საქართველო ყარაბაღის მოვლენების შემდეგ. რა შეიცვალა რეგიონში და რა გაკვეთილები უნდა გამოიტანოს თბილისმა
თურქეთის როლი კავკასიაში და საქართველო
სექტებმერში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, კავკასიის რეგიონში ყველაზე ძველი, ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ყარაბაღის გარშემო ვითარდებოდა, ამოწურულია. ყოველ შემთხვევაში, ამ კონფლიქტის ერთი მნიშვნელოვანი ფაზა.
რა შეიცვალა ყარაბაღის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა და იმ ახალმა რეალობამ რომელიც დადგა საქართველოსთვის? რა გაკვეთილები უნდა გამოიტანოს საქართველომ, რომელსაც თავისი ორი მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს.
JAMnews-მა კონფლიქტების, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ექსპერტებს დაუსვა ეს კითხვები. მათ ასევე ისაუბრეს თურქეთის მზარდ როლზე რეგიონში და იმაზე, თუ რა პერსპექტივებს აჩენს ეს საქართველოსთვის.
თურქეთი – ახალი მოთამაშე რეგიონში და ახალი შანსი საქართველოსთვის
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი:
ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა კავკასიის რეგიონში, პირველ რიგში, შეცვალა სწორედ ის, რომ აქ შემოვიდა ახალი ძლიერი მოთამაშე – თურქეთი.
თურქეთი, რომელსაც 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით მოუწია კავკასიიდან გასვლა, რეგიონში ზუსტად ასი წლის შემდეგ – 2020 წელს დაბრუნდა.
თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ხოლო ნატო არის ორგანიზაცია, რომლის წევრობისკენ მიისწრაფვის საქართველო. ის, რომ ასე ახლოს “შემოვიდა” რეგიონში, ეს რუსეთს აღელვებს, თურქეთის ფაქტორის გამო, რუსეთი შეშფოთებულია. საერთოდ, რუსეთი ანგარიშს უწევს ორად ორ სახელმწიფოს – ეს არის ჩინეთი და ეს არის თურქეთი. დედამიწის ზურგზე სხვას არავის არ უწევს ანგარიშს.
ამ დროს თურქეთი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ჩვენ საერთოდ არ ვიყენებთ ამ ფაქტორს. თურქეთი, როგორც ფაქტორი, საქართველოს მიერ სრულიად გამოუყენებელია.
▇ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არ იყენებს თურქეთის ფაქტორს სწორედ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.
რუსეთს ძალიან არ აწყობს ამ ორი ქვეყნის მეტად დაახლოება. საქართველოც, ასე ვთქვათ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს თურქეთთან ურთიერთობაში , რაც არის ძალიან უცნაური და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. როდესაც ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და არა პრორუსული, სწორედ ამ ნიუანსს ვგულისხმობ. დიდი განსხვავებაა რუსულ და პრორუსულ პოლიტიკას შორის.
თურქეთს, რომელიც ახალი მოთამაშეა კავკასიაში და ასევე არის შავ ზღვაზეც, სჭირდება ამ ორივე მიმართლებით გავლენების გაზრდა.
საქართველო არის კავკასიაშიც და შავ ზღვაზეც, ამიტომაც საქართველო, თუ შიძლება ითქვას, დღეს უნიკალური, ოქროს მოთამაშეა თურქეთისთვის. და ამ დროს ჩვენ ჩუმად ვართ. არამარტო თურქეთთან უსაფრთხოების კონტექსტში დამეგობრების ინტერესს არ ვავლენთ, არამედ პირიქით, ვქმნით ილუზიას, რომ საეჭვო სახელმწიფო ვართ და ჩვენი ნდობა არ შეიძლება. ჩვენი ბოლოდროინდელი თამაშები რუსეთთან და იგივე ჩინეთთან, წესით, სულაც არ უნდა მოსწონდეს თურქეთს.
ჩვენი ასეთი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა ძალიან უცნაურია. წესით, ჩვენ უნდა გვესარგებლა ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებით და ვყოფილიყავით წამყვანი ფიგურა.
▇ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ამ კონტექსტში ჩვენ საერთო უნდა გამოგვენახა თურქეთთან და თურქეთთან თანამშრომლობით გვეძებნა უსაფრთხოების გარანტიები.
ახლა, ოჩამჩირის პორტის კონტექსტიდან გამომდინარე, ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა. თბილისს უნდა გამოეყენებინა ეს სიტუაცია რათა საქართველოს კიდევ უფრო მეტად გაეფართოებინა უსაფრთხოების კონტექსტში თურქეთთან თანამშრომლობა.
აშკარაა, რომ რუსეთი სუსტდება და გავლენები აღარა აქვს სომხეთშიც კი. ამ ფონზე ბევრ რამეზეა დამოკიდებული, საქართველო როგორ მოახდენს თავისი კოორდინატების განლაგებას.
აზერბაიჯანი, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მაგალითი
ზურაბ ბატიაშვილი, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (GFSIS) მკვლევარი:
აზერბაიჯანი გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები ჰქონდა და რომელმაც აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მოხდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ანუ აზერბაიჯანმა ისარგებლა რუსეთის სისუსტით, რომელსაც არ შესწევს უნარი, რომ სამხედრო თვალსაზრისით ორი მიმართულებით იაქტიუროს და მოსკოვმა თვალი დახუჭა აზერბაიჯანის ქმედებებზე.
გარდა იმისა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებას და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას თავისთავად აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რეგიონისთვის არსებითია ისიც, რომ რუსეთის გავლენა ცალსახად მცირდება.
▇ რუსეთი რაც უფრო ჩაფლული იქნება უკრაინასთან ომში, მისი გავლენა კავკასიაზე მით უფრო შემცირდება.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის გავლენები სრულად აღმოიფხვრება.
მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვხედავთ თურქეთ-აზერბაიჯანის კოალიციის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საგარეო პოლიტიკაში ისინი მოქმედებენ პრინციპით – ერთი ერი, ორი სახელმწიფო. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ თურქეთის რეგიონში შემოსვლასაც და გაძლიერებასაც ხდება აზერბაიჯანის საშუალებით.
აზერბაიჯანი, ტერიტორიით თუ მოსახლეობის რაოდენობით, ყველაზე დიდი კავკასიური სახელმწიფოა და ამიტომაც აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებით, თურქეთი მთელ კავკასიაში ზრდის თავის გავლენას.
ყარაბაღის შემთხვევამ აჩვენა, რომ მართალია, აზერბაიჯანი არ იყო ნატოში გაწევრიანებული, მაგრამ მან შექმნა ძალიან კარგი კოალიცია თურქეთის, ისრაელის და პაკისტანის მონაწილეობით, რომელიც თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
ჩვენ რატომ არ შეიძლება, რომ მსგავსი რამ გავაკეთოთ, თუნდაც, ბრიტანეთის, პოლონეთისა და თურქეთის მონაწილეობით საქართველოს სასარგებლოდ? ეს ხომ ნამდვილად იქნებოდა ჩვენთვის გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტიები?
ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები და ამიტომ გვჭირდება ალტერნატიულ გზებზე ფიქრი, რომელიც დასავლურ ქვეყნებს მოიცავდა. ამ მიმართულებით ფიქრი და მუშობა ნამდვილად საჭიროა და სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ქვეყანა, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობს. მაგრამ რა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, როდესაც წლების განმავლობაში ქვეყანას არა აქვს არც უსაფრთხოების კონცეფცია და არა აქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი.
▇ ჩვენი ერთადერთი პოლიტიკაა რუსეთის არგაღიზიანების ყბადაღებული პოლიტიკა. ეს არის მთავარი, თითქოს სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩაყოფით პრობლემების აღმოფხვრა ხდებოდეს.
და კიდევ, თუ გავიხედავთ ირგვლივ, კიდევ ერთი გაკვეთილი, რტაც უნდა გამოვიტანოთ არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი და ეს სიძლიერე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები გაგვაჩნდეს, დაწყებული ჯარით, დამთავრებული დაზვერვით, საგარეო პოლიტიკით და ა.შ.
ამას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ვხედავთ, პირიქით, ჩირგვებში დამალულთა პოლიტიკას ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან.
ახალი ეკონომიკური კავშირების და შესაძლებლობების ფანჯარა
სერგი კაპანაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ილიაუნის პროფესორი:
ის, რაც მოხდა ყარაბაღთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რეგიონში ვითარებას ცვლის, რადგან ამ კონფლიქტებისთ სავსე რეგიონში რეალურად მშვიდობის შანსი გაჩნდა.
მთავარი პრობლემა, რომელიც აფერხებდა კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას, ურთიერთობებს და ა.შ. ავად თუ კარგად მოგვარდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა ბევრი ახალი შესაძლებლობა არა მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კონტექსტში, არამედ იმის გამოც, რომ ახალი კავშირების და ეკონომიკური კონტაქტების შესაძლებლობები გაჩნდა.
ანუ, ახლა შესაძლებელია მუშაობის დაწყება ახალ მარშრუტებზე, ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება, რაც ჩვენთვის საინტერესოა თუ სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულება, რაც თეორიულად ჩვენთვის ასევე შეიძლება საინტერესო იყოს.
▇ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ ნამდვილად დიდი შანსი გააჩინა, რომ ამ რეგიონში უფრო მეტი კავშირები დამყარდეს და ეკონომიკური კეთილდღეობა და უსაფრთხოება გაიზარდოს.
იცვლება რეგიონში რუსეთის როლიც. ერთი საკითხია, ამ ეტაპზე რა სტატუს-კვო არსებობს რუსეთის როლის კუთხით და მეორეა, რა პოტენციალი და პერსპექტივა აქვს რუსეთის რეგიონში დარჩენას.
ჯერ-ჯერობით რუსეთმა მოახერხა, რომ ამ კონფლიქტის მოლაპარაკებების ,თუ აქტიური ფაზის პროცესში ჩართულობა შეინარჩუნა. მათ შორის, თავისი სამშვიდობოებით, რომლებსაც დღეს რამდენად ქმედითი როლი აქვთ, ეს კიდეც საკითხავია. ფაქტია, რომ რუსეთის სამხედროების ფუნქცია აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული. ამ სამშვიდობოების წყალობით, რუსეთს ამ რეგიონში პოტენციური დარჩენის ბერკეტი აქვს და ეცდება, ეს ხელიდან არ გაუშვას.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თავად აზერბაიჯანი და სომხეთი რა პოზიციას დაიკავებენ რუსეთის როლის მიმართ. ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ სომხეთში აღარ უნდათ უფრო აქტიური და უფრო ჩართული რუსეთი სამხრეთ კავკასიაში. ეს გასაგებიც არის, იქიდან გამომდინარე, როგორც განვითარდა მოვლენები. სომხეთმა ჩათვალა, რომ რუსეთმა ის არ დაიცვა და თავისი მოვალეობა რაც ჰქონდა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ფარგლებში, არ შეასრულა.
აზერბაიჯანისთვისაც რუსეთის ჩართულობა და მონაწილეობა კარგი იყო აქამდე, მაგრამ მომავალში როგორი როლი ექნება რუსეთს, ამაზე აზერბაიჯანის პოზიცია ჯერ უცნობია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გაჩნდა იმის შანსი და პერსპექტივა, რომ რუსეთს იმაზე ნაკლები როლი ჰქონდეს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ეს რამდენად იქნება რეალიზებული, ამას ვნახავთ.
რაც შეეხება იმას, თუ ჩვენთვის ამ ყველაფრიდან რა არის საყურადღებო, რისი გათვალისწინება შეგვიძლია – გააჩნია, ვინ უყურებს და აანალიზებს ამ ყველაფერს და როგორ იყენებს ამ მაგალითს.
კერძოდ, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ზოგმა ისე გაიგო, რომ თურმე, კონფლიქტების ძალით მოგვარება არის შესაძლებელი. არ მგონია, რომ ყარაბაღის მოვლენებიდან საქართველოსთვის საუკეთესო გაკვეთილი ის არის, რომ კონფლიქტები ძალით უნდა მოვაგვაროთ. პირიქით,
▇ მთავარი გაკვეთილი აფხაზებისთვისაც, ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც უნდა იყოს ის, რომ ვიდრე მშვიდობას აქვს შანსი და შესაძლებელია, რომ კონფლიქტი მოლაპარაკების გზით მოგვარდეს, უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა და პირველ რიგში, ყარაბაღმა, მშვიდობიანი დარეგულირების შანსი ხელიდან გაუშვეს. აქედან გაკვეთილი ისაა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მერე.
ჩემი აზრით, ყარაბაღის კონფლიქტიდან სოხუმმაც და მოსკოვმაც ის დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ სჯობს, მშვიდობიანად მოაგვარონ, ვიდრე მუდმივად იყოს ომის განახლების საფრთხე.
ჩემი აზრით, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც მათ უნდა გამოიტანონ და რომელზეც ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვისაუბროთ.
რაც შეეხება თურქეთს და მის მზარდ როლს კავკასიაში – იმ შედეგის მიხედვით, როგორც დასრულდა ყარაბაღის ისტორია, თურქეთი აგამოვიდა გამარჯვებული და უფრო ძლიერი აზერბაიჯანთან ერთად. ეს უდავო ფაქტია. თურქეთმა თავისი პოზიციები და გავლენა გაზარდა სამხრეთ კავკასიაში.
თურქეთის მონაწილეობით სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და კონფლიქტის დარეგულირების საკითხში კიდევ უფრო შეიძლება, რომ თურქეთის როლი გაღრმავდეს. ანუ, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი ნამდვილად არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც საკითხები, რომელიც გასათვალისწინებელი იქნება და მარტივად ვერ უგულვებელვყოფთ, მათ შორის იგივე დღევანდელ ურთიერთობებს თურქულ სავაჭრო კომპანიებსა და აფხაზეთს შორის.
თურქეთის როლი კავკასიაში და საქართველო