საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. რას გულისხმობს დოკუმენტი
მიგრაციის შესახებ დოკუმენტი
საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოსა და გერმანიის შს მინისტრებმა, ვახტანგ გომელაურმა და ნენსი ფეზერმა მოაწერეს. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.
“გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების შანსი დაახლოებით 0.3 პროცენტია.” – განაცხადა ნენსი ფეზერმა ქართველ ჟურნალისტებთან.
“შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ”. – ნათქვამია საქართველოს შინაგან სამინისტროს განცხადებაში.
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
● ევროკომისიის ანგარიში: 2022 წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81 პროცენტით გაიზარდა
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები
რას გულისხმობს დოკუმენტი
გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში არალეგალური მიგრაციის მუდმივ შემცირებას ისახავს მიზნად.
უწყების ცნობით, ამ კუთხით საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლდოვის რესპუბლიკასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთანაც.
17 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტამდე ნენსი ფეზერმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით უფრო გაძლიერდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის შესაზღუდად. ამასთან, მინისტრის ცნობით, ხელშეკრულებით გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველებისთვის ახალი პერსპექტივები იქმნება.
“გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები სპეციალურად ფართოვდება, რათა ხელი შეუწყოს მესამე ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არასტაბილური სამუშაო ურთიერთობებიდან გასვლას. ამ მიზნით საქართველოსთან შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება”. – ნათქვამია გერმანიის შსს-ს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ქვეყნებს შორის გაძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაფართოებისთვისაც.
● სად შეგიძლიათ ჩასვლა ქართული პასპორტით? – ინტერაქტიური რუკა
საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია
ერთი თვის წინ გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა.
კანონმდებლების განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირებას ისახავს. უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიცირება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ უფრო სწრაფად განიხილება, რაც შესაძლებელს გახდის დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მთავარი კრიტერიუმი კი პოლიტიკური დევნის საფრთხის არარსებობაა.
ამასთან, 17 დეკემბერს გამოქვეყნდა ინტერვიუ გერმანელ კანონმდებელ იენს შპანთან, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ ყველა ახალი თავშესაფრის მაძიებელი, “რომელიც ევროკავშირში არალეგალურად ხვდება”, გააგზავნონ განაში, რუანდაში, ან აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან – საქართველოსა და მოლდოვაში.
შპანის განმარტებით, მათი მიზანია მესამე ქვეყნებთან “შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლტოლვილები გაივლიან თავშესაფრის მიღების პროცედურებს და შეეძლებათ იქ უსაფრთხოდ დარჩენა, თუ მათ დაცვას მიანიჭებენ”.
აღსანიშნავია, რომ გერმანია არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკის მომხრეა. 31 მაისს Politico წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი მოლდოველი მიგრანტების დაბრუნების ახალ სქემაზე კიშინიოვთან მოლაპარაკებებს იწყებდა. გამოცემის ინფორმაციითვე, სუნაკს უნდა გამოეცხადებინა საქართველოსთან მსგავსი შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებითაც.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81 პროცენტით გაიზარდა
● გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
● DW: გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა
● სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის