აზერბაიჯანში მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება ვადამდელ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭო საარჩევნო რეფორმის გატარებას მოითხოვს – სხვა შემთხვევაში, ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებას აგრძელებს.
სხვა ოპოზიციონერები და ექსპერტები, ამას უმეტესწილად სულელურ ქცევად და საკუთარი სისუსტის აღიარებად მიიჩნევენ.
• სამი წელიწადი ყარაბაღში მომხდარი აპრილის ომიდან? რა შეცვალა მან?
დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭო – არის გაერთიანება, სადაც (ინდივიდუალური წესით) აზერბაიჯანის მსხვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შედიან. მათი უარის გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“, რომელმაც თავის მზადყოფნის შესახებ უკვე განაცხადა.
რატომ ატარებენ აზერბაიჯანში ვადამდელ არჩევნებს
2019 წლის 28 ნოემბერს მმართველმა პარტიამ „ელი აზერბაიჯანმა“ პარლამენტის დათხოვნა შესთავაზა, რადგან ის პრეზიდენტის პოლიტიკას და მის მიერ გატარებულ რეფორმებს არ შეესაბამება.
ამავდროულად, პარლამენტში ადგილების უმრავლესობა სწორედ მმართველ პარტიას ეკუთვნის.
2 დეკემბერს დეპუტატებმა ეს საკითხი განიხილეს და პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართეს.
ეროვნული საბჭოს მიერ წაყენებული პირობები
1 დეკემბერს დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები „ მიზნად არა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, არამედ მომავალშიც ხელისუფლების ერთი ოჯახის [ალიევების ოჯახი – რედ.]ხელში კონცენტრაციას ისახავს“.
საბჭოს აზრით, ახლა ქვეყანაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ „ნამდვილი“ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ არც მასში მონაწილეობას აქვს აზრი.
ამიტომ, მათ ხელისუფლებას წაუყენეს პირობები, რომლებიც, მათი აზრით, არჩევნების გამჭვირველეობასა და დემოკრატიულობას უზრუნველყოფს.
კერძოდ კი:
• ხელისუფლების, ოპოზიციისა და კანდიდატების წარმომადგენელთა მონაწილეობით, თავიდან ჩამოყალიბდეს საარჩევნო კომისია;
• გაუქმდეს ხელოვნური შეფერხებები კანდიდატების რეგისტრაციისთვის;
• შეიქმნას ყველა კანდიდატისთვის აგიტაციის თანაბარი შესაძლებლობები;
• უზრუნველყოფილ იქნას შეკრების თავისუფლება ბაქოსა და რეგიონებში;
• დამკვირვებლებს უფლება მიეცეთ გააკონტროლონ ხმების დათვლა, გადაეცეთ მათ საარჩევნო უბნების ოქმების ასლები;
• დაიხვეწოს და უზრუნველყოფილ იქნას საჩივრების განხილვის პროცესის გამჭვირვალობა;
• გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
„პოლიტიკური იმპოტენცია“?
„საკუთარი იმპოტენციის აღიარების“ გარდა, ამას სხვას ვერაფერს დაარქმევ. იმის ნაცვლად, რომ თამაშიდან გავიდნენ, ჯობდა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და დარღვევები დაეფიქსირებინათ“, – ამბობს JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი.
„ამ ანტი-საარჩევნო აგიტაციის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია“, – მიაჩნია ისტორიკოს ალტაი გეიუშოვს.
ცნობილი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა ნაკლებად კატეგორიულად არის განწყობილი:
„არჩევნების ბოიკოტირებასაც და მასში მონაწილეობასაც შედეგი არ ექნება, თუკი ერთსაც გააკეთებ და მეორესაც. ანუ ბოიკოტს ეფექტი მაშინ ექნება, თუკი მას მთელი ოპოზიცია შეუერთდება“.