როგორ დაარტყა ცხინვალს რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის ზრდამ
გადასახადი რუსულ საქონელზე
რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელზე გადასახადების ზრდამ ცხინვალში დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ალან გაგლოევი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გადასახადები ამ კვირაში მოიხსნებოდა, ცოტას თუ სჯერა მისი დაპირებების.
- “სრული მარცხი” თუ “ყველაფერი გამოგვივა”? ალან გაგლოევის პირველი ორი წლის შეჯამება
- ფოსტალიონები ცხინვალში: „გადარჩენისთვის ვიბრძვით, სანამ ხელისუფლება დაპირებებით გვკვებავს“
2023 წლის 1 ოქტომბრიდან, რუსეთის მთავრობის განკარგულებით, რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის განაკვეთები შვიდ პროცენტამდე გაიზარდა.
ეს ასევე გავრცელდა სამხრეთ ოსეთში ექსპორტირებულ საქონელზე, თუმცა არ ეხებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის ფართო სპექტრს, როგორიცაა ხორცი და რძის პროდუქტები, ფქვილისა და მარცვლეულის მრეწველობის პროდუქტები, ჩვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტები და ა.შ.
თვენახევრის შემდეგ, ნოემბერში, ალან გაგლოევმა აცნობა რუსულ მხარეს რუსეთიდან შემოსული საქონლის პრობლემების შესახებ, მაგრამ წინსვლა ამ დრომდე არ არის.
იმავდროულად, უარყოფითმა შედეგებმაც არ დააყოვნა: მეწარმეებმა ზარალი ნახეს, იყო საქონლის დეფიციტი, ფასები გაიზარდა და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შესამჩნევად შემცირდა. საქონლის მფლობელები ჩივიან, რომ რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას მანქანები და ბარგი უფრო მკაცრად მოწმდება.
Telegram-არხები წერენ, რომ რუსეთიდან საქონლის ექსპორტის პროცედურაც გაცილებით გართულდა: ბევრი მანქანა მთლიანად განტვირთვას ექვემდებარება, რაც ნიშნავს დამატებით ხარჯებს მტვირთავებისთვის და მალფუჭებადი პროდუქტების დაკარგვის საფრთხეს. განტვირთვისა და შესამოწმებისთვის მათ რიგში დგომა ორი-სამი დღე უწევთ.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური კი აცხადებს, რომ პროდუქციის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის გავლისას არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.
ადგილობრივმა ბიზნესმენებმა, რომლებიც ფულს შოულობენ საკვებისა და წარმოებული საქონლის ყიდვა-გაყიდვით, წერილით მიმართეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ისინი მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, განეხილა საბაჟო გადასახადის გაუქმების შესაძლებლობა.
სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები შიშობენ, რომ სურსათის კრიზისი დაიწყება საკვების დეფიციტის, ძლიერი წვიმისა და რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის ჩაკეტვის ფონზე.
გასულ წლებში თოვლმა აიძულა სპეციალური სამსახურები რამდენიმე დღით დაეკეტათ გზა. ასეთ შემთხვევებში მაღაზიის თაროები ცარიელდება.
“ზოგადად, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა”, – ამბობს ეკონომისტი ვიაჩესლავ ძაბიევი. მის განმარტებით, ხალხის ცხოვრების დონეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ საბაჟო გადასახადების ზრდა, არამედ ის, რომ ცხინვალის რეგიონის ინდუსტრია ძირითადად წამგებიანია:
„მრეწველობაში მხოლოდ ტანსაცმლის ქარხანა, ღვინისა და არყის მრეწველობა და სამშენებლო მასალების ზოგიერთი სახეობა აჩვენებს დადებით დინამიკას. სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება სოფლის მოსახლეობის შემცირების გამო.
გაიზარდა მხოლოდ მარცვლეულის მოსავლიანობა, მაგრამ არ არსებობს მარცვლეულის ფქვილად და საკვებად გადამუშავების აღჭურვილობა. მცირდება პირუტყვის რაოდენობაც. გარდა ამისა, დიზელის საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ბევრი ფერმერი მეტ მარცვლეულს აღარ დათესავს.
ტურიზმის სექტორი განვითარებისკენ მიდის, რადგან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება და მათი მიღების ინფრასტრუქტურა უმჯობესდება“.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ძირითადი სოციალური მაჩვენებლების შედარებისას, ჯაბიევი მიდის დასკვნამდე, რომ სამხრეთ ოსეთში კეთილდღეობის დონე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მისი ჩრდილოელი „დის“. და ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდი გახდება საბაჟო გადასახადებისა და ბენზინის ფასების გაზრდის ფონზე.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო