ რეფერენდუმის შედეგად, ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვადა განულდა და ათვლა თავიდან დაიწყო. ასევე მისი უფლებამოსილება გაფართოვდა – მან დაითხოვა პარლამენტი და ახალი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ჩამოაყალიბა თავისი ერთგული დეპუტატებისაგან.
მეორე საპრეზიდენტო არჩევნებში – 2001 წლის 9 სექტემბერს – ლუკაშენკომ კვლავ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მან ხმების 75,65 პროცენტი მიიღო. 2004 წელს ლუკაშენკომ კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩაატარა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამჯერად, ქვეყნის ძირითადი კანონიდან გაქრა ჩანაწერი, სადაც საპრეზიდენტო ვადების რაოდენობის შეზღუდვა იყო დაწესებული.
ლუკაშენკომ მოიგო ყველა მომდევნო არჩევნები – 2006, 2010, 2015 წლებში (ერთ არჩევნებში 83,47 პროცენტიც კი მიიღო) და 2020 წლებში. ყოველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (პირველის გამოკლებით) ბელარუსში იმართებოდა საპროტესტო აქციები, რომლებიც სასტიკად არბევდნენ. 2010 წელს აქციის მონაწილეთა რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებით, 10-დან 60 ათასამდე იყო. მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატები გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ.
ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი პროტესტი 2020 წელს გაიმართა. მაშინ დაწყებული წინააღმდეგობა, გარკვეულწილად დღემდე გრძელდება – ბელარუსში არ დარჩა არც ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი თუ ხელისუფლების ოპონენტი. ისინი ან ციხეში არიან ან საზღვარგარეთ გაქცევით უშველეს თავს. ქვეყანაში თითქმის ათას ხუთასი პოლიტპატიმარია. ციხეში არიან ადამიანები, რომლებიც გაასამართლეს პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის.
“არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ზოგი ხელისუფლების მოხელეების შეურაცხყოფისთვისაცაა დაკავებული”, – წერს ბელარუსული გამოცემა “ევრორადიო”. გარდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნისა, ლუკაშენკოს რეჟიმი ასევე ცნობილია ოპონენტების იდუმალი გაუჩინარებითა და მკვლელობებით.
„პრეზიდენტის შესახებ“ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებები ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის შემთხვევაში განსაკუთრებულ პრივილეგიებსა და გარანტიებს აძლევს, თითქმის ისეთივეს, როგორიც მის ყაზახ კოლეგას, ნურსულთან ნაზარბაევს ჰქონდა, რომელიც ასევე 30 წელი მართავდა ყაზახეთს. ნაზარბაევისგან განსხვავებით, ლუკაშენკოს „ერის მამის“ ოფიციალური სტატუსი აკლია.
კანონის თანახმად, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს ვერ მისცემ პასუხისგებაში „საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისას ჩადენილი ქმედებებისთვის“. იგივე წესი იცავს პასუხისმგებლობისგან ლუკაშენკოს ახლო გარემოცვას.
„ექსპრეზიდენტის სახლის, მანქანის, პირადი არქივის, მიმოწერის და ა.შ. დაყადაღება ან ჩამორთმევა შეუძლებელია. ყოფილი პრეზიდენტის ხელფასი უნდა იყოს იგივე, რაც მას პრეზიდენტობის დროს ჰქონდა – მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას შემოსავლის სხვა წყარო. ამასთან, ექსპრეზიდენტი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან“, – იუწყება “ევრორადიო”.
ხოლო ძალაუფლება ლუკაშენკომ “ანდერძით” გადასცა ბელარუსის უშიშროების საბჭოს. 2021 წლის მაისში მან ხელი მოაწერა განკარგულებას მისი ძალადობრივი სიკვდილის შემთხვევაში ძალაუფლების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემის შესახებ.
რუსეთი: პუტინი და პოლიტპატიმრების ქვეყანა
26 მარტს 24 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2000 წელს ვლადიმირ პუტინი პირველად აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად. პუტინი იყო რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მემკვიდრე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისი გადადგომის შემდეგ დაინიშნა.
პირველი ვადის დასრულების შემდეგ, პუტინი ხელახლა აირჩიეს 2004 წელს. 2008 წელს ის იძულებული გახდა შესვენება აეღო საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვის გამო – რუსეთის კონსტიტუციით პრეზიდენტს შეუძლია კენჭისყრა არაუმეტეს ორი ვადით. ამრიგად, სახელმწიფოს მეთაურის პოსტი დმიტრი მედვედევმა დაიკავა და პუტინი ქვეყანას რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის როლში მართავდა.
2012 და 2018 წლებში პუტინი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. ხოლო 15-17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი უკვე მეხუთე ვადისთვის იბრძვის.
თუმცა, 2020 წელს საკონსტიტუციო ცვლილებებით რუსეთის პრეზიდენტმა აქამდე ყველა მისი ვადა გაანულა. თანაც განულება მოხდა ტოტალურად – ანუ მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2024 წლამდე განიხილება როგორც “ნულოვანი” ვადა. ეს ნოუ ჰაუ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივა იყო. როგორ მოხდა ეს და რატომ არის ეს „კოსმოსური ცვლილებები“ უკანონო, დეტალურად არის აღწერილი Novaya Gazeta-ს სტატიაში.
ძალაუფლების შესანარჩუნებლად პუტინი არ იწუხებდა თავს კანონების თავის თავზე მოსარგებად. მან უბრალოდ აიღო და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაამკაცრა საკანონმდებლო ბაზა ყველა ოპონენტისთვის და პოტენციური ოპონენტისთვის.
ამრიგად, რუსეთში გაჩნდა კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ”, რომელიც თავისუფლად შეიძლება მიუსადაგო ნებისმიერს. აქ არის მეტი ინფორმაცისა ამ კანონის შესახებ, მისი ავტორებისა და მიღების პროცედურის შესახებ. აქ კი წაიკითხავთ ინფორმაციას კიდევ ერთ კანონზე, რომელიც პუტინმა უკრაინაში შეჭრისთანავე, 2022 წელს ოპონენტების გასაჩუმებლად მიიღო – კანონი რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელებისა და არმიის დისკრედიტაციის შესახებ. ახლა ამ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებენ – 2024 წლის იანარში დუმაში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა რუსული არმიის დისკრედიტაციის გამო ქონების კონფისკაციის თაობაზე – თუ რუსულ არმიაზე იტყვი იმას, რასაც პუტინის ხელისუფლება დისკრედიტაციად ჩათვლის, შეიძლება ქონების გარეშე დარჩე.
მანამდე, 2012 და 2014 წლებში, რუსეთში გამკაცრდა ადმინისტრაციული კოდექსის ის ნაწილი, რომელიც მშვიდობიანი მიტინგებისა და საპროტესტო აქციების ჩატარებას ეხებოდა. ჯერ გაზარდეს ჯარიმების ოდენობა, შეზღუდეს მიტინგების ჩატარების გეოგრაფია, გაზარდეს ადმინისტრაციული დაკავების ვადები და გააფართოვეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი. შემდეგ უკვე აიკრძალა “ნავალნის კლუბები”. კანონების გამკაცრების პარალელურად, იმართებოდა კამპანია, რომ ყველა აქცია დაფინანსებულია დასავლეთის მიერ, რომელიც ებრძვის ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს და ავრცელებს გარყვნილებას.
2020 წლის ბოლოს მკაცრი კონტროლი დააწესეს საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე. აკრძალულია თანხების ჩარიცხვა უცხოეთიდან – ყველა შემომწირველი „უცხოურ აგენტად” კვალიფიცირდა. ასევე აკრძალულია ანონიმური შემოწირულობები.
თუ აქციაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ადამიანმა, მაშინ ორგანიზატორი ვალდებულია აქციის დასრულების შემდეგ შეატყობინოს ხელისუფლებას ხარჯების შესახებ.
უკვე 2021 წლის თებერვალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლს დაემატა ჯარიმები საპროტესტო აქციების უკანონო დაფინანსებისთვის.
გარდა ამისა, 2012 წელს რუსეთში მიიღეს განახლებული კანონი მიტინგების შესახებ. მართალია, ამან არ დააფრთხო „მილიონების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც 2012 წლის ივნისში პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ ე.წ. „ბალოტნაიას საქმეზე“ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და ბევრი აქტივისტის რეალური პატიმრობა ცუდად აისახა რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო განწყობაზე.
სწორედ ამ კანონების “დამსახურებაა”, რომ უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალის” სიაში დღეს 600-ზე მეტი პოლიტპატიმარია. იქვე აღნიშნულია, რომ ეს არაზუსტი ციფრია, რადგან სისტემის დახურულობიდან გამომდინარე, ყველას იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
“მემორიალი” სიას 2019 წლიდან აწარმოებს. ადამიანის უფლებათა პროექტი „ოვდ-ინფო“ კი 2012 წლიდან აწარმოებს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის მონაცემთა ბაზას. ამ სიაში 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, პოლიტპატიმართა რაოდენობა სამ ათასზე მეტია.
აზერბაიჯანი: ალიევი მემკვიდრეობითი პრეზიდენტია
ილჰამ ჰეიდარ ოღლი ალიევი აზერბაიჯანს 21 წლის განმავლობაში მართავს და ძალაუფლება მამისგან, ჰაიდარ ალიევისგან მიიღო.
7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევი უმცროსი მეხუთე ვადით იყრის კენჭს.
ალიევი უფროსი აზერბაიჯანის პრეზიდენტად 1993 წლის 3 ოქტომბერს, მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დროს აირჩიეს. 1995 წლის 12 მარტს ქვეყანაში ჰეიდარ ალიევის წინააღმდეგ მოხდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ამბოხი, რომელიც მალევე ჩაახშეს.
ამის შემდეგ ალიევმა-უფროსმა მოახერხა ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების დასტაბილურება და 1998 წლის 11 ოქტომბერს იგი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. 1999 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გულის შეტევა გადაიტანა და როდესაც აშშ-ში მკურნალობდა, აზერბაიჯანში ოპოზიცია მომძლავრდა. თუმცა, ალიევმა-უფროსმა მეორედაც მოახერხა ძალაუფლების შეინარჩუნება.
2003 წელს, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ავად მყოფმა 80 წლის ალიევმა-უფროსმა მოხსნა კანდიდატურა შვილის სასარგებლოდ.
2003 წლის 15 ოქტომბერს, არჩევნებში გაიმარჯვა ილჰამ ალიევმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმათა 79,46 პროცენტი მიიღო. იმ დროს ილჰამ ალიევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
„ათიათასობით ოპოზიციონერი, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ საარჩევნო პერიოდში, პოლიციამ დააკავა. ბევრი მათგანი სცემეს და სასტიკად აწამეს პოლიციის განყოფილებებში. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან დაღუპულები და დასახიჩრებულები. საბოლოოდ, აზერბაიჯანის ისტორიის ეს ეპიზოდი, რომელიც დრამატული აღმოჩნდა ოპოზიციისთვის და ძალიან კომფორტული ალიევების ოჯახისთვის – 2003 წლის 31 ოქტომბერს, ილჰამ ალიევის გაპრეზიდენტებით დასრულდა“, – წერს მეიდანი.
2005 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნებამდე, ილჰამ ალიევი სათავეში ჩაუდგა მამის მიერ შექმნილ ახალ პარტიას “ახალი აზერბაიჯანი”.
აზერბაიჯანში 2005 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების დროს ოპოზიციის საპროტესტო აქციები სასტიკად იქნა ჩახშობილი. შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ მოიგო არჩევნები.
ალიევი მეორე ვადით ხელახლა აირჩიეს 2008 წლის 15 ოქტომბერს და უკვე 2009 წლის მარტში მან ქვეყანაში რეფერენდუმი ჩაატარა კონსტიტუციის რეფორმის შესახებ. რა თქმა უნდა, მისთვის საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვები გაუქმდა, რამაც ილჰამ ალიევს საშუალება მისცა 2013 წლის 10 ოქტომბერს მესამე ვადით არჩეულიყო. 2016 წელს მან კვლავ შეცვალა კონსტიტუცია და საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა.
Freedom House-ის მონაცემებით, ეს ქვეყანა, რომელსაც ერთი და იგივე ადამიანი მართავს უკვე 20 წელია, 193-ე ადგილზეა (სულ 210 პოზიცია) პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების რეიტინგში და მონიშნულია როგორც „არათავისუფალი”.
ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში დიდი სოციალური უთანასწორობაა – ალიევი და მისი გარემოცვა უკიდურესად მდიდრები არიან, მაშინ როცა ქვეყანაში არსებობს სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი. თუმცა, ნებისმიერი სოციალური უკმაყოფილება დიდი ხანია მკაცრად არის ჩახშობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ციხეებში 200-ზე მეტი პოლიტპატიმარია.
„ალიევის პრეზიდენტობის დროს მოხდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების საეჭვო გარდაცვალებები და მედიის ათობით წარმომადგენლის დაპატიმრება. ხოლო 2023 წლის ბოლოს დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პროცესი კვლავ გააქტიურდა“, – აღნიშნავს მეიდანი.
სხვათა შორის, აზერბაიჯანში 2022 წელს ამოქმედდა კანონი „მედიის შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ თავისუფლებას.
„კანონის მრავალი დებულება მთავრობას საშუალებას აძლევს მკაცრად შეზღუდოს მოვლენების გაშუქება, რომელიც გამოყენებული იქნება მთავრობის კრიტიკის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნავს JAMnews.
ჟანა ბაიტელოვა, მედია ქსელი