ზურაბიშვილი: პრობლემატური საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, ასევე - აზერბაიჯანთან და სომხეთთან
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო დავაზე კომენტარი გააკეთა.
პრეზიდენტის აზრით, იმისთვის, რომ ქვეყანა შედგეს როგორც სახელმწიფო, მას უნდა ჰქონდეს აღიარებული საზღვრები, საქართველოს, კი, მისი თქმით, პრობლემატური საზღვრები აქვს არა მარტო კონფლიქტურ ზონებთან, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც.
____________________________________________________________________________
• უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს
• აქებს თუ აკრიტიკებს? რას ეუბნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას?
____________________________________________________________________________
” ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხთან” ინტერვიუში.
ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ერთობლივი კომისიები მუშაობენ, პროცესი შეჩერებულია.
“რატომ არ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი მეგობარ ქვეყნებს შორის გაუგებარია. ორივე პრეზიდენტის [სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების] მიერ თანხმობა იყო ოფიციალურად გაცემული, რომ საჭირო არის ჩვენმა კომისიებმა დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა, რაც ახლა ხდება და რაც აუცილებელია,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებათა პროცესისგან იგი საზღვართან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ელის.
„მოლაპარაკებების შედეგი იქნება ის საზღვარი, რომელზეც შევთანხმდებით. მე ვერ გეტყვით ახლა და არ იქნება სწორი, რომ ვთქვა, აქ უნდა გაიაროს თუ იქ [საზღვარმა]. მაგრამ ის, რომ ჩვენი სახელმწიფოსა და მომავლისთვის ეს არის აუცილებელი ეტაპი, ამაში ორი აზრი არ არის. ჩვენ უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო ბოლომდე. ეს მოითხოვს, რომ ჩვენი საზღვრები იყოს ჯერ გარკვეული, შემდეგ დაცული. პირიქით ვერ იქნება. ბევრ უსიამოვნებას მოიტანს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო საზღვრის რანგში მოიხსენია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი და “პრობლემური” უწოდა, ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა.
“ჩვენ მივეჩვიეთ სალომე ზურაბიშვილისგან ქვეყნისთვის საზიანო, მავნებლური და ხშირად, უბრალოდ ბრიყვული განცხადებების მოსმენას, რომელსაც მმართველი გუნდი ხშირად ხსნის ხოლმე მისი მხრიდან არასრულყოფილი ქართულით ან უბრალოდ კონტექსტის არცოდნით და უვნებელი სიბრიყვით. მაგრამ ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, არ ჯდება არაფერში,” – თქვა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ევროპული საქართველო კატეგორიულად მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად უარყოს საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება.
“სტრატეგიული პრობლემა, რომელიც ქვეყანას უქმნის საფრთხეს, არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება, თუ ქვეყნის მოღალატე არ ხარ, ნებისმიერ სხვა პრობლემასთან, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეზობელ, მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი, ” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.
ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიის შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია თბილისში 2020 წლის დასაწყისში.
კლდეებსა და გამოქვაბულებში გამოკვეთილი მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ქართული მხარე დავით გარეჯს უწოდებს, აზერბაიჯანული კი – ქეშიქჩიდაღს, პერიოდულად ხდება ხოლმე დაპირისპირებისა და ინციდენტების მიზეზი ამ ორ მეზობელ მეგობარ ქვეყანას შორის.
პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ზუსტად სამონასტრო კომპლექსზე გადის. საქართველო ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია. აზერბაიჯანს კი მიაჩნია, რომ კომპლექსი ალბანური კულტურის ნაწილია და არანაირი კავშირი საქართველოსთან არ გააჩნია.
ისტორიულ ძეგლთან დაკავშირებით, სიტუაცია ბოლოს 2019 წლის აპრილში გართულდა. მაშინ, ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაკეტეს კომპლექსთან მისასვლელი გზა, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს მდებარეობს.
არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ქართველი სასულიერო პირებიც კი ვერ მოხვდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში წმინდა ადგილებში. მაშინ, ქართველმა აქტივისტებმა აქციების სერია მოაწყვეს და საქმე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ინციდენტამდე მივიდა.
მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემაზე, ოფიციალურად თბილისსა და ბაქოს შორის, ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ ხელშესახები შედეგების გარეშე.